The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოსტა ხეთაგუროვი

კოსტა ხეთაგუროვი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ხეთაგუროვი
სხვა სახელი:კოსტა ხეთაგათი
კოსტა ხეთაგური
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1859
გარდაცვ. თარიღი:1 აპრილი, 1906  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, მხატვარი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნარი, თერგის ოლქი, ჩრდილოეთ ოსეთი.

1871-1881წწ. სწავლობდა სტავროპოლის ვაჟთა გიმნაზიაში; 1881-1885წწ. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში; უსახსრობის გამო მიატოვა სწავლა, დაბრუნდა ოსეთში და როგორც პოეტი და მხატვარი შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას; გახდა ოსი ხალხის აღიარებული ტრიბუნი და ბელადი ცარიზმის წინააღმდეგ მიმართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში; 1891-1896 და 1899-1902 წლებში ორჯერ იყო გადასახლებული; 1903 წელს მძიმედ დაავადდა და ვეღარ დაუბრუნდა შემოქმედებითსა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას; წერდა ოსურ და რუსულ ენებზე ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, სტატიებს; იმის გამო, რომ ოსურ ენაზე ბეჭდვითი ორგანო არ არსებობდა, მისი ლექსები ზეპირად ვრცელდებოდა - ხალხი სწავლობდა და მღეროდა; რუსულ ენაზე დაწერილი მისი თხზულებები ქვეყნდებოდა გაზეთებში "სევერნი კავკაზი" (სტავროპოლი), რომლის თანამშრომელი და ფაქტობრივი რედაქტორიც თავად იყო (1893-1902), და "კაზბეკი" (ვლადიკავკაზი); 1895 წელს სტავროპოლში გამოვიდა რუსულ ენაზე დაწერილი მისი "ლექსები", 1889 წელს კი - ვლადიკავკაზში ოსურ ენაზე დაწერილი თხზულებათა კრებული "ირონ ფანდირი" ("ოსური ლირა"). ხეთაგუროვის პოემების ("ყუბადი", 1889; "მწყემსად", "ფატიმა", 1889; "სასაფლაოზე" და სხვ.) გმირები ოსი ხალხის საუკეთესო თვისებებით არიან დაჯილდოებული, მაგრამ მის მხატვრული გალერეის ძირითადი სახეა ლირიკული გმირი, თვით პოეტი - "მომავლის ადამიანი" (ა. ფადეევი), რომელშიც ღრმად იხსნება მისი შინაგანი სამყარო. ხეთაგუროვმა ოსურ ლიტერატურაში დაამკვიდრა რეალიზმის პრინციპები. სინამდვილის მაღალმხატვრული ასახვით ოსურ პოეზიას ზოგადსაკაცობრიო ჟღერადობა შესძინა. მისი შემოქმედების ძირითადი თვისება ნოვატორობაა, რაც მჟღავნდება მისსავე მსოფლომხედველობაში, შემოქმედების ფორმასა და შინაარსში, თემატიკასა და პრობლემატიკაში, სოციალურ-იდეოლოგიურ და ზნეობრივ იდეალებში. ხეთაგუროვი ხალხთა შორის ძმობისა და მეგობრობის დიდი ქომაგი იყო. დაწერილი აქვს ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, პ. ჩაიკოვსკის და სხვ. რუსი მოღვაწეებისადმი მიძღვნილი ლექსები. განსაკუთრებით მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართველ ხალხთან. პირადად იცნობდა ა. ყაზბეგს, მ. ყიფიანს, დ. არაყიშვილის, ი. იმედაშვილსა და სხვ. ქართველ მოღვაწის, მ. ყიფიანის სიკვდილთნ დაკავშირებით 1891 წელს დაწერილი მისი ლექსები ხეთაგუროვის პოეზიის შედევრებია. 1899 და 1902 წლებში იყო თბილისში. სწავლობდა ქართულ ენას, უყვარდა ქართული ხალხური მუსიკა. "ოსური ლირის" ერთ-ერთ ხელნაწერზე მისი ხელით მიწერილია ქართულად: "ცოტა სინათლე მოუშვი". დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხეთაგუროვის ფერწერუილ ტილოები, არაერთხელ მოეწყო მათი გამოფენა ვლადიკავკაზსა და სხვა ქალაქებში. 1887 წელს შექმნა საქართველოს განმანათლებლის წმ. ნინოს პორტრეტი, რასაც აღფრთოვანებით გამოეხმაურა ქართული პრესა. ხეთაგუროვის თხზულებები თარგმნილია ყოფილი სსრკ-ს ხალხთა და უცხოურ ენებზე. მისი თხზულებები რამდენჯერმე (უფრო სრულად 1939 და 1959 წლებში) გამოიცა ქართულ ენაზე თბილისსა და ცხინვალში. არა ერთმა ქართველმა ავტორმა (ი. აბაშიძე, ბ. ჟღენტი, ა. მირცხულავა, შ. გოზალიშვილი, ს. ჭილაია, ტ. სარიშვილი, ა. ცოტნიაშვილი და სხვ.) მიუძღვნა წერილები და გამოკვლევები მის შემოქმედებას. ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-სა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში დაწესებულია კ. ხეთაგუროვის სახელობის პრემიები. ოსი პოეტი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ოსური ლიტერატურის ფუძემდებელი. თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.452-453

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: