შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სისონა დარჩია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი სოფელი ჯუმათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. სხვადასხვა მონაცემებით, მუშაობდა ბათუმის ქარხნებში. სისონა ფირალად მეზობლის დაჭრის შემდეგ გავარდა. 1886 წელს სისონა დარჩიას მამა სესიკამ ახალ წელს დღონაურის ეკლესიაში ხანჯალი დაარტყა გიგო ჩხარტიშვილს. გაქცეულ ჩხარტიშვილს სისონამ რევოლვერი ესროლა, მაგრამ მამამისს მოარტყა. ამ ინციდენტის შემდეგ ვასილა და სისონა დარჩიები ფირალად გავარდნენ, ხოლო მისი ძმები, კოხტა და სოლომონ დარჩიები დაიჭირეს, ისინი ციხეში გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ, დაჭერამდე სისონა დარჩიამ ორი წელი იფირალა. დარჩიები თავად ესე გურიელის მამულში ცხოვრობდნენ, მისი ყმები იყვნენ და მის სათუთუნეში მუშაობდნენ. დარჩიებს გურიელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთხანს გაფირალებული სისონა მასთან ათევდა ღამეს. მაგრამ გურიელიც აჰყვა მილიციას თავის უკეთ გამოსაჩენად და დარჩიების დევნა დაიწყო. სამაგიეროდ სისონამ და ვასილამ გურიელის ცოლი და ქალიშვილი გაიტაცეს ჯუმათში. დარჩიამ პირველი თავდასხმა ესე გურიელის მოურავ ანდრია ჩიკაშუაზე მოაწყო. ანდრია ჩიკაშუა ფირალის მიერ მოკლული პირველი მოურავი იყო. ესე გურიელმა და მაზრის უფროსმა დაგოროვმა შეკრიბეს "ზემსკაია სტრაჟა" და გამოუდგნენ ფირალებს, მაგრამ უშედეგოდ. სისონა და ვასილა დარჩიებს ნასაკირალის გადასასვლელზე "საბაჟო" ჰქონდათ მოწყობილი და გამვლელ-გამომვლელს ფულს ართმევდნენ. 1888 წელს დათა მიქელაიშვილის და თედორე ასკურავას ბათუმის ციხიდან გაქცევის საქმეზე დაიჭირეს სისონა დარჩია და ოზურგეთში გადაიყვანეს. 1888 წლის ბოლოს დარჩია ოზურგეთის საპატიმროდან გაიპარა. ესე გურიელმა სისონას ბიძა, ყალბი ფულის მჭრელი და მისი ძმა ვასილა დააჭერინა სისონას მისატყუებლად. ამის შემდეგ დარჩია თავად ჩაბარდა ლანჩხუთის ბოქაულს, რომელმაც ის მაზრის უფროსს წარუდგინა და ოზურგეთის ციხეში ჩასვა. სისონა დარჩია კვლავ გაიპარა და აღმოჩნდა, რომ საპატიმროსთან ახლოს თავლაში იმალებოდა და ჭრილობას მკურნალობდა, მალე მიაგნეს და დაიჭირეს. სისონა და ვასილა დარჩიებს 12 წელი კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ ექვსი თვის თავზე ისინი გაიქცნენ. დარჩიებმა სატუსაღოში გვირაბი გათხარეს და სამშვიდობოზე გასულები ფირალ ვლადიმერ ჟღენტთან დაიმალნენ. 1889 წლის სექტემბერში დარჩიების რძალმა აღათიამ და გურიელის მოურავმა მიხეილ ნინიძემ მილიციას შეატყობინეს რომ დარჩიები მეგობარ, უვადო კატორღა მისჯილ ილარიონ დათუნაიშვილთან ერთად იმალებოდნენ ჯუმათში, საკუთარ სახლში. თავდასხმის ორგანიზატორი იყო ესე გურიელი. 7 სექტემბერს მაზრის უფროსმა 60 პოლიციელთან ერთად ალყა შემოარტყა სახლს, სადაც ფირალები საუზმობდნენ. მიმხდურებმა ატეხეს სროლა. ფირალებმა ოთხი კაცი მოკლეს, მათ შორის ნინიძე, დაიჭრა გურიელის ვაჟი ლევანი. სისონას ძმა, დაჭრილი ვასილა დარჩია მილიციამ მოკლა, დათუნაიშვილი დაიჭირეს, სისონა დარჩიამ კი გაქცევა მოახერხა. მიუხედავად საშიშროებისა, სისონა ძმის დაკრძალვაზე მივიდა, რაც ასახულია ერთ-ერთ ხალხურ ლექსში. სისონა დარჩიას სახელით ბევრი ავაზაკობდა და ყაჩაღობდა. ერთხელ "სტრაჟამ" დარჩიას სახელით ექიმი გაძარცვა, ჯუმათის მონასტრის ბერი ამბერკი ჩხარტიშვილი კი სისონად ჩათვალეს და მოკლეს. ცნობილია შემთხვევა, როდესაც სახეახვეულმა ყაჩაღებმა სისონა და ვასილ დარჩიების სახელით გაძარცვეს აცანელი მექოთნეები, წაართვეს სპილენძის ფული. 1890 წელს სისონა დარჩია იმალებოდა სოფელ ლესაში, ვინმე კუნჭულიას ოჯახში. ეს გაიგო პოლიციამ და დაესხა თავს კუნჭულიას ოჯახს, მაგრამ სისონა დარჩია უკვე გაქცეული იყო. დარჩიას დასაჭერად ხელისუფლება მოსახლეობაზე რეპრესიებს აძლიერებდა, თუმცა დარჩიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და მას არ ღალატობდნენ. XIX საუკუნის ბოლოსთვის სისონა დარჩია ყველაზე სახელგანთქმული ფირალი იყო. დარჩია სამეგრელოსა და ქვემო იმერეთშიც ყაჩაღობდა. 1890 წლის აგვისტოში მან სამტრედიში აფთიაქი გაძარცვა. 1890 წლის ოქტომბრისთვის ხელისუფლებამ 4-5 ადამიანი დააპატიმრა დარჩიასთან თანამშრომლობის გამო. სისონა დარჩიას ჰყავდა ამხანაგი მიხეილ ანთაძე, რომელიც პოლიციის აგენტი იყო. ანთაძის ხელით დარჩია პრისტავს ქრთამს აძლევდა, რათა ამ უკანასკნელს არ შეეწუხებინა. ერთხელ გუბერნატორისგან პრისტავმა მოთხოვნა მიიღო, რომ დარჩია აუცილებლად დაეჭირა, თორემ თანამდებობას დაკარგავდა. პრისტავი მოურიგდა ანთაძეს. მან 1890 წლის ივნისის ბოლოს დარჩია სუფსის ხიდთან მიიყვანა, უთხრა, მხოლოდ პრისტავი იქნება, გესვრის და აგაცილებსო. ხიდთან დარჩიას 10-12 კაცი დახვდა ჩასაფრებული. დარჩიამ გაქცევა მოახერხა, ზოგი ვერსიით მან მდინარეში ნაბადი გადააგდო, ჩასაფრებულებს ნაბადი ადამიანი ეგონათ და სროლა აუტეხეს, სხვა ვერსიით კი მაღალი ხიდიდან გადახტა. დარჩია ასევე გადაურჩა პრისტავ ჯაფარიძის თავდასხმას ლანჩხუთში. 1891 წლის იანვრისთვის ის კვლავ ფირალობდა გურიას, სამეგრელოსა და იმერეთში. ]გარდაიცვალა 1891 წლის თებერვალში, ოფიციალური ცნობით, პოლიციის ბოქაულმა ჯაფარიძემ მოკლა ჯურუყვეთში. სისონა დარჩიას ცხოვრებაზეა ნაწილობრივ დაფუძნებული ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა "სიმონა". წყარო: გურული ფირალები / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2008.-გვ.74-89
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |