The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელანია ვოლ-ლევიცკა

მელანია ვოლ-ლევიცკა
ოფიციალური სახელი:მელანია ვოლი
სხვა სახელი:ამელია ვოლი
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1885
გარდაცვ. თარიღი:7 დეკემბერი, 1937  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვარშავა, პოლონეთი.

მუსიკალური განათლება მიიღო გერმანიაში პროფესორ ფონ-ცურ-მიულენშენაუსთან, ვარშავის მარია სობოლევსკას კერძო მუსიკალურ სკოლასა და ლონდონში.

1908 წელს კონცერტებით გამოდიოდა ბერლინის ზინგაკადემიაში და ვარშავის ფილარმონიის სცენაზე. 1910 წლის 5 მაისს შედგა მელანია ვოლის დებიუტი, შეასრულა "ჰრაბინას" სატიტულო არია სტანისლავ მონიუშკოს ამავე სახელწოდების ოპერაში. 1912 წელს მელანია ვოლმა ჯვარი დაიწერა ვარშავის ოპერის რეჟისორზე ნიკოლაი სტეფან ლევიცკიზე. 1915 წელს პოლონელი მომღერალი თბილისის ოპერის იმპრესარიოს მოწვევით თბილისში ჩამოვიდა, მისი მეუღლე - პროფესორი ნიკოლაი ლევიცკი კი თბილისის კონსერვატორიაში ვოკალს ასწავლიდა. 1916  წლის იანვარში გაიმართა მომღერლის ბენეფისი თბილისის ოპერის სცენაზე. მელანია ვოლ-ლევიცკა იყო ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი ეთერის პარტიისა ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში "აბესალომ და ეთერი". მიუხედავად იმისა, რომ მან ქართული ენა არ იცოდა, დაიზეპირა ყველა არია ქართულად, რითაც პუბლიკა აღფრთოვანებული დარჩა. მელანიამ იმ დროისათვის თბილისის ოპერაში თითქმის ყველა მთავარი პარტია იმღერა და ნამდვილ პრიმადონად იქცა, რასაც ადასტურებს მაშინდელი პერიოდული გამოცემები და საოჯახო არქივში შენახული მასალა. მისი გვარი ყველგან მოხსენიებულია რუსული სტილით ლევიცკაია. იგი ძალიან მალე ინტეგრირდა ქართულ საზოგადოებაში. მაშინდელი პერიოდული გამოცემებიდან ირკვევა, რომ იგი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მონაწილეობდა  სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელსაც ქართველი ხელოვანები აწყობდნენ მოსწავლეებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად. მისი რეპერტუარი მოიცავდა 35 საოპერო არიას: მანონ ლესკო (ჟიულ მასნეს "მანონი"), ევა (რიჰარდ ვაგნერი "ნიურნბერგელი მომღერლები"), ანტონია (ჟაკ ოფენბახის "ჰოფმანის ზღაპრები"), ელზა (რიჰარდ ვაგნერის "ლოენგრინი"), ტატიანა (პეტრე ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ჩესნიკოვა (სტანისლავ მონიუშკოს "საშინელი ვილა"), ჩიო-ჩიო-სანი (ჯაკომო პუჩინის "მადამ ბატერფლაი"), მიმი (ჯაკომო პუჩინის "ბოჰემა") და სხვ. 1920-იანი წლების დასაწყისში მელანია ვოლი-ლევიცკა დაშორდა მეუღლეს ნიკოლაი ლევიცკის და 1921 წელს ცოლად გაჰყვა ქართველ მეცნიერს, მიკრობიოლოგ გიორგი ელიავას. მელანია ვოლ-ლევიცკა საბჭოთა "დიდი ტერორის" პერიოდში მიუღებელი ფიგურა აღმოჩნდა. 1937 წლის 22 იანვარს მელანია ვოლ-ლევიცკა მეუღლესთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. დახვრიტეს 1937 წლის 7 დეკემბერს. 1957 წლის აგვისტოში მელანია ვოლ-ლევიცკა მის საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო რეაბილიტირებულ იქნა.                            

წყარო: სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org


გააზიარე: