შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინა გველესიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფილოსოფიის ფაკულტეტზე და მოსკოვის მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატის მმართველობითი შრომის ტექნიკის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1926 წელს. 1927-1928წწ. სწავლობდა მოსკოვში. მუშაობდა ხელოვნების მუზეუმ "მეტეხში" მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. ასევე, წლების განმავლობაში ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნიდა ქართულიდან რუსულად და ფრანგულიდან ქართულად. დოკუმენტების მიხედვით, მან პირველად კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცება" ქართულიდან რუსულად 1934-1936წწ. თარგმნა. ამავე წლებში ნათარგმნი აქვს დემნა შენგელაიას ნოველები. 1935-1936წწ. ფრანგული ჟურნალ-გაზეთების მიხედვით ამზადებდა ბიბლიოგრაფიულ სტატიებს და აქვეყნებდა ქართულ ლიტერატურულ გაზეთებში. ნათარგმნი აქვს სერგო კლდიაშვილის "ორიოდე ნოველა", დავით კლდიაშვილის "თავგადასავლიდან" ნაწყვეტი და შიო არაგვისპირელის (დედაბრიშვილი) "გაბზარული გულიდან" რამდენიმე გვერდი. მისი პირადი წერილებიდან ირკვევა, რომ რუსულიდან ქართულად თარგმნიდა და რედაქტირებას უკეთებდა შალვა სოსელიას, იგივე შალვა სოსლანის ნაწარმოებებს. საქართველოს მწერალთა კავშირის არქივები, ოქმები და მთარგმნელთა სექციის მონაცემები არ ინახავს ინფორმაციას თინა გველესიანის შესახებ, მწერალთა კავშირის კანდიდატთა და წევრთა სიებშიც არ იძებნება მისი გვარი. მიუხედავად ამისა, არქივში არის თინა გველესიანის მიერ მწერალთა კავშირის სახელზე დაწერილი ორი განცხადება. ერთი მათგანი 1936 წელს ეკუთვნის. განცხადების მიხედვით, თინა მწერალთა კავშირის წევრად აღდგენას ითხოვდა, სადაც აღნიშნავდა, რომ 1934-1936წწ. ირიცხებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელთა სექციაში, თუმცა 1936 წელს დააპატიმრეს. განცხადება ამავე წლის მაისშია დაწერილი. სავარაუდოდ, თინა დაპატიმრებული იყო 1936 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, დაპატიმრების მიზეზი უცნობია. 1936 წლის სექტემბერში თინა გველესიანი კვლავ დააპატიმრეს, დოკუმენტების მიხედვით თოთხმეტი წლის განმავლობაში თინა გველესიანი სამჯერ დააპატიმრეს. პირველად 1922 წელს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის თბილისის საგანგებო კომისიამ დააკავა. მაშინ სასჯელად ათი დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი 26 მაისის სტუდენტთა ანტიკომუნისტურ სადემონსტრაციო გამოსვლაში იღებდა მონაწილეობას. მეორედ 1936 წლის იანვარ-აპრილის მონაკვეთში დააკავეს, სასჯელის ზომა და დაპატიმრების მიზეზი უცნობია. თუმცა, ამავე წლის მაისში ის უკვე თავისუფალი და რეაბილიტირებული იყო. თინა გველესიანის შემდგომი დაპატიმრება გაცილებით სერიოზული და ხანგრძლივი გამოდგა. დააკავეს 1936 წლის სექტემბერში. ბრალად ედებოდა ტროცკისტული საქმიანობა. 1937 წლის 29 ივნისამდე ის საქართველოს სსრ შინსახკომის სამმართველოს კომენდატურაში იმყოფებოდა. 29 ივნისს გაასამართლეს და 10 წლით იაროსლავლის საპატიმროში მიუსაჯეს სასჯელის მოხდა. იაროსლავლის იზოლატორში ძირითადად განხეთქილებისა და ამბოხის მომწყობ პოლიტიკურად აქტიურ მსჯავრდებულებს ათავსებდნენ. ამასთანავე, მას პირადი ქონების კონფისკაცია და არჩევნებში მონაწილეობის უფლების 5 წლით შეჩერება მიესაჯა. სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ თინა გველესიანი რეაბილიტირებულ იქნა 1956 წლის 24 მარტს. თინა გველესიანის რეაბილიტაციის შემდგომი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. პატიმრობის შემდეგ, 1947 წლიდან იგი კვლავ მთარგმნელობით საქმიანობას აგრძელებდა. წყარო: სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |