The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ ჭეიშვილი

სოლომონ ჭეიშვილი
დაბადების თარიღი:1851
გარდაცვ. თარიღი:1925  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მეწარმე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი 1882 წელს.

1883-1894წწ. სოფელ ასკანაში მუშაობდა მასწავლებლად,  1895-1910წწ. იყო ამ სკოლის მზრუნველი, ასევე იყო სოფლის მამასახლისი, გურიის სავაჭრო-სამრეწველო ფირმის "შუამავლის" გამგე. ჩრდილოეთ კავკასიაში, ველიკოკნიაჟესკაიაში (შემდგომ პროლეტარსკაია) ჰქონდა ქართული რესტორანი გურული კერძებით. 1900-1904წწ. იყო ოზურგეთის ქალაქის საბჭოს წევრი, დააარსა სავაჭრო ფირმა "შხამკალა", კურორტ ბახმაროს კეთილმოწყობის საზოგადოება "ჯანმრთელობა". დიდ ყურადღებას უთმობდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. გასაშენებლად არჩევდა პრესტიჟულ და პერსპექტიულ ჯიშებს. ასკანაში შეიტანა ჩაის კულტურა. აწარმოებდა ჩაის და გაჰქონდა რუსეთის ქალაქებში. სოლომონ ჭეიშვილის წარმოებულმა ჩაიმ ქების სიგელი დაიმსახურა 1914 წელს მოსკოვში. მისი ძირითადი საქმიანობა ვაზის  გაშენება და ღვინის დაყენება-რეალიზაცია იყო. გაშენებული ჰქონდა ციცქა, ცოლიკაური, ჯანი, საფერავი. XIX საუკუნის ბოლოს გაემგზავრა საფრანგეთში, შამპანისა და ბორდოს რეგიონში, სადაც გაეცნო ფრანგი მეღვინეების საქმიანობას. საფრანგეთიდან დაბრუნებულმა დააარსა კომპანია "ძმები ჭეიშვილები". მანქანა-იარაღები და ხელსაწყოები მან ბორდოდან ჩამოიტანა და ოჯახში მინიქარხანა მოაწყო. ღვინოს მუხის დიდ კასრებში 5 წლის მანძილზე აძველებდა, წელიწადში ორჯერ გადაღებით, შემდეგ ასხამდა სქელ ბოთლებში და ინახავდა გრილ მარანში. ღვინოები გამოირჩეოდა მაღალი გრადუსით, არომატით და სურნელით. ჭეიშვილის ღვინოებს "ასკანის ნატურალური ღვინო" ერქვა. 1911 წელს დონის როსტოვში გამართულ საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მან 1903 წლის მოსავლის ასკანური ღვინო წარადგინა. ღვინოს ვერცხლის დიდი მედალი და სპეციალური დიპლომი მიენიჭა. ჰქონდა კარგი ბიბლიოთეკა, სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო ლიტერატურასთან ერთად ჰქონდა მხატვრული ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ალმობომები, ჟურნალები: "თეატრი და ცხოვრება", "ტარტაროზი", "მოამბე", "ცნობის ფურცელი", "ჯეჯილი", "ნაკადული". 1893 წელს მისი თაოსნობით დაარსდა ასკანის ბიბლიოთეკა. სოლომონ ჭეიშვილი ასევე ხელმძღვანელობდა წარმოდგენა-სანახაობების მოწყობას. იყო ასკანის სცენისმოყვარულთა დასის დამაარსებელი, ხელმძღვანელი და რეჟისორი. დასმა პირველი წამორდგენა გამართა 1895 წელს. ასკანის დასი წარმოდგენებს მეზობელ სოფლებშიც მართავდა. დასს სოლომონ ჭეიშვილი გარდაცვალებამდე, 1924 წლამდე ედგა სათავეში. იყო მეცენატი, აფინანსებდა ნათესავებისა და თანასოფლებელის განათლებას. მისი სტიპენდიანტი იყო ძმისშვილი ალექსანდრე ჭეიშვილი, რომელმაც განათლება გერმანიაში მიიღო (შემდგომში მწერალი, მოთხრობა "ლელოს"ავტორი) და ოზურგეთელი ექიმი პედიატრი კაკი ნაკაშიძე. (სოლომონ ჭეიშვილს ცოლად ჰყავდა ნანა შევარდნაძე. მისი უფროსი ვაჟი ალექსანდრე თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, 1926 წელს საფრანგეთში გაემგზავრა და სწავლა გრენობლის უნივერსიტეტში გააგრძელა, გადავიდა პარიზში. მუშაობდა ქართველთა მიერ დაარსებულ რძის და მაწვნის ქარხანაში. 1930-იან წლებში ნიცაში გაიცნო სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სიტყვიერების ფაკულტეტის კურსდამთავრებული მზია პაპავა, ემიგრანტი მწერლების, თამარ და აკაკი პაპავების უმცროსი ქალიშვილი. სოლომონ ჭეიშვილის ოჯახი და სახლ-კარი ასკანაში 1951 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. მისი მეუღლე და შვილი ყაზახეთში გადაასახლეს. განადგურდა სახლი და ნივთები. ეზოს ტერიტორიაზე ააშენეს სოფლის ადმინისტრაციული შენობა და საბავშვო ბაღი). მის საპატივცემულოდ ასკანა–ბახვის არეალში მაღლარი ჯიშის ერთ–ერთ ვაზს "ჭეიშვილის ვაზი" უწოდეს და დღესაც ამ სახელით მოიხსენიებენ. მეღვინე, ქველმოქმედი, მეცენატი.

წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე.-თბ.,2015.-გვ.203; allwine.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასკანის სოფლის კულტურულ–საგანმანათლებლო საზოგადოება, თავმჯდომარე (1921-)

გააზიარე: