The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქუჩუკ ჰუსეინ ფაშა

დაბადების თარიღი:1757
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 1803  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდ მოკვდავთა სასაფლაო, მიჰრიშაჰ სულთნის აკლდამა, სტამბოლი, თურქეთი
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქუჩუკ ჰუსეინ ფაშამ დიდი წვლილი შეიტანა ოსმალეთის იმპერიის გაძლიერებაში. მიაღწია მაღალ თანამდებობას, გახდა ქაფუდან ფაშა – ოსმალეთის სამხედრო–საზღვაო ძალების სარდალი, მასვე ემორჩილებოდა სავაჭრო ფლოტიც. მომცრო ტანის გამო ზედმეტსახელად "ქუჩუკი" (პატარა) შეარქვეს. სულთან სელიმ III სამეფო კარზე იგი ყველაზე სანდო და რეფორმისტული სულით გამსჭვალული ადამიანი იყო. 1768 წელს ტყვედ გაყიდული ქართველი ბიჭი, უმცროს დასთან ერთად სტამბულში ჩაიყვანეს და სულთან მუსტაფა III-ეს აჩუქეს. მუჰაჯირთა გადმოცემით, წარმოშობით იგი ბათუმის ოლქიდან იყო. მისი ქართული გვარი და სახელი უცნობია. მუსტაფა III-ის ქართველი მეუღლე, მიჰრიშაჰი, ჰუსეინს თავის შვილთან ერთად ზრდიდა. როგორც სულთნის დედის გაზრდილს, მას "ძიძიშვილსაც" ეძახდნენ. ჰუსეინ ფაშამ განათლება სასახლეში მიიღო. სელიმის ტახტზე ასვლის შემდეგ, 1789 წელს მეჯინიბეთუხუცესად დაინიშნა. სამი წლის შემდეგ კი იგი ოსმალეთის მიმდებარე ყველა ზღვის კაპიტნად, ქაფუდან ფაშად დააწინაურეს. 1792 წელს, სელიმ III-ის ინიციატივით, 38 წლის ჰუსეინმა ცოლად შეირთო სულთან აბდულ-ჰამიდ პირველის ქალიშვილი, ესმა და იგი სასახლის სიძე გახდა. მისი კაპიტნობის დროს განხორციელდა ოსმალეთის ფლოტის რეფორმა, საფრანგეთიდან და შვედეთიდან სპეციალისტები ჩაიყვანა. ააგო ოცამდე ახალი გემი, წყალსაცავები და პორტები. ხომალდებზე გემის ეკიპაჟის მუდმივი წვრთნისთვის მკაცრი დისციპლინა დაამყარა. 1792 წელს ეგეოსის ზღვის მეკობრეებზე გაილაშქრა, დაამარცხა ისინი და მათი ბანდები დაშალა. 1797 წელს ჰუსეინ ფაშა ვიდინის სერასკერად დაინიშნან და ჩრდილოეთ ბულგარეთში, სერბეთში, ეფლაკსა და ბოღდანში დაწყებული აჯანყების ჩახშობა დაევალა. 1798 წლის 2 ივლისს ნაპოლეონის ჯარების ეგვიპტეში გადასხმის გამო ქუჩუკ ჰუსეინი სტამბოლში გამოიხმეს. 1799 წელს ჰუსეინ ფაშა ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად ოსმალეთის ფლოტთან ერთად ხმელთაშუა ზღვაში გავიდა. მის სამხედრო ნიჭს მიაწერენ ეგვიპტიდან ნაპოლეონის გაძევებას. ეს საფრანგეთის მომავალი იმპერატორის პირველი მარცხი იყო. ეგვიპტეში ლაშქრობის დროს ჰუსეინ ფაშას თან ახლდა ხუსრევ ფაშა, რომელიც შემდეგ ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი გახდა. ეგვიპტის ოსმალეთისთვის დაბრუნების შემდეგ ქუჩუკ ჰუსეინმა მთავარ მმართველად კაიროში ხუსრევ ფაშა დანიშნა, თავად სტამბულში დაბრუნდა და შემდეგი რამდენიმე წელი ეგეოსის ზღვის კუნძულებისა და მორეას სანაპიროს უსაფრთხოებაზე ზრუნვას მოახმარა. ჰუსეინ ფაშა 1792-1794 წლებში ოსმალეთში რუსეთის საგანგებო ელჩის, შემდგომში მთავარსარდლის, მიხეილ კუტუზოვის დაახლოებული პირიც ყოფილა. კუტუზოვი სუვოროვს წერდა, – "ქუჩუკ ჰუსეინი ნამდვილი ქართველია, კოხტა და ლაზათიანი, ჯიშიანი ცხენების პატრონი, კარგი მუსიკის მოყვარული და თანაც ფულების უზომოდ მფლანგველიო". ქუჩუკ ჰუსეინ ფაშა მუდმივად მონაწილეობდა სახელმწიფოში არსებული ფინანსური და ადმინისტრაციული კრიზისის მოგვარებაში. ფრანგების ეგვიპტიდან წასვლის შემდეგ ჰუსეინ ფაშა მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ოსმალეთსა და საფრანგეთს შორის XVIII საუკუნის ბოლოს გართულებული ურთიერთობების გამოსწორებას. ამის გამო მის სიკვდილს დიდი რეზონანსი მოჰყვა საფრანგეთში. ნაპოლეონმა პარიზში ოსმალეთის ელჩს მიუსამძიმრა ჰუსეინ ფაშას გარდაცვალება.  "ეგვიპტის მეორე დამპყრობად" ცნობილი ქუჩუკ ჰუსეინ ფაშა 1803 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა ბოსფორის სანაპიროზე მდებარე მეუღლის აგარაკზე. დასაფლავებულია სტამბოლის პრესტიჟულ "დიდ მოკვდავთა სასაფლაოზე", მიჰრიშაჰ სულთნის აკლდამის ბაღში. მისი საფლავის ქვაზე ეპიტაფია ასე სრულდება - "მგზავრო, შეჩერდი და ილოცე ქაფუდან-ფაშას სულისათვის, რათა სამოთხე იყოს მისი სამარადისო სასუფეველი". წარმოშობით ქართველი.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.163


გააზიარე: