The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ნაკაშიძე

ნიკო ნაკაშიძე
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1966  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც დააარსა ლიტერატურული წრე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა; იმართებოდა ლიტერატურული დისკუსიები და კამათი მოხსენებათა გარშემო, იკითხებოდა რეფერატები. ნიკო ნაკაშიძე პოლიტიკაშიც აქტიურად იყო ჩართული. კლასიკურ გიმნაზიაში მან ჩამოაყალიბა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის თანამოაზრე ახალგაზრდა თაობის ჯგუფი. ქუთაისში გაიცნო უცხოეთიდან დაბრუნებული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი სპირიდონ კედია და მასთან ახლო ურთიერთობა დაამყარა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციიის შემდეგ იგი ჩაება რევოლუციურ გამოსვლებსა და მიტინგებში. ნიკო ნაკაშიძე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობის თანამონაწილე. იგი გაჰყვა სამხედრო კარიერას და როგორც ქართული არმიის ოფიცერი, მონაწილეობდა თითქმის ყველა ომში, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სომხეთთან ომში საკუთარ მოხალისეთა რაზმთან ერთად. საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობამ 1921 წლის თებერვალ–მარტში ნიკო ნაკაშიძეზე დიდი გავლენა მოახდინა. მან თავი დაანება სამხედრო სამსახურს, ქუთაისში  დაუბრუნდა და დაიწყო ორგანიზაციული მუშაობა. 1922 წელს, ბოლშევიკური ოკუპაციის წლისთავზე, დიდი გამოსვლები მოაწყო.  იგი დააპატიმრეს, ჩასვეს მეტეხის ციხეში და მალე, სხვა ქართველ პატრიოტთან ერთად, უცხოეთში გაასახლეს. ნიკო ნაკაშიძე გერმანიაში დასახლდა, ეწოდა აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ხშირად იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ პრესაში, გამოდიოდა მოხსენებებით ანტიკომუნისტური ორგანიზაციების ყრილობებსა და კონგრესებზე; საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საერთო ფრონტის გასამართავად და გასაძლიერებლად შექმნა ერთა ანტიბოლშევიკური ბლოკი – "აბნ", რომლის გენერალურ მდივნი იყო დიდი ხნის მანძილზე; იყო "ქართული ეროვნული ერთობის" კომიტეტის წევრი; ასწავლიდა ბერლინის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, გარკვეული პერიოდი ქართული ენის კათედრასაც ხელმძღვანელობდა ამავე უნივერსიტეტში; თანამშრომლობდა 1953 წელს მიუნხენში დაარსებულ  რადიო "თავისუფლების" ქართულ რედაქციასთან. გარდა ამისა, იყო გერმანიაში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე. ნიკო ნაკაშიძე გარდაიცვალა 1966 წელს, მიუნხენში. მისი ნეშტი პარიზში გადაასვენეს და ლევილის ქართულ სასაფლაოზე დაკრძალეს. 1920–იანი წლების ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ქართველი ემიგრანტი.  

წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია: ტ. 6 / შრაძე გურამ. – თბ., 2005. –გვ. 298–299     


გააზიარე: