The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პორფილე გურგენიძე

დაბადების თარიღი:სექტემბერი, 1875  (149 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აბანოეთი, ამბროლაურის რაიონი.

1889 წლამდე მისდევდა სოფლის მეურნეობას, 1890-1896წწ. თბილისში ცხოვრების პერიოდში დაკავებული იყო სხვადასხვა დაქირავებული სამუშაოს შესრულებით და შინამოსამსახურეობით. 1896-1900წწ. სამხედრო სამსახურშია; 1900-1902წწ. მუშაობდა თბილისისა და ქუთაისის ქარხნებში მუშად; 1902-1903წწ. ინჟინერ მიხაილოვსკისთან მსახურობდა დარაჯად. 1902 წლიდან გაეცნო და დაუახლოვდა რევოლუციონერებს, 1903 წელს გახდა იმერეთ-სამეგრელოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი. ოზურგეთის მაზრის უფროსის, ვანო ჯაფარიძის განკარგულებით (ამავე დროს იმერეთ-სამეგრელოს სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტთან შეთანხმებით), გურიის გლეხთა აგრარული მოძრაობის უკეთ გაცნობის მიზნით, დაინიშნა სოფელ ხვარბეთის მამასახლისად. იგი სათავეში ჩაუდგა მემამულეთა წინააღმდეგ მოძრაობას. 1905 წელს გლეხებმა პრესაში გამოაქვეყნეს სამადლობელი წერილი პორფილე გურგენიძისადმი, რაც მისი დევნის მიზეზი გახდა. სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის დახმარებით გურიიდან ქუთაისში გაიქცა და შემდეგ პარტიის დავალებით რაჭაში გაიგზავნა. 1905 წელს მან სხვა შეიარაღებულ რევოლუციონერებთან ერთად ბოლშევიკური ორგანიზაციის დავალებით, პროკლამაციების დაბეჭდვის მიზნით, ქუთაისში მოაწყო თავდასხმა "ფერაძის სტამბაზე". 1905 წლის ივნისში, როგორც რაჭა-ლეჩხუმის წარმომადგენელი დაესწრო ქუთაისის მახლობლად ტყეში ჩატარებულ ბოლშევიკთა საიდუმლო კონფერენციას (თავნჯდომარეობდა მიხა ცხაკაია), მას დაევალა იარაღის შოვნა წითელი რაზმების შესაიარაღებლად. 1905 წლის დეკემბერში პორფილე გურგენიძე რაზმის ხელმძღვანელად და სამხედრო შტაბის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1906 წელს გენერალ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის დროს მისი სახლ-კარი სოფელ აბანოეთში მთლიანად გადაწვეს. 1906 წლის ბოლოს პორფილე გურგენიძემ თავის ჯგუფთან ერთად ექსპროპრიაციით სახელმწიფო პალატიდან გაიტანა 15 000 მანეთი. 1907 წლის ივნისში მონაწილეობდა თბილისში, ერევნის მოედნის ექსპროპრიაციაში. ჟანდარმერიამ კისლოვოდსკში დაიჭირა, კამერიდან გაქცევა მოახერხა და 1908 წელს თბილისში ჩამოვიდა, ქუთაისსა და თბილისში ცხოვრობდა არალეგალურად. 1910 წელს ისევ დააკავეს, გადაასახლეს ურალში, განთავისუფლა 1917 წლის რევოლუციის დროს. 1917 წელს სარაპულში (ქალაქი რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში) იყო მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა სამხედრო-რევოლუციური შტაბის თავმჯდომარის მოადგილე, ამავე დროს იყო ტაშკენტის კომენდანტიც. 1918 წელს შეიპყრეს და ჩელიაბინსკის გუბერნიაში გაგზავნეს, საიდანაც გაიპარა, ისევ სარაპულში ჩავიდა და სვერდლოვსკის (ეკატერინებურგის) რაზმში ჩაირიცხა, იბრძოდა კოლჩაკის წინააღმდეგ. 1918 წელს ისევ დაიჭირეს დ 1919 წელს ჯერ ირკუტსკის გუბერნიაში გადაასახლეს, შემდეგ შორეულ აღმოსავლეთში (ვლადივოსტოკი და ხარბინი). გაქცევის შემდეგ თავი შეაფარა ქართველ ვაჭარ გოგლიძეს; მუშაობდა ჩქაროსნული მატარებლის (ვლადივოსტოკსა და ომსკს შორის) ბუფეტში. შემდეგ მონაწილეობა მიიღო კრასნოიარსკის გარნიზონის აჯანყებაში; 1920 წელს დაინიშნა კრასნოიარსკის გემოკვების თავმჯდომარედ. 1920-1928წწ. ჩინეთის კომუნისტური ორგანიზაციის განკარგულებით მსახურობდა ჩრდილოეთ მანჯურიაში, ქალაქ ხარბინის სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. ცნობილი იყო, როგორც დიდი კონსპიროლოგი. კონსპირაციული მიზნით 1906-1917წწ. ატარებდა სხვადასხვა სახელს: გრიგოლ მოწონელიძე, მიხეილ ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ მხეიძე. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, ორგანიზატორი; ქუთაისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის წევრი, 1905-1906წწ. რაჭა-ლეჩხუმის წითელი რაზმის მეთაური და სამხედრო-ტექნიკური კომისიის წევრი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.777


გააზიარე: