The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პოლიკარპე ხუბულავა

პოლიკარპე ხუბულავა
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1924
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 2015  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ჯიხაშკარი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაშკარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. 
დაწყებითი განათლება ჯიხაშკარის სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა დაასრულა სოფელ ყულიშკარის საშუალო სკოლაში.

ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას თავისი რამდენიმე თანატოლისაგან პატარა ანსამბლი ჩამოაყალიბა; მასწავლებლებს მოეწონათ პოლიკარპეს წამოწყება და ურჩიეს, ანსამბლის წევრთა რაოდენობა გაეზარდა. ეს იყო პირველი გუნდი მისი ხელმძღვანელობით; სკოლის დამთავრების შემდეგ, 1944, ჯარში გაიწვიეს – ბათუმის ქართულ დივიზიაში მსახურობდა; აქ იგი შერმადინ ჭკუასელის ანსამბლში მღეროდა, მალე შერმადინი სხვაგან გადავიდა და თავისი გუნდი პოლიკარპეს დაუტოვა; 1949 წელს ბათუმიდან დაბრუნდა და სოფელ ყულიშკარის კლუბის გამგედ დაიწყო მუშაობა; 1954 წელს ახლადგახსნილ ჯიხაშკარის კლუბში გადავიდა; პარალელურად ხელმძღვანელობდა ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და გალის გუნდებს; მისი მოღვაწეობა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ზუგდიდის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ "ოდოიასთან". ანსამბლს არაერთხელ უმოგზაურია საკონცერტო ტურნით უცხოეთში, კერძოდ ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, საფრანგეთში; 80-იანი წლების ბოლოს საქართველოს რადიოს პირველმა არხმა (ფოლკლორისტი, ხმის რეჟისორი ნუკრი ჟორდანია, ფოლკლორისტი ნუნუკა შველიძე) პოლიკარპე ხუბულავას გუნდების საარქივო ჩანაწერები მოამზადა. მის შემოქმედებას საგანგებო გადაცემა მიუძღვნა ანზორ ერქომაიშვილმა. 1979-1987 წწ. ის რამდენიმეჯერ გამოვიდა ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ორგანიზებულ ფოლკლორულ საღამოებზე; 1986 წელს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის მიერ მომზადებული გადაცემა "ერთი სოფლის თვითმოქმედება - სოფელი ჯიხაშკარი" მიეძღვნა პოლიკარპე ხუბულავას გუნდსა და სოფლის ქორეოგრაფიულ ანსამბლს; 2001 წელს მიწვეული იყო საფრანგეთში და ქართული ხალხური სიმღერის მასტერკლასები ჩაატარა ანსამბლ "მარანთან"; 2003 წელს გამოვიდა სამი კომპაქტ დისკისაგან შემდგარი ალბომი "შევისწავლოთ ქართული ხალხური სიმღერა" ანსამბლ "ოდოიას" შესრულებით; 2005 წელს გამოქვეყნდა ოთხდისკიანი სანოტო კრებული, მასში მეგრული სასიმღერო ფოლკლორის 24 მარგალიტია წარმოდგენილი; იუნესკოს მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრისა და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის სამწლიანი (2002-2005) პროექტის ფარგლებში პოლიკარპე ხუბულავა ლია სალაყაიასთან (სიონის სამრევლო სკოლის დირექტორი) ერთად ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ლოტბართა სკოლას; 2005 წელს საგანგებოდ შერჩეულ, ოთხმოც წელს გადაცილებულ ექვს ქართველ მომღერალთან ერთად მონაწილეობა მიიღო იაპონიაში გამართულ ადამიანის ჯანმრთელობისა და აქტიური დღეგრძელობისადმი მიძღვნილ გერონტოლოგიურ ფორუმში. რამდენიმე წლის შემდეგ ქართულ-იაპონური დღეების ფარგლებში კვლავ ესტუმრა იაპონიას; 2007 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ზუგდიდში, ანსამბლ "ოდოიასგან" ოცი სასიმღერო ნიმუში ჩაწერა; 2013 წლის ნოემბერში ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის გმირი" პოლიკარპე ხუბულავას მიეძღვნა; ამავე წელს, ხობის VII საერთაშორისო ფესტივალისათვის, პოლიკარპე ხუბულავას ანსამბლის კიდევ ერთი ჩანაწერი გამოიცა; 2008 წლის 26 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა პოლიკარპე ხუბულავას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში შემოქმედებითი საღამო მოუწყო; 2014 წლის 4 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, გაიმართა ღვაწლმოსილი ლოტბარისა და მომღერლის 90 წლის საიუბილეო საღამო და მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი; 2015 წელს ფონდმა "ქართულმა გალობამ" სერიიდან "ქართული სიმღერის მოამაგები" გამოსცა მონოგრაფია "პოლიკარპე ხუბულავა", ავტორი ნინო კალანდაძე-მახარაძე. გამოცემას დართული აქვს კომპაქტდისკი, სადაც ჩაწერილია პოლიკარპე ხუბალავას, მისი ანსამბლების "ჩელასა" და "ოდოიას" მიერ შესრულებული სიმღერები და საგალობლები. მონოგრაფია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში დაჯილდოვდა პრემიით, როგორც 2015 წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი. არის ფონდი "ქართული გალობის" პრემიის და ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის (2005-2006) ლაურეატი, მიღებული აქვს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - "ხელოვნების ქურუმი". ლოტბარი.

წყარო: პოლიკარპე ხუბულავა : ქართული სიმღერის მოამაგენი : წ.III / ნინო კალანდაძე-მახარაძე.-თბ.,2015 (ელ. ვერსია folk.gov.ge); წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.177

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ხალხური სიმღერების შეგროვების, აღდგენისა და მისი პოპულარეიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის
  • წმინდა გიორგის ორდენი

გააზიარე: