შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სამსონ ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. დაამთავრა ქ. ლენინგრადის თბოტექნიკუმი და ლენინგრადის დაუსწრებელი ინდუსტრიული ინსტიტუტი 1936 წელს. 1933-1934წწ. ჩაატარა თავისი პირველი ექსპერიმენტები, რომლებიც მიეძღვნა მიწისქვეშა მილგაყვანილობების თბური მოდელირების საკითხებს. შედეგად მიიღო ფორმულები ამ თბური რეჟიმის გაანგარიშებისათვის. 1932-1958წწ. მუშაობდა ცენტრალური ქვაბტურბინის ინსტიტუტში; 1948-1958წწ. მისი ინიციატივით ლენინგრადში შეიქმნა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი უდიდესი ლაბორატორია, რომელიც მუშაობდა თხევადი ლითონის თბოგამტარობაზე; 1958 წლიდან მუშობდა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილებაში თბოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 1964 წლიდან - ინსტიტუტის დირექტორად; 1963 წლიდან ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტში თბოფიზიკის კათედრის გამგე იყო. იგი შეისწავლიდა დაბალტემპერატურიანი პლაზმის საკითხებს, განაზოგადა ენერგეტიკული და სითბური მახასიათებლები, რომლებიც მნიშვნელოვანია ფიზიკური ექსპერიმენტებისათვის საინჟინრო პრაქტიკაში; მან დიდი წვლილი შეიტანა თბოგადაცემისა და ფიზიკური ჰიდროდინამიკის თეორიის განვითარებაში; იკვლევდა ტურბულენტური სასაზღვრო ფენის თეორიას; აირსითხიანი სისტემების ჰიდროდინამიკის საკითხებს; მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება დუღილის კრიზისის მექანიკის ახსნა. ეს შედეგი მოყვანილია თბოფიზიკაში მსოფლიოს ყველა სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიაში; ტურბულენტური სასაზღვერო ფენის თეორიისა და მდუღარე სითხეში კრიზისულ მოვლენათა დარგში ჩატარებული საფუძვლიანი გამოკვლევებისათვის მიენიჭა ამერიკის ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოებისა და ინჟინერ-ქიმიკოსთა ინსტიტუტის მიერ დაწესებული მაქს ჯეიკობის სახელობის საერთაშორისო მედალი (1969). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ი. პოლზუნოვის სახელობის პრემია მონოგრაფიებისთვის "თბოგადაცემის თეორიის საფუძვლები" და "კედლისპირა ტურბულენტურობა" (1976), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია (სიკვდილის შემდეგ, 1988). სამსონ ქუთათელაძის სახელი ეწოდა ნოვოსიბირსკის თბოფიზიკის ინსტიტუტს; ნოვოსიბირსკში არის მისი სახელობის ქუჩა. რუსეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი. გამოჩენილი სპეციალისტი ჰიდროაეროდინამიკის, თბოფიზიკისა და ენერგეტიკის ახალი პრობლემების დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954), აკადემიკოსი. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.285-286 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |