The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანეტა დადეშქელიანი

ანეტა დადეშქელიანი
ოფიციალური სახელი:ანნა დადიანი
სხვა სახელი:ანეტა დადიშქელიანი
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:1922  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ჯვარზენი, ჯგეგეს წმინდა გიორგის ეკლესია, წალენჯიხის რაიონი
კატეგორია:დიდგვაროვანი, მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჯვარი (ყოფილი ზუგდიდის მაზრა), წალენჯიხის რაიონი.

დაიბადა ალექსანდრე (ვამეხ) დადიანისა და მავრა (მატა) წერეთლის ოჯახში. დედით ადრე დაობლებული ანეტა როსტომ წერეთლის ოჯახში გაიზარდა, სადაც მის განათლებაზე ზრუნავდა ბიძა – აკაკი წერეთლი. აკაკის განსაკუთრებით უყვარდა ერთადერთი დისშვილი და სწორედ მისი დამსახურებით ანეტამ იმ დროისათვის საუკეთესო განათლება მიიღო. 1888 წელს ანეტა დაქორწინდა სვანეთის მთავართა შთამომავალზე, გიორგი (ჯანსოხ) დადეშქელიანზე (1858-1921). მათი ოჯახი პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, იმის მიხედვით, თუ სად მსახურობდა გიორგი დადეშქელიანი. ანეტა დადეშქელიანის ლექსები იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში ("ივერია", "ჯეჯილი"). ქართველ საზოგადოებაში განსაკუთრებით ცნობილი იყო მისი ლექსი "გაზაფხული". ანეტა და გიორგი დადეშქელიანები დიდხანს ცდილობდნენ სვანეთში სკოლის გახსნას. იგი მხარში ედგა მაზლს, თათარყანს, ადგილობრივი სკოლის შექმნის, მასწავლებელებზე ზრუნვის, მოსახლეობაში წერა-კითხვის გავრცელების საქმეში. მათ 1899 წელს ეცერში გახსნეს სკოლა. მის გახსნაში დიდი წვლილი შეიტანეს მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების მისიონერ-ინსპექტორებმა მამინაიშვილებმა. 1901 წელს ეცერის სკოლა ორკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა. ანეტა დადეშქელიანს, თავის ოჯახთან ერთად, ადგილობრივი თემის (ეცერი, ჯვარი) სოციალური თუ კულტურული ცხოვრების განვითარებასა და საზოგადოების მოდერნიზაციის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. იგი მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და თავადაც მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროცესში. ანეტა დადეშქელიანმა თავისი ქონების ნაწილი გადასცა სოფელ ჯვარის წმინდა გიორგის ეკლესიას. ქველმოქმედი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.110; სამხრეთ კავკასია - ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.orgka.rodovid.org


გააზიარე: