შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქოჯა იუსუფ ფაშა![]()
ბიოგრაფიაახალგაზრდობაში იუსუფ ფაშა კაპუდან ფაშა ღაზი ჰასანის მსახური იყო. შემდეგ გამდიდრდა, გახდა საადმირალო უწყების ხაზინადარი და ოსმალეთის სასახლის კარზე კავშირების დამყარებით მიაღწია ფაშობას. იუსუფ ფაშა ორგზის იყო დიდვეზირად დაწინაურებული - 1786-1789 და 1791-1792 წლებში. იგი დიდი პატივით სარგებლობდა სულთნის კარზე. 1788-1791 წლებში რუსეთთან და ავსტრიასთან ომის დროს ოსმალეთის ჯარს ხელმძღვანელობდა, იყო უმაღლესი მთავარსარდალი. 1788 წელს, მისი მეთაურობით, თურქების 70000 ლაშქარმა ლუდიშთან სასტიკად დაამარცხა ავსტრიის იმპერატორ იოსებ II-ის 50000 არმია. მარსერთან დაცული მასალებით ირკვევა, რომ იუსუფ ქოჯა ყოფილა სამართლიანი კაცი, რომელიც ებრძოდა კორუფციას; მილერი კი თვლის, რომ იგი ფრონტზე არსებულ წინააღმდეგობათა გამო (წარუმატებლობები, მფლანგველობა, მექრთამეობა) შეცვალეს ღაზი ჰასანით. 1790 წელს, ღაზი ჰასანის სიკვდილის შემდეგ, ისევ დიდვეზირი გახდა, 1790 წლის 19 ოქტომბერს იუსუფ ფაშამ ხელი მოაწერა ავსტრია-ოსმალეთის ხელშეკრულებას. 1791 წლის აგვისტოში, მისივე მონაწილეობით, ბულგარეთის ქალაქ სისტოვში თურქეთმა რაიჰენბახის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სეპარატული შეთანხმება დადო ავსტრიასთან. ხელშეკრულების შედეგად რამდენადმე გაუმჯობესდა ოსმალეთის მძიმე შიდა და გარე პოლიტიკური მდგომარეობა, უპირველეს ყოვლისა, ფინანსური თვალსაზრისით. გარდა ამის, ამ ზავით თურქეთმა დაიბრუნა უფლებები ქალაქ ბელგრადზე. 1791 წელს იუსუფ ფაშამ და რუსეთის არმიის სარდალმა, გენერალმა რეპნინმა გალაცში რუსეთ–ოსმალეთის წინასწარ საზავო პირობებს მოაწერეს ხელი. იმავე წლის ოქტომბერში იუსუფ ფაშას აქტიური მონაწილეობით ამასიაში გაიმართა მოლაპარაკება, ხოლო 9 იანვარს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. ამ ზავით ოსმალეთმა უარი თქვა საქართველოს მიმართ თავის პრეტენზიებზე. ამის შემდეგ იუსუფს დასდეს ბრალი არასაიმედოობაში, გაათავისუფლეს თანამდებობიდან და გადაასახლეს კუნძულ როდოსზე. 1799 წელს სულთანმა იგი შეიწყალა და არზრუმის ბეგლარბეგობა უბოძა. 1799-1810 წლებში იუსუფ ფაშა იყო ოსმალეთის მეორე ვეზირი და აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეგვიპტეში ნაპოლეონის ლაშქრობისას ის თურქეთის ლაშქრის მთავარსარდლის მოადგილე, ხოლო რუსეთ–თურქეთის შემდგომი ომის დროს აღმოსავლეთ ფრონტის სარდალი იყო. იუსუფ ფაშა გამოირჩეოდა საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც – იყო ოსმალეთის დიდებულთა იმ მცირერიცხოვანი ჯგუფის წევრი, რომლის თაოსნობითაც 1790–იან წლებში მიმდინარეობდა ბრძოლა რეფორმებისათვის. პროგრამის დებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი განხორციელდა – იანიჩრების მღელვარებისა და რეფორმებისადმი დიდებულთა უმეტესობის მტრული დამოკიდებულების გამო, სულთანმა სელიმ III–მ სრულად ვერ განახორციელა ეს რეფორმები. ევროპელი ავტორები ქოჯა იუსუფ ფაშას ახასიათებენ, როგორც ჯარში რეფორმების გატარებისა და კორუფციის აღმოფხვრისათვის მებრძოლს – ცნობილია მისი წინადადებები სელიმ III-ის მიმართ, შეექმნათ ახალი ლაშქრის კორპუსი, რომელიც გაწვრთნილი და დისციპლინირებული იქნებოდა ევროპულ ყაიდაზე. სიცოცხლის ბოლოს იყო ქალაქ ჯიდას გუბერნატორი, სადაც გარდაიცვალა კიდეც. რუს მწერალს, ვალენტინ პიკულს თავის ისტორიულ რომანში "იანიჩარები", დახასიათებული ჰყავს ქოჯა იუსუფ ფაშა. მეტსახელი "ქოჯა იუსუფი" ანუ "დიდი იოსები" მას მიღებული ჰქონდა წარმოსადეგი აღნაგობის, გრძელი წვერისა და ხანგრძლივი ცხოვრების გამო. წარმოშობით ქართველი. წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.100
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |