შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამბროსი რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მათემატიკის დარგი 1928 წელს. 1928-1929წწ. მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრაზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის კათედრაზე ასისტენტად; 1930 წელს იყო საქართველოს სამშენებლო და საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტების დოცენტი; 1930-1933წწ. - საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მათემატიკის ლენინგრადის განყოფილების ასპირანტი; 1932-1933წწ. ლენინგრადის სამხედრო მექანიკურ ინსტიტუტში ასწავლიდა თეორიულ მექანიკას; 1933-1948წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტი; 1944-1958წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, ამასთანავე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე, 1958-1998წწ. - ამავე კათედრის პროფესორი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი საკითხებია იზოტროპული და ანიზოტროპული დრეკადი მასალისაგან შედგენილი ძელების გრეხისა და ღუნვის ამოცანები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მის მიერ შემოღებული ე.წ. "ინერციის განზოგადებული ცენტრის" ცნება, რომელიც ინერციის ცენტრის მოხდენილ განზოგადებას წარმოადგენს და არსებით როლს ასრულებს სხვადასხვა დრეკადი მასალისაგან შედგენილი ძელების დეფორმაციის საკითხების შესწავლისას. ამ მეთოდის გამოყენებით მან ამოხსნა განივი ძალით ღუნვის ამოცანები პრიზმული, ოდნავ კონუსური, მცირედ დაღუნული და ბუნებრივად დაგრეხილი ერთგვაროვანი და შედგენილი ძელებისათვის. მან კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის გამოყენებით ამოხსნა დრეკადობის თეორიის ზოგიერთი ამოცანა. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი შედეგები დრეკადობის კვადრატულ თეორიაში სხვადასხვა მასალისაგან შედგენილი პრიზმული ძელის გრეხის, გაჭიმვის, ღუნვის, ერთგვაროვანი დაგრეხილი ძელის წყვილძალით ღუნვისა და სხვა ამოცანების ამოხსნაში. ავტორია ორიგინალური ქართული სახელმძღვანელოებისა უმაღლეს მათემატიკაში. მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1948). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.270-271; მათემატიკოსები საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1917-2014/ლიდა ბერიძე. -თბ., 2014. -გვ.88-89; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.261 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |