Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ კაკაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1967-1982წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ესთეტიკის განყოფილების გამგე; იკვლევდა ეთიკის, ესთეტიკის, დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის ძირეულ პრობლემებს; მისი ყველა გამოკვლევის ძირითადი მამოძრავებელია ადამიანის ბუნების რაობა და ბედი თანამედროვე სამყაროში; ამ საკითხების კვლევა დაიწყო ე. ჰუსერლის ფენომენოლოგიური ფილოსოფიის ღრმა ანალიზით, უჩვენა ამ მოძღვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე ადამიანის პრობლემის პოზიტიური ფილოსოფიური კვლევისათვის მისი გამოყენების შესაძლებლობანი. დამაჯერებლად გააკრიტიკა ობიექტივისტური და, საერთოდ, პოზიტივისტური თვალსაზრისი ადამიანის შესახებ, ნათელყო "ტექნიკური გაუცხოების" ბუნება. ეს საკითხი გაშუქებულია ნაშრომში «"ეგზისტენციალური კრიზისის" პრობლემა და – ე. ჰუსერლის "ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია"», რამაც ფართო გამოხმაურება პოვა. ადამიანს ავტორი მოიაზრებს როგორც თავისუფალ შემოქმედს და მოქმედ არსებას, რომელიც სწორედ ამის გამო პასუხისმგებელია იმ საზოგადოებისა და სამყაროს წინაშე, რომელშიც იგი ცხოვრობს; მისი მნიშვნელოვანი ნაშრომია "ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა" (1970; გამოქვეყნდა იაპონურ ენაზე 1971). მრავალრიცხოვან წერილებში, რომლებიც საკუთრივ ესთეტიკის ფენომენს ეხება, ის აყენებს თანამედროვე ადამიანის წინაშე მდგარ ცხოვრების საზრისის პრობლემას. მისი თარგმანები და მათი ანალიზი მკითხველს უჩვენებდა არა მარტო დასავლეთის კულტურის განვითარების რთულ პროცესს, არამედ სწორ მიმართულებასაც აძლევდა საკუთარი კულტურის სადღეისო პრობლემებში გასარკვევად და მისი შემდგომი განვითარების გზების ასარჩევად; უკანასკნელი ნარკვევები, ძირითადად, ბუნებისა და ადამიანის მიმართების პრობლემას ეძღვნება; მისთვის ადამიანი ერის ორგანული ნაწილია, ერი კი კავშირშია მშობლიურ მიწასთან – გარემოს დიდი როლი ენიჭება ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ფორმირების სპეციფიკაში; მისი აზრით, რეალური ადამიანის, როგორც კონკრეტულ ბუნებრივ გარემოსა და კონკრეტულ სოციალურ წყობაში ჩამოყალიბებული თავისუფალი არსების, მიუკერძოებელი ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ასაბუთებს სამყაროს შემეცნებისა და, საერთოდ, საკაცობრიო კულტურის წარმატებული განვითარებისათვის ეროვნულ ენათა და ეროვნულ კულტურათა მრავალფეროვნების აუცილებლობას; ავტორია ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, იაპონურ, პოლონურ ენებზე გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომისა. თანამედროვე დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის მკვლევარი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 472; poetry.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |