The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე დადვაძე

პავლე დადვაძე
სხვა სახელი:დონ  (ფსევდონიმი)
პ. თედოსშვილი  (ფსევდონიმი)
პარ-დონი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1938  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სათავადაზნაურო გიმნაზია, გიმნაზიის მაშინდელი ინსპექტორის, ექვთიმე თაყაიშვილის დახმარებით განთავისუფლებული იყო სწავლის გადასახადისაგან. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1906 წელს მუშაობდა სოფლის მასწავლებლად, როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (ზუბალაშვილების) სტიპენდიანტი, გაიგზავნა ოდესის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა ისტორიულ-ფილოლოგიური და ეკონომიკის ფაკულტეტები.

პავლე დადვაძის მოთხრობები, ფელეტონები და თარგმანები იბეჭდებოდა "ცნობის ფურცელში" (1905-1908), განახლებულ "ივერიაში". თარგმნიდა ევროპელი მწერლების ნაწარმოებებს, არალეგალურ ლიტერატურას; წერდა რეცენზია-მიმოხილვებს მწერლობის შესახებ, წერილებს და კორესპონდენციებს თეატრის, ხელოვნების, კოოპერაციის, სოფლის მეურნეობის და ზოგადად იმდროინდელ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე; თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასთან" და "ჩვენ საქმესთან", ჟურნალ "თეატრი და ცხოვრებასთან". 1905 წლის 29 აგვისტოს ქალაქის საბჭოში მომხდარი შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა. რუსეთში სწავლის დროს, გენერალ ტოლმაჩევის განკარგულებით, ლიტერატურული საქმიანობის გამო დაპატიმრებული იყო, ამავე მიზეზით ოდესიდანაც იქნა გასახლებული. პროფესიული ჟურნალისტობა დაიწყო 1909 წელს ოდესის ლიბერალურ პრესაში. 1910 წელს, გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება ლევ ტოლსტოის საიუბილეო დღეების აღნიშვნასთან დაკავშირებით, რის გამოც დააპატიმრეს. 1922 წლიდან იყო გაზეთ "Заря Востока"-ს მუდმივი თანამშრომელი, სადაც სხვადასხვა დროს განაგებდა ეკონომიკურ სექტორს, ღამის რედაქციას, საბჭოთა ამიერკავკასიის რედაქციას; იყო რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი; როგორც ლექტორი მუშაობდა კომუნისტურ უნივერსიტეტში გაზეთის მუშაკთა მოსამზადებელ განყოფილებაში. თარგმნა ოსკარ უაილდის "სალომეა"; კნუტ ჰამსუნის "პანი", "ვიქტორია"; ჰაუპტმანის "პანელე", "მარტოსულნი"; მარქსის "სამოქალაქო ომი საფრანგეთში"; გ. დ' ანუნციოს "ჯოკონდა". 1921 წელს დაინიშნა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად. კოტე მარჯანიშვილთან ერთად დააარსა რუსული თეატრი. 1934 წელს გაზეთ "Заря Востока"-ს რედაქციაში გადაუხადეს მოღვაწეობის 25 წლის იუბილე, მთავრობამ დააჯილდოვა საპატიო სიგელით. დახვრიტეს 1938 წელს. რეპრესირებული. პეტრე დადვაძის ძმა. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.790; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge


გააზიარე: