შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ლიონიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კონდოლი, თელავის რაიონი. იოსებ ლიონიძე დაიბადა გაღარიბებული თავადის, დიმიტრი გაბრიელის ძე ლიონიძის ოჯახში. მისი პაპის მამა გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, ერეკლე II-ის კარის დიპლომატი და ერთგული მრჩეველი სოლომონ ლიონიძე იყო. პირველდაწყებითი განათლება იოსებმა საცხენისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი თბილისის საბაღოსნო სკოლაში მიაბარეს, რომელიც 1889 წელს დაამთავრა და იქვე დატოვეს მთავარ მებაღედ და სპეციალური საგნების მასწავლებლად. ამ სკოლაში იოსებმა 1896 წლამდე დაჰყო და სამუშაოდ მსხვილი მემამულეების ალექსანდრე და მარიამ ორბელიანების მამულში, სოფელ ლამისყანაში გადავიდა. აქ მან გაიცნო გერმანელი ქალი მარია ოსპარის ასული გრეფი, რომელიც აღმზრდელად მუშაობდა. მარია გრეფი მეტად განათლებული ქალი ყოფილა, ფლობდა მრავალ ევროპულ ენას და პედაგოგიური განათლება ლონდონსა და პარიზში ჰქონდა მიღებული. პარიზიდან ლამისყანაში მოხვედრილი მარია გრეფი ცოლად გაჰყვა იოსებ ლიონიძეს და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა საქართველოში. იოსებმა არ იცოდა უცხო ენები, არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება, მაგრამ მეუღლის დახმარებით შეძლო გაცნობოდა მსოფლიო ლიტერატურას სოფლის მეურნეობის დარგში. საზღვარგარეთიდან იწერდა სპეციალურ ლიტერატურას და მეუღლის დახმარებით მუშაობდა მებაღეობის საკითხებზე. დაოჯახების შემდეგ იოსებმა მალე დატოვა ორბელიანების მამული და 1902 წელს საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო ქალაქის მთავარი მებაღე-აგრონომის თანამდებობაზე. ამ დროისათვის ბათუმის უმეტეს ნარგავებს აკაციები შეადგენდნენ. იოსებმა ქალაქის თავის ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის მხარდაჭერითა და დახმარებით ფართოდ გაშალა მუშაობა ბათუმში სუბტროპიკული მცენარეების გასაშენებლად, ძირითადად "ალექსანდრეს ბაღსა" და "ბულვარში". მისი ხელმძღვანელობით ქალაქის ქუჩებში აიღეს აკაციები და მის ნაცვლად გააშენეს კალიფორნიის დაფნის ფოთოლი, პალმები და სხვა სუბტროპიკული მცენარეები. იოსებ ლიონიძე პარალელურად მუშაობდა დეკორატიულ, ციტრუსოვან და ხილის კულტურების სანერგეებში. იგი ყოველწლიურად 150 ათას ცალ ციტრუსოვან ნამყენს ახარებდა. გააშენა 57 სახის საუკეთესო ჯიშის ვარდი კატალოგების მიხედვით და დიდი რაოდენობით გაავრცელა. ქალაქის სხვადასხვა ადგილას სანერგეების შექმნამ ბიძგი მისცა აჭარაში სუბტროპიკული და დეკორატიული კულტურების განვითარებას. ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემქმნელი და ორგანიზატორი პროფესორი კრასნოვი და პროფესორი კოჩუნოვი იოსების ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ. ისინი ხშირად მიმართავდნენ მას რჩევისთვის, როგორც მებაღე-პრაქტიკოსს. 1913 წელს პეტერბურგში მოეწყო გამოფენა "რუსული რივიერა", რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო შავი ზღვისპირა მეურნეობებს, მათ შორის ქალაქ ბათუმსაც. ამ გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო წილადხვდა ქალაქ ბათუმს და პერსონალურად იოსებ ლიონიძეს დეკორატიული და ციტრუსოვანი კულტურების გამოყვანისთვის. ამ გამოფენაში მონაწილეობდა პრინცი ოლდენბურგი. ჟიურის გადაწყვეტილი ჰქონდა უმაღლესი ჯილდო მიეკუთვნებინა მისი მეურნეობისთვის, მაგრამ იოსებ ლიონიძემ დაამტკიცა, რომ პრინცის ექსპონატების უმეტესობა საფრანგეთიდან იყო ჩამოტანილი და არ იყო შავი ზღვის სანაპიროზე გამოყვანილი. ამიტომ პრინც ოლდენბურგის მეურნეობას მხოლოდ მეორე პრემია მიაკუთვნეს. 1917 წელს იოსებმა ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამსახურს ბათუმში და ოჯახით საცხოვრებლად გადავიდა კახეთში. ბათუმის ქალაქის მმართველობამ იოსებ ლიონიძეს დაუნიშნა მუდმივი პენსია 200 მანეთის ოდენობით ოქროთი. ამის შემდეგ იოსებ ლიონიძე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. 1918-1919წწ. იგი იყო ბორჯომის მიწა-წყლის მებაღეობის განყოფილების ხელმძღვანელი, 1920-1921წწ. თბილისის ბაღებისა და მინდვრების მეურნეობის უფროსი, 1921-1924წწ. მუშაობდა კოოპერატიულ ორგანიზაციებში, იყო მეღვინეობის კოოპერატივის "კახეთის" მმართველობის წევრი, შემდეგ კი ხელმძღვანელობდა ამერიკული ვაზის სანერგეების ამხანაგობას მუკუზანში. 1924 წელს იოსებ ლიონიძე დანიშნეს აჭარის ასსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ. მან შეადგინა ნაყოფის მომცემი იმ სუბტროპიკული მცენარეების სია, რომელიც სასარგებლო იყო აჭარის ზონალური კულტივირებისათვის. საბჭოთა პერიოდში ბათუმში ჩამოსული თურქეთის რესპუბლიკის მიწათმოქმედების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ იოსებ ლიონიძეს (საბჭოთა კავშირის მთავრობის ნებართვით) მათთან ემუშავა, რათა დახმარებოდა თურქეთს შავი ზღვის სანაპიროს კულტივირებაში - საზღვრიდან ტრაპიზონამდე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო იოსებმა უარი განაცხადა თურქეთში წასვლაზე. 1925 წელს იოსებ ლიონიძე ბაქოში მიიწვიეს, სადაც მან სამი წელი იმუშავა და ამ ხნის მანძილზე სრულიად შეცვალა ქალაქის სახე, ბაქო დამშვენდა მწვანე ნარგავებითა და დეკორატიული ბაღებით. ბაქოში ყოფნის პერიოდში იოსები პარალელურად მუშაობდა მთელი აფშერონის ნახევარკუნძულის გამწვანების საკითხებზე, სადაც საფუძველი ჩაუყარა ქარსაცავ ზონებს. ავადმყოფობის გამო იოსებ ლიონიძე სამუშაოდ თბილისში გადავიდა. მისი გაშენებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი. სიცოცხლის ბოლო წლებში იოსები აგარის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე დიდი დეკორატიული პარკის კეთილმოწყობაზე მუშაობდა. აგრონომი, მეღვინე, მებაღე-დეკორატორი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.126 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |