შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ალშიბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც სემინარიელთა ამბოხებაში მონაწილეობის გამო 1893 წელს გარიცხეს. ერთი წლის შემდეგ იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის შუამდგომლობით ჩაირიცხა ქ. ნოვოჩერკასკის სასულიერო სემინარიაში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, სახელმწიფო ხარჯზე მიიღეს კიევის სასულიერო აკადემიაში; სწავლა გააგრძელა ესტონეთის ქ. იურიევის (დერპტი, ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო სტუდენტი, თავის ძმასთან გიორგი ალშიბაიასთან ერთად გარიცხეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. 1895 წლიდან პრესაში აქვეყნებდა წერილებს შავი ზღვის სანაპიროზე რკინიგზის გაყვანის, ერობის (საქალაქო თვითმმართველობა) შემოღების და სხვადასხვა საკითხზე. 1904-1905წწ. იყო რუსეთის სტუდენტთა მოძრაობის საგაფიცვო ბიუროს თავმჯდომარე. სამეგრელოში ჩამოაყალიბა სოციალ-ფედერალისტთა ორგანიზაცია, რომლის არალეგალური სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარეც იყო; აწყობდა კრებებსა და მიტინგებს, რევოლუციურ გამოსვლებს, გამოდიოდა მთავრობის წინააღმდეგ. 1904-1905წწ. მეფის მთავრობის მოხელეთა მიერ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული აფხაზები და მეგრელები შეარიგა და ძმობაზე დააფიცა. გურია-სამეგრელოს სამღვდელოების ყრილობის დროს, ვასილ ალშიბაიას მამას, როგორც ბლაღოჩინს, მოთხოვეს საღვთო წერილის მეგრულად გადათარგმნის შესახებ აზრის გამოთქმა, რაზეც ვასილ ალშიბაიამ მამას დაუწერა, რომ საღვთო წერილის თარგმნა მეგრულ ენაზე ტექნიკურად შეუძლებელი იყო და რომც ეთარგმნათ, მორწმუნე ადამიანი მისი მოსმენის შემდეგ ეკლესიაში აღარ შევიდოდა. ეს აზრი სამღვდელოებამ გაიზიარა და სინოდსაც მოახსენა, რის შემდეგაც ქართველთა დაშლა-დანაწილებისა და გათიშვის ეს გეგმა ჩაიშალა. ვასილ ალშიბაიას უშუალო ჩარევით (ზუგდიდში გამართულ თავადაზნაურთა ყრილობას სიტყვით მიმართა; "ცნობის ფურცელი", 1905, №2751), არ მოხერხდა გლეხთა წინააღმდეგ მებრძოლი რაზმის შექმნა. ზუგდიდის მაზრაში გენერალ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის უფროსის, პოლკოვნიკ ხოდზინსკის მიერ დარბეული იქნა ვასილ ალშიბაიას სახლი სოფელ ჭკადუაშში. იგი დახვრიტეს საკუთარ ეზოში. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე, სოციალ-ფედერალისტთა ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. გიორგი ალშიბაიას ძმა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.124
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |