შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტრიფონ თურქესტანოვი (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფიამიტროპოლიტი ტრიფონი (ერისკაცობაში ბორის თურქესტანოვი) დაიბადა მოსკოვში 1861 წლის 29 ნოემბერს. მამამისი, პეტრე თურქესტანოვი (1830-1891 წწ.), ძველ ქართველ თავადთა პირდაპირი შთამომავალი იყო. მისი წინაპარი, ბორის პანკრატის ძე თურქესტანიშვილი, რუსეთში პეტრე I–ის მეფობის დროს ჩავიდა. მომავალი მღვდელმთავრის დედა – ბარბარე ალექსანდრეს ასული ნარიშკინა თავადის ქალი იყო. 1887 წელს იგი ოპტინის უდაბნოში ბერ ამბროსისთან მორჩილად დადგა, მანვე აკურთხა მონაზვნობაზე. 1891 წელს ბორისი ბერად აღიკვეცა ტრიფონის სახელით. სულ მალე მამა ტრიფონი ბერ–დიაკვნად, შემდეგ კი მღვდელ–მონაზვნად იქნა ხელდასმული. ბერი ამბროსის კურთხევით ტრიფონმა სწავლა დაიწყო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. სწავლის პერიოდში იგი პატიმართა გადასაგზავნ ციხეში მსახურობდა. 1891 წელს მამა ტრიფონმა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა აკადემია და დაიცვა დისერტაცია თემაზე "ძველქრისტიანი და ოპიტნელი ბერები". იგი ფლობდა ხუთ უცხო ენას: ბერძნულს, ლათინურს ფრანგულს გერმანულსა და ინგლისურს 1895-1901 წლებში მამა ტრიფონი მოსკოვის სასულიერო აკადემიის ზედამხედველი, შემდეგ კი მოსკოვის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო. 1901 წლის 18 ივლისს იგი დმიტროვსკის ეპისკოპოსად, მოსკოვის ეპარქიის ქორეპისკოპოსად იკურთხა და ამ თანამდებობაზე 15 წელიწადი მსახურობდა. მქადაგებლობის განსაცვიფრებელი ნიჭის გამო, მორწმუნე მრევლმა მას "მოსკოვის ოქროპირი" უწოდა. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ეპისკოპოსი ტრიფონი მოქმედ არმიაში მსახურობდა. პოლონეთის ფრონტზე კონტუზია მიიღო და იძულებული გახდა მოსკოვში დაბრუნებულიყო. 1916 წლიდან აღარ იყო რა მოქმედი ეპისკოპოსი, ნოვო–იერუსალიმის აღდგომის მონასტერში მოღვაწეობდა. 1917 წელს ფრონტიდან კვლავ ამ მონასტერში დაბრუნდა. 1918 წლიდან მეუფე ტრიფონი მოსკოვში ცხოვრობდა და აღარ მონაწილეობდა ეკლესიის ადმინისტრაციულ საქმეებში. მასთან განუწყვეტლივ მოედინებოდა მნახველთა უწყვეტი ნაკადი სულიერ თუ ცხოვრებისეულ საკითხებზე რჩევის მისაღებად. მორწმუნე მრევლი მას პატივს სცემდა, როგორც დიდებულ მღვდელმთავარს, ჩინებულ მქადაგებელსა და მადლმოსილ მოღვაწე ბერს, მისი რჩევები, შეხედულებები არცთუ იშვიათად გადამწყვეტი იყო არათუ მხოლოდ მისი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილებისათვის, არამედ რევოლუციის შემდგომი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც. პატრიარქი ტიხონი მისდამი დიდი პატივისცემით იყო გამსჭვალული, მასთან ერთად ხშირად მსახურობდა და 1923 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. რუსეთის ეკლესია ამ ორ საეკლესიო მოღვაწეს ორ "დიდ სვეტად" მიიჩნევს, რომლებიც მძიმე დროებაში განამტკიცებდნენ რუსეთის წმინდა ეკლესიას. 1825 წელს, პატრიარქ ტიხონის გარდაცვალების შემდეგ, მთვარაეპისკოპოს ტრიფონის მოღვაწეობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ფორმალურად ითვლებოდა რა პენსიონერად, ის ჭეშმარიტად რუსეთის მართლმადიდებლობის ერთ–ერთი უმთავრესი სულიერი წინამძღოლი იყო. 1931 წელს, მისი ეპისკოპოსად მსახურების 30 წლისთავთან დაკავშირებით, იგი აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მეუფე ტრიფონის სიტყვა მათთვის, ვინც რუსეთის ცხოვრების 20-30–იანი წლების საშინელებების დროს შეინარჩუნა ჭეშმარიტი რწმენა, კანონი იყო. მხატვარი პავლე კორინი, რომელმაც ნატურიდან შექმნა მიტროპოლიტ ტრიფონის პორტრეტი იგონებდა, რომ მრავალი სასულიერო პირის პორტრეტი სწორედ მეუფე ტრიფონის დამსახურებით შემორჩა ისტორიას. სასულიერო პირები, რომელთაც მხატვარი სახლში იწვევდა, პორტრეტის შექმნაზე მხოლოდ მას შემდეგ თანხმდებოდნენ, როცა შეიტყობდნენ, რომ ეს ყველასგან პატივცემული მეუფე ტრიფონის ლოცვა–კურთხევით ხდებოდა. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მიტროპოლიტმა ტრიფონმა დაწერა სამადლობელო აკათისტო (დაუჯდომელი) – "გმადლობ შენ ღმერთო ყველაფრისთვის". მიტროპოლიტი ტრიფონი გარდაიცვალა 1934 წ. 14 ივნისს. დაკრძალულია მოსკოვის ვედენსკის სასაფლაოზე. მისი სამარე დღემდე წარმოადგენს რუსი მართლმადიდებლი მრევლისათვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს. პოეტმა სერგეი სოლოვიოვმა ეპისკოპოს ტრიფონს სამადლობელი ლექსი მიუძღვნა. წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.77
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |