The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესო კვირკველია

ბესო კვირკველია
ოფიციალური სახელი:ბესარიონ კვირკველია
დაბადების თარიღი:იანვარი, 1885
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 1937  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ლანჩხუთი, ოზურგეთის მაზრა.

დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა, შემდეგ კი სამრევლო სკოლაში მიაბარეს; სწავლა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში განაგრძო; 1904 წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მოსწავლეთა მიერ ჩატარებულ ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში, რისთვისაც ის სასწავლებლიდან გარიცხეს, მაგრამ ბიძის შუამდგომლობით კვლავ აღადგინეს; 1904 წელს იგი ბოლშევიკური პარტიის წევრი გახდა; 1906 წელს ბესარიონ კვირკველიამ რეალური სასწავლებელი დაამთავრა; 1907 წელს პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, მაგრამ რევოლუციური საქმიანობის გამო, იქაურმა ადმინისტრაციამ აიძულა, ინსტიტუტი დაეტოვებინა; 1908 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა და პარალელურად არალეგალური პარტიული საქმიანობა გააგრძელა; რამდენიმე წლის შემდეგ მან წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი;
1915 წელს ჯარში გაიწვიეს, სადაც საველე ჰოსპიტალში, სამეურნეო ნაწილის უფროსი გახლდათ, ამასთან, პარტიულ მუშაობასაც აგრძელებდა; 1917 წლის რევოლუციამ მას ტრაპიზონში მოუსწრო; იგი ბოლშევიკების ტრაპიზონის ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს; 1918 წლის დამდეგს, საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთმა თავისი ჯარები ტრაპიზონიდან გაიწვია; ის აქტიურად მონაწილეობდა ჯარების ევაკუაციაში; ამის შემდეგ ქუთაისში ჩავიდა, საიდანაც აფხაზეთში მიავლინეს; აქ იგი დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებულ გამოსვლებს მეთაურობდა, რასაც აქტიურად ეხმაურებოდა ვ. ი. ლენინი; ქართულმა მილიციამ და სახალხო გვარდიამ აფხაზეთში გამოსვლები ჩაახშო; მათი მეთაურები დააპატიმრეს და გადაასახლეს; მუშაობა მაიკოპში განაგრძო; მალე, დენიკინის შემოტევის გამო, წითელმა არმიამ მაიკოპი დატოვა; ქალაქის ევაკუაციას ბესო კვირკველია ხელმძღვანელობდა; 1918 წლის დეკემბერში, ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ კავკასიის თავდაცვის საბჭო შეიქმნა და ის მის წევრად და ჯარების მომარაგების უფროსად დაინიშნა; 1918-1920წწ. რუსეთის სამოქალაქო ომში მონაწილეობდა, სადაც დაიჭრა და კონტუზია მიიღო; ამის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, ხოლო 1920 წლის მაისში, სამხედრო-რევოლუციური საბჭოს ბრძანებით, იგი ცნობილი მე-11 არმიის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი გახდა; 1921 წლის თებერვალში მე-11 არმიას სხვა ცნობილ რევოლუციონერებთან ერთად, ბესო კვირკველიაც მოუძღოდა; იგი იყო ე. წ. "შულავერის მთავრობისა" და რევკომის წევრი; სწორედ რევკომის გადაწყვეტილებით დაინიშნა ბესო კვირკველია შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად; მან ამ თანამდებობაზე 1921 წლის 8 მარტიდან 1922 წლის 25 თებერვლამდე იმუშავა და საფუძველი ჩაუყარა ქართული საბჭოთა მილიციის ჩამოყალიბებას; 1922 წლის 11 აგვისტოდან საქართველოს სსრ სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრად მუშაობდა; 1922 წლის 26 თებერვალს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, სულ მალე კი მოსკოვში, სსრ კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატში, კოლეგიის წევრად გადაიყვანეს; 1932 წელს მას შორეული აღმოსავლეთის ოკრუგის ხელმძღვანელობაც შესთავაზეს, მაგრამ გადაღლილობის გამო უარი თქვა და საქართველოში დაბრუნდა; სხვადასხვა დროს იყო "საქართველოს ჩაის" ტრესტის მმართველი, საბჭოთა მშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, დეკანი, ჟურნალ "საბჭოთა სამართლის" რედკოლეგიის წევრი; 1933 წელს საგანგებო კომისიამ ბესო კვირკველიას საქმიანობა შეისწავლა და იგი დადებითად შეაფასა; 1935 წელს გამოქვეყნდა ლავრენტი ბერიას ნაშრომი "ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციის ისტორიის საკითხისათვის", რომელშიც ავტორი ხოტბას ასხამდა იოსებ სტალინს; ბესო კვირკველიამ ლავრენტი ბერიას ნაშრომი მკაცრად გააკრიტიკა, რისთვისაც მას საპასუხისმგებლო პოსტი დაატოვებინეს და საქართველოს მონკავშირის გამგეობის თავმჯდომარედ გადაიყვანეს; 1936 წლის 20 ოქტომბერს ბესარიონ კვირკველია "ნაციონალ-უკლონიზმის" ბრალდებით დააპატიმრეს; 1937 წელს ის გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-8 მუხლით და სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიესაჯა; 1956 წლის 23 მაისის სამხედრო კოლეგიის განჩინებით ბესარიონ კვირკველია რეაბილიტირებულია; ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე; 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი.

წყარო: XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ. 39-40


გააზიარე: