შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალოდია სულაქველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ვალოდია სულაქველიძე საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო; მან ადმინისტრაციაში სამსახური დაიწყო ქუთაისის მილიციის უფროსის თანამდებობიდან და შემდგომ თბილისის მილიციის უფროსად გადაიყვანეს სამაგალითო სამსახურისთვის; რამდენიმე კვირაში ქუთაისი სრულად გაწმინდა ყველა საეჭვო პირისგან და სანიმუშო წესრიგი დაამყარა; მისი ქუთაისის მილიციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 1918 წლის დეკემბერში, სომხეთის რესპუბლიკამ საქართველოს ომი გამოუცხადა. საომარი მდგომარეობის პირობებში, სულაქველიძის ძალისხმევით ქუთაისში, ქალაქის სომხური მოსახლეობის დარბევისა და შურისძიების მცდელობაც არ ყოფილა, რაც მის მაღალ სამოქალაქო შეგნებაზე მეტყველებს; ამ პერიოდში თბილისის მილიცია სხვადასხა მიზეზთა გამო წესრიგის დაცვას თავს ვერ ართმევდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა გადაწყვიტა, თბილისის მილიციის უფროსად ქალაქის თვითმმართველობისთვის ვლადიმერ სულაქველიძის კანდიდატურა შეეთავაზებინა და 1919 წლის აპრილის დასაწყისში ის სპეციალური ბრძანებით თბილისში მიიწვია; ქუთაისის ქალაქის საბჭომ შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, რომ ვლადიმერ სულაქველიძე ქუთაისში დაეტოვებინათ, მაგრამ შსს-მ მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 14 აპრილს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქუთაისის ქალაქის თავმა დიმიტრი კალანდარიშვილმა სპეციალური მადლობა გამოუცხადა უკვე ყოფილ მილიციის უფროსს. ქალაქის საბჭოს წევრებმა, სოციალ-დემოკრატიული, ეროვნულ-დემოკრატიული და სოციალ-ფედერალისტების პარტიის წარმომადგენლებმა, სიტყვით მიმართეს სულაქველიძეს და თავდადებული მუშაობისთვის მადლობა გამოუცხადეს; 1919 წლის მაისიდან ვლადიმერ სულაქველიძე თბილისში იყო და ქალაქის მილიციის რეორგანიზებას ენერგიულად შეუდგა; ორი კვირის განმავლობაში მან მთლიანად გადასინჯა შტატები და ის მილიციელები, ვინც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ ან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში იყვნენ შემჩნეული, დაითხოვა. თბილისში ქუჩების განათება სუსტად იყო ორგანიზებული. სულაქველიძის მეცადინეობით მცირე ხანში ქუჩის განათება სრულად აღადგა. ასევე მან დაავალდებულა მოსახლეობა, ღამით სადარბაზოები და ეზოები დაეკეტათ. ამ ღონისძიებებმა საგრძნობლად შეამსუბუქა კრიმინალური მდგომარეობა და მილიციას დანაშაულთან ბრძოლა გაუადვილა. მისივე დავალებით აიკრძალა დანაშაულში ეჭვმიტანილთა სახლების ღამით ჩხრეკა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და მილიციელებს სასტიკად აეკრძალათ სადარაჯოებზე მათრახით დგომა. ვლადიმერ სულაქველიძემ მთავრობის იმედი გაამართლა. ისევე როგორც ქუთაისში, თბილისშიც მნიშვნელოვნად შეიცვალა მდგომარეობა წესრიგის დამყარების თვალსაზრისით, რისთვისაც სულაქველიძემ მთავრობისგან კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა; 1919 წლის ზაფხულში საქართველოს რკინიგზის სისტემა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. სარკინიგზო მილიცია, რომელსაც რკინიგზის დაცვა და უსაფრთხოება ევალებოდა, გახშირებული თავდასხმების წინაშე უძლური აღმოჩნდა. მთავრობა არჩევანის წინაშე დადგა - ან სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით მოეგვარებინა პრობლემა, ან ანარქიისთვის დაეხარა თავი. საჭირო იყო ადამიანი, რომელსაც კრიმინალთან ბრძოლის გამოცდილება ექნებოდა; 1919 წლის 18 სექტემბერს დროებით გენერალ-გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა პორუჩიკი ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძე, მილიციის უფროსის თანამდებობაზე დატოვებით; ის ჩვეული ენერგიულობით შეუდგა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. პირველ რიგში, დაიწყო სარკინიგზო მილიციის რეორგანიზება და არსებულ შემადგენლობას 250 მილიციელი დააამატა; მიღწეული წარმატებების გამო, ვლადიმერ სულაქველიძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა და თბილისის სახალხო მილიციის უფროსის თანამდებობასთან ერთად, რესპუბლიკის ზურგის უფროსობაც ანდეს; ეს კი საომარ და საგანგებო მდგომარეობაში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ აქცევდა ყველა მნიშვნელოვან დაწესებულებას, რომელთა ამოცანა ზურგის უსაფრთხოება იყო. ასე იყო 1920 წლის მაისში და შემდეგ - უკვე საბედისწერო 1921 წლის თებერვალშიც, საბჭოთა რუსეთის თავსახმების დროს; ვლადიმერ სულაქველიძის ადმინისტრაციული ნიჭისა და თავდადების შედეგად, ქართულ შეიარაღებულ ძალებს ზურგი საიმედოდ ჰქონდა დაცული და მტერმა ვერც ერთი დივერსიული აქტისა და არეულობის მოწყობა ვერ მოახერხა; რუსეთის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, ვლადიმერ სულაქველიძე მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა; სტამბოლში ცხოვრების პერიოდში მონაწილეობდა ბოსფორზე გემების საპასპორტო კონტროლისა და კონტრდაზვერვით ოპერაციებში; თანამშრომლობდა ქართულ, ბრიტანულ და ფრანგულ სპეცსამსახურებთან, რომლებიც საბჭოთა დაზვერვის წინააღმდეგ მოქმედებდნენ; მოგვიანებით საფრანგეთში ჩავიდა და პატარა რესტორანი "ამაყი მამალი" გახსნა, რითაც თავის რჩენას ახერხებდა; გადმოცემით, რესტორნის შენობის ფასადს ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მამლის გამოსახულება ამშვენებდა. რესტორანი მალე გაკოტრდა. როგორც ზეპირი გადმოცემები მოწმობენ, ვლადიმერ სულაქველიძე ხშირად უფასოდ მასპინძლობდა სამშობლოდან გადახვეწილ მშიერ-მწყურვალ თანამემამულეებს, რაც კომერციამ ვერ აიტანა; გარდაიცვალა საფრანგეთში, არპაჟონის საავადმყოფოში. თბილისის სახალხო მილიციის, რესპუბლიკის ზურგის, ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციის უფროსი. წყარო: ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური ჟურნალი / მთავარი რედ. ჯაბა სამუშია.-თბ.,2018.-მაისი.-N5 (89).- გვ.39-44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |