The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ჯაოშვილი

შალვა ჯაოშვილი
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1942
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 2005  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1965 წელს.

ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მონაწილეობდა ალპინიადებსა და მაღალმთიან ექსპედიციებში. 1965 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; ამავე ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი; 1972 წელს გადავიდა ზღვის ნაპირების შემსწავლელ ლაბორატორიაში. აქ იგი ასრულებდა მსხვილმასშტაბიან ექსპერიმენტულ დაკვირვებებს ბიჭვინთის, მდ. ბზიფის, მოქვის, ჩაქვისწყლის, ყოროლისწყლის და სხვ. სანაპიროებზე, რომლის მიზანი იყო მდინარეთა შესართავებსა და სანაპირო ზოლში ნატანის მოძრაობის შესწავლა. სწორედ ახალმა სამუშაოებმა გადაწყვიტა მისი შემდგომი მოღვაწეობა. იგი მთლიანად გადაერთო მდინარეებსა და სანაპირო ზოლის ნატანის შესწავლაზე, რასაც სამეცნიერო მნიშვნელობის გარდა, პრაქტიკული გამოყენებაც ჰქონდა, რადგან სანაპიროს მდგრადობას სწორედ ნაპირწარმომქმნელი ნატანის ბალანსი განაპირობებს. 1981-1991წწ. მუშაობდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვაში" ლითოდინამიკის ლაბორატორიის გამგედ; 1992 წლიდან - დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში. სანაპიროებისა და მდინარეთა შესართავების კვლევისას მან დეტალურად გამოიკვლია საქართველოს თითქმის ყველა მდინარეში და სანაპიროზე მიმდინარე ლითოდინამიური პროცესები, გამოყენებული იქნა ახალი მეთოდები (წყალქვეშა დაკვირვებები). 1987 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იუნესკოს უმაღლესი ჰიდროლოგიური კურსები და მიენიჭა ექსპერტის წოდება სპეციალობით "მდინარეთა შესართავები და კალაპოტური პროცესები"; 1998 წლიდან მუშაობდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მთავარ სპეციალისტად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც დაბეჭდილია უცხო ენებზეც (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, ბულგარეთი, უკრაინა და სხვ.). ნაშრომები ეხება მდინარეების ნატანის და კალაპოტის პროცესებს, ზღვიური შესართავებისა და ნაპირების დინამიკას, ჰიდროლოგიის სხვადასხვა საკითხებს და გარემოს დაცვის პრობლემებს. მისი მონაწილეობით ქ. პომორიეში (ბულგარეთი) მომზადდა მონოგრაფია - "საზღვარო ეკოლოგიური რეგიონები, შავი ზღვა"; იყო იუნესკოს ოკეანოგრაფიული კომისიის შავი ზღვის რეგიონალური კომიტეტის პროგრამით გათვალისწინებული პროექტის "ნატანის ნაკადები შავ ზღვაში" ეროვნული კოორდინატორი; მონაწილეობდა შავი ზღვის შემსწავლელ რამდენიმე საერთაშორისო ექსპედიციაში; აღნიშნული საკითხების განხილვასთან დაკავშირებით მიწვეული იყო საფრანგეთში, ამერიკაში, თურქეთში, ბულგარეთში, ისრაელში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2000).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხეთის მდინარეთა ჩამონადენის ფორმირება და რეჟიმი", დაიცვა 1972 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მდინარეთა ნატანი და მათი როლი ზღვის სანაპიროს დინამიკაში", დაიცვა 1989 წელს (მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.326-327; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 214

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1987 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ვერცხლის მედალი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: