The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტარიელ ჩუბინიშვილი

ტარიელ ჩუბინიშვილი
Date of birth:14 November, 1920
Date of death:1983  (at 62 years)
Category:Archaeologist, Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1939 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში - არქეოლოგიის სპეციალობით.

ასპირანტურაში სწავლის პერიოდში იგი მუშაობდა სამთავროს სამაროვანის უძველესი ხანის ორმო სამარხებზე; 1953 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც 1957 წელს ცალკე მონოგრაფიად გამოიცა; 1953 წელს მუშაობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის  ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; იგი მონაწილეობდა შიდა ქართლის, იმერეთის, წალკა-თრიალეთსა და სხვ. ექსპედიციებში და მისი კვლევის ობიექტი გახდა ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლები, მტკვარ-არაქსის კულტურა, რომლის თავდადებულ და ერთგულ მკვლევარად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე; ტარიელ ჩუბინიშვილის ერთ-ერთ უდიდეს დამსახურებად უნდა ჩაითვალოს მისი ინტერესი ზემო ქართლისა და მესხეთ-ჯავახეთის სიძველეების შესწავლისადმი; ერთ-ერთი დაზვერვის დროს მან დააფიქსირა ამირანის გორა ახალციხეში და ამირანის გორა ახალქალაქში. ამ უკანასკნელზე მან ჩაატარა სადაზვერვო სამუშაოები, ხოლო ახალციხის ამირანის გორაზე დაიწყო სტაციონალური გათხრები, რითაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ამ რეგიონის არქეოლოგიის მეცნიერულ შესწავლას. აქ ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მესხეთ-ჯავახეთი მტკვარ-არაქსის კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენს; ძეგლის კვლევას მიეძღვნა 1963 წელს გამოსული ტარიელ ჩუბინიშვილის მონოგრაფია "ამირანის გორა. მასალები მესხეთ-ჯავახეთის უძველესი ისტორიისათვის"; ეს არის ძეგლის ყოველმხრივი შესწავლის შესანიშნავი ნიმუში. მასში განხილულია ნასახლარის ტოპოგრაფია, ცალკეა შესწავლილი კერამიკული ნაწარმი, სამკაული, საკულტო საგნები და რაც მთავარია უდიდესი ყურადღება ექცევა მეტალურგიას, მეურნეობას და სულიერ ყოფას. აქ მიკვლეული არქეოლოგიური მასალა მჭიდროდ უკავშირდება აღმოსავლეთ ანატოლიის სინქრონულ ძეგლებს (ქარაზი); ერთ-ერთმა პირველმა დააყენა საკითხი მტკვარ-არაქსის კულტურის ადრე ბრინაჯაოს ხანისათვის მიკუთვნების შესახებ; როგორც ცნობილია, ბ. კუფტინი მტკვარ-არაქსის კულტურას "ენეოლითს" აკუთვნებდა, მაგრამ მეტალურგიის განვითარების მაღალმა დონემ და მეურნეობის ხასიათმა, ამავე დროს ანატოლია - წინა აზიის სინქრონულ ძეგლებსა და კულტურებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ მეცნიერს საფუძველი მისცა და სავსებით სამართლიანად, ეს კულტურა ადრე ბრინჯაოს ხანით განესაზღვრა და ძვ.წ. III ათასწლეულის პირველი ნახევრისთვის მიეკუთვნებინა. მტკვარ-არაქსის კულტურას, მის პერიოდიზაციას, ეტაპების დახასიათებას, ეკონომიკას, მეურნეობას, კულტურას და ჩვევებს, მის ისტორიულ ადგილს ეძღვნება ნაშრომები "სამხრეთ კავკასიის უძველესი კულტურები" (1970 წელი, ლენინგრადი, რუსულ ენაზე, კ. კუშნარევას თანაავტორობით) და "სამხრეთ კავკასიის ისტორიული მნიშვნელობა ძვ. წ. III  ათასწლეულში" (1963 წელი, კ. კუშნარევას თანაავტორობით); 60-70 წლებში მან დაიწყო ქვემო ქართლში არუხლოს ჯგუფის ძეგლების გათხრა და შესწავლა; ერთ-ერთმა პირველმა მოაწყო კომპლექსური ექსპედიცია და არქეოლოგიური ძეგლის მრავალმხრივი შესწავლის მიზნით ექსპედიციაში მოიწვია სხვადასხვა დარგის სპეციალისტები: პალეობიოლოგები, პალეობოტანიკოსები, ნიადაგმცოდნეები და გეოლოგები; ტარიელ ჩუბინიშვილი თვლიდა, რომ უძველესი კულტურების სამეურნეო-ეკონომიკური თუ ყოფითი სურათის მეტნაკლებად სრულყოფილად წარმოსადგენად აუცილებელია პალეოეკოლოგიის გათვალისწინება; მთელი ეს მასალა მისი გარდაცვალების შემდეგ იქნა გამოქვეყნებული კრებულში "ადამიანი და გარემო"; 1971 წელს გამოვიდა მისი კიდევ ერთი მონოგრაფია "სამხრეთ კავკასიის უძველესი ისტორიისათვის (V-III ათასწლეულები)", სადაც განხილულია კარდინალური საკითხები მტკვარ-არაქსის კულტურის წარმომავლობისა და გავრცელების შესახებ; გარდა ამისა, მოცემულია ქვემო ქართლისა და, საერთოდ, ამიერკავკასიაში აღმოჩენილი გვიან ენეოლითური ძეგლები და ცდა მათი ურთიერთ დაკავშირებისა; ამ ნაშრომის საფუძველზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1972 წლიდან, სიცოცხლის ბოლომდე ტარიელ ჩუბინიშვილს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ენეოლით - ადრე ბრინაჯოს ხანის განყოფილების გამგის თანამდებობა ეკავა; მის კიდევ ერთ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს  მაღალმთიანი რეგიონების კვლევების წამოწყება; იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ლეჩხუმის შესწავლას, რადგან მიაჩნდა, რომ მთიან რეგიონებში ყალიბდებოდა მწარმოებლური მეურნეობის პირველი კერები; მისი ინიციატივით იქნა ჩატარებული ცენტრის პირველი სადაზვერვო ექსპედიციები ლეჩხუმში; კითხულობდა ლექციებს სამხატვრო აკადემიაში, სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 

წყარო: ტარიელ ჩუბინიშვილი (1920-1983) / გურანდა ფხაკაძე,  ჟურნალი "ძიებანი", საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟურნალი, № 6, თბ. 2000, გვ.-112-115

Bibliography


Share: