შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე შალიკოვი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ კეთილშობილთა პანსიონში. სამხედრო სამსახური დაიწყო საკავალერიო პოლკში, მონაწილეობდა ოჩაკოვის შტურმში, პოლონეთის ამბოხების ჩახშობაში. 1799 წელს თადარიგში გავიდა და ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო. 1800-იანი წლების დასაწყისში პეტრე შალიკოვმა გაყიდა თავისი მამულები უკრაინაში და მოსკოვში დასახლდა. ის ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს, 1796-1798 წლებში აქვეყნებდა სხვადასხვა ჟურნალებში, როგორც საკუთარ, ასევე, მის მიერ ფრანგულიდან თარგმნილ ლექსებს და სულ მალე მოიპოვა პოპულარობა მოსკოვის ლიტერატურულ წრეებში. პეტრე შალიკოვის ლექსების პირველი კრებული "თავისუფალ აზროვნებათა ნაყოფი" (ნაწილი პირველი) 1799 წელს გამოიცა. მისი პოეზია ხასიათდებოდა სენტიმენტალური განწყობილებებით. რუსეთში სენტიმენტალიზმის მამამთავარი იყო ნიკოლოზ კარამზინი. მოსკოვის იმდროინდელმა საზოგადოებამ პეტრე შალიკოვი კარამზინის მემკვიდრედ აღიარა. თავად კარამზინსაც უყვარდა იგი და პატივს სცემდა, როგორც მის ნიჭს, ისე პიროვნულ თვისებებს. მაღალ შეფასებას აძლევდა პეტრე შალიკოვის სამწერლო და ჟურნალისტურ საქმიანობას ალექსანდრე პუშკინიც. 1802 წელს გამოიცა პეტრე შალიკოვის ლექსების კრებული "გრაციის ყვავილები" და პროზაული ნაწარმოებები: "მოგზაურობა მალოროსიაში" (1803-1804) და "მოგზაურობა კრონშტანდტში" (1805). პეტრე შალიკოვი აქტიურად იყო ჩაბმული მოსკოვის ლიტერატურულ-ჟურნალისტურ ცხოვრებაში. იგი 25 წლის მანძილზე რედაქტორობდა გაზეთს "Московские ведомости" (1813-1836); გამოსცემდა ჟურნალებს: "Московский зритель" (1806); "Аглая" (1808-1812) და "Дамский журнал" (1823-1833). პეტრე შალიკოვს არ დაუტოვებია მოსკოვი 1812 წლის სამამულო ომის დროს, როცა ნაპოლეონის არმიამ დაიპყრო ქალაქი. თავისი შთაბეჭდილებები მან მოგონებების სახით გამოსცა 1813 წელს - "ისტორიული ცნობები ფრანგების მოსკოვში ყოფნის შესახებ 1812 წელს". 1814 წელს გამოვიდა ამავე თემაზე დაწერილი პეტრე შალიკოვის კიდევ ერთი წიგნი - "კუნძული ელბა და ახალი სანჩო-პანსა". ამავე წელს არის გამოცემული თეთრ ლექსად დაწერილი პიესა - "საუბარი საიქიოში გამოჩენილ მამაკაცთა შორის", რომელშიც გამოყვანილნი არიან ცნობილი ისტორიული პიროვნებები: ა. სუვოროვი, პ. ბაგრატიონი, მ. კუტუზოვი და მიტროპოლიტი პლატონი. ამ ნაშრომს დიდი მნიშვნელობა აქვს პეტრე შალიკოვის პოლიტიკური თვალთახედვის წარმოსაჩენად. 1819 წელს დაიბეჭდა მწერლის რჩეულ ნაწარმოებთა კრებული ორ ტომად. პეტრე შალიკოვი მოსკოვის მასონთა ლოჟის წევრი იყო. მისი მეუღლე გახლდათ გარუსებული გერმანელი, მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენელი ალექსანდრა თევდორეს ასული ლეისნაუ. ისინი 1813 წლის 9 ივლისს დაქორწინდნენ. შეეძინათ ოთხი შვილი: ნატალია (1815-1878), გიორგი (1818-1872), ანდრია (1823-1896) და სოფიო (1832-1913). პეტრე შალიკოვი გარდაიცვალა 1852 წლის 16 თებერვალს თავის მამულში, მოსკოვის გუბერნიის სერპუხოვოს მაზრაში. მისი ერთადერთი და, ალექსანდრა, იყო პოეტი და მთარგმნელი. მწერალი იყო პეტრე შალიკოვის ასული ნატალიაც. წერდა ფსევდონიმით ე. ნარსკაია. ის ითვლება პირველ ქალ ჟურნალისტად რუსეთში. ქართული წარმოშობის რუსი მწერალი. წყარო: ორტომეული. ტ. 1, შორეული თავისიანები და ჩვენებური უცხოელები / სიმონ არველაძე.-ქუთაისი,2015.-გვ.335-343; old.mglin-krai.ru
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |