The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუდვიგ მლოკოსევიჩი

ლუდვიგ მლოკოსევიჩი
სხვა სახელი:ლუდვიგ მლოკოშევიჩი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1831
გარდაცვ. თარიღი:22 ივლისი, 1909  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ლაგოდეხი
კატეგორია:ბიოლოგი, დიდგვაროვანი, მეცნიერი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვარშავა, პოლონეთი.

სწავლობდა ბრესტის კადეტთა კორპუსში, მამის გარდაცვალების შემდეგ შეუდგა ბოტანიკის, ზოოლოგიის და სხვა საბუნებისმეტყველო საგნების  შესწავლას. გაეცნო ოფიცრებს "კავკასიის მუსულმანური პოლკიდან", მათგან შეიტყო მან მრავალი საინტერესო რამ კავკასიის მთების და მისი მდიდარი ბუნების შესახებ. 1853 წელს ჩამოვიდა კავკასიაში, პორუჩიკად მსახურობდა ტფილისის გრენადერთა პოლკის შტაბში, რომელიც ლაგოდეხის სამხედრო სიმაგრეში იდგა ლეკთა კორდონის ხაზზე, ალაზნის ველზე. ლუდვიგის ჩაკეტილმა ცხოვრებამ, სამხედროსათვის უჩვეულო მებაღეობითა და მებოსტნეობით გატაცებამ, ადგილობრივ ლეკებთან კეთილმეგობრულმა დამოკიდებულებამ სამხედრო შტაბში უსიამოვნო ხმები დაბადა, რამაც 1861 წელს აიძულა მლოკოსევიჩი გადადგომისაკენ. მას შემდეგ მან უკვე აქტიურად დაიწყო კავკასიის ბუნების შესწავლა, იმოგზაურა დაღესტანსა და ირანში. ლუდვიგ მლოკოსევიჩი  დააპატიმრეს გემზე, 1863 წლის პოლონეთის თავად-აზნაურთა აჯანყების მიზეზით, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიაში ლეკებისათვის აჯანყების მომზადების ბრალდებით და ვორონეჟის გუბერნიაში გადაასახლეს1867 წელს მლოკოსევიჩს გადასახლების ვადა დროზე ადრე დაუმთავრდა, უფლება დართეს კავკასიაში დაბრუნებულიყო. იგი ვორონეჟიდან ლაგოდეხში დაბრუნდა და კავკასიის ბუნების შესწავლა განაგრძო. 1869 წლის დაიწყო ფენოლოგიური დღიურის წარმოება, სადაც მცენარეებს გარდა, ბევრი შენიშვნა აქვს გაკეთებული ფრინველებზე: ბატებისა და წეროების გადაფრენაზე, მერცხლების მოფრენასა და გაფრენაზე, გუგულებისა და ოფოფების გამოჩენაზე და სხვ. ამ გამოკვლევების პირველი ათწლეულის შედეგები შესულია მის სტატიაში "შენიშვნები ბუნების პერიოდული მოვლენების შესახებ ლაგოდეხის გარეუბნებში (სიღნაღის მაზრა, ტფილისის გუბერნია)", რომელიც გამოქვეყნდა 1879 წელს "ბუნებისმეტყველების მოყვარულთა კავკასიური საზოგადოების და ალპიური კლუბის ცნობების" პირველ გამოშვებაში. 1879-1897წწ. მუშაობდა ტფილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში მეტყევედ. თავად მლოკოსევიჩი, რომელსაც არ ჰქონდა სპეციალური ბიოლოგიური განათლება, კოლექციის შეკრებისას არ მიმართავდა მათ დამუშავებასა და აღწერას - ის თავის მიერ მოძიებულ მასალას უგზავნიდა ცნობილ მეცნიერებს. უკვე 1868 წელს მან დაამყარა კონტაქტები პოლონელ ზოოლოგებთან - ანტონ ვაგასთან, რომელმაც აღწერა მლოკოსევიჩის მიერ ნანახი სალამანდრა და აგრეთვე ვლადისლავ ტაჩანოვსკისთან - ვარშავის უნივერსიტეტის ზოოლოგიური კაბინეტის გამგესთან. ტაჩანოვსკის ჰქონდა პატივი, აღეწერა და მლოკოსევიჩის სახელი მიენიჭებინა  მის მიერ კავკასიაში აღმოჩენილი როჭოს ახალი სახეობისათვის. 1876 წლიდან ლუდვიგ მლოკოსევიჩმა დაიწყო თანამშრომლობა საიმპერატორო-სამეცნიერო აკადემიის სანკტ-პეტერბურგის ზოოლოგიურ მუზეუმთან, მოსკოვის ზოოლოგიურ მუზეუმთან და ზოოლოგიურ ბაღთან. ლუდვიგ მლოკოსევიჩი აქტიურად თანამშრომლობდა ბოტანიკოსებთანაც - აგროვებდა ჰერბარიუმებს, ამდიდრებდა ლაგოდეხში თავის მიერ შექმნილ ბოტანიკური ბაღის კოლექციას. იგი არის მრავალი პუბლიკაციის და ნაშრომის ავტორი. დაღესტანში მორიგი ექსპედიციის დროს ის მძიმედ დაავადდა და აულ ჩოროდთან, მდინარე ჯურმუთის ნაპირას გარდაიცვალა. დაკრძალეს ლაგოდეხის გარეუბანში, მდინარის პირას. საფლავზე დაადეს მარმარილოს ფილა წარწერით: "ფლორისა და ფაუნის დიდი მეოხი, ლუდვიგ ფარანცის ძე მლოკოსევიჩი 1831 – 1909". ამჟამად, კარგად მოვლილ საფლავზე გაჩნდა ახალი გრანიტის ქვა წარწერით "ლუდვიკ მლოკოსევიჩი, კავკასიის ფლორისა და ფაუნის დაუღალავი მკვლევარი.1831-1909". 1989 წლის აგვისტოში ლუდვიგ ფრანცის ძე მლოკოსევიჩს მემორიალი დაუდგეს მისი დაღუპვის ადგილზეც, ჩოროდში (დაღესტანი). ბიოლოგ იულია მლოკოსევიჩის მამა. ნატურალისტი, ლაგოდეხის ნაკრძალის დამაარსებელი.

წყარო: lagodekhi.net


გააზიარე: