შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ როინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. 1897 წელს ალექსანდრე როინაშვილის დახმარებით ჩამოვიდა თბილისში და მისივე სახელოსნოში შეისწავლა ფოტოხელოვნება. პარალელურად ხატვას გიგო გაბაშვილის სტუდიაში სწავლობდა. 1898 წელს ალექსანდრე როინაშვილმა ვასილი, როგორც ნიჭიერი მხატვარი, მოსე თოიძესთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად გააგზავნა პეტერბურგის სამხატვრო სკოლაში. იქ მას პედაგოგობას უწევდა ცნობილი რუსი ფერმწერი ილია რეპინი. შემონახულია მისი გრაფიკული ნამუშევრები შესრულებული გიგო გაბაშვილის სახელოსნოსა და პეტერბურგის სამხატვრო სკოლაში (ისინი ინახება ვასილის შვილიშვილის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თენგიზ ბერიძის ოჯახში). ალექსანდე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თხოვნით, ერთი წლის განმავლობაში ვასილი ხელმძღვანელობდა მის ფოტოსტუდიას. ალექსანდრეს მსგავსად ვასილიც ეხმარებოდა ღარიბი ოჯახის შვილებს. ჯერ კიდევ გიგო გაბაშვილის სტუდიაში სწავლის დროს მან უარი თქვა დანიშნულ სტიპენდიაზე ორი ობოლი ბავშვის სასარგებლოდ. ისინი ვასილმა თავისი ხარჯით სათავადაზნაურო სასწავლებელში მოაწყო. (შემდგომშიც ვასილს არაერთხელ დაუცავს მზრუნველობამოკლებული ბავშვების უფლებები საჯაროდ და გაუწევია მათთვის შუამდგომლობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან დაფინანსების თაობაზე). ერთი წლის შემდეგ ვასილმა დატოვა თბილისი და დროებით სიღნაღში გადავიდა სამუშაოდ, შემდეგ კი შუა აზიაში, ბუხარაში გაემგზავრა, სადაც ეწეოდა ფოტოგრაფიულ საქმიანობას. შემონახულია მი მიერ გადაღებული შუააზიური პერიოდის ფოტოსურათები. 1901 წელს დაბრუნდა საქართველოში. იგი ჯერ კახეთში, სოფელ მატანში, ჩოლოყაშვილებთან ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა და დამკვიდრდა თელავში, სადაც აქტიურად ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას. ამ დროს არის გადაღებული საინტერესო ფოტოები, რომლებზეც ასახულია იმდროინდელი თელავის ყოფითი ცხოვრება, მოქალაქეთა ტიპაჟები, ქალაქის ხედები, რომლის მიხედვითაც დღეს თელავში აღდგა არაერთი უძველესი შენობა-ნაგებობა. თელავში ვასილ როინაშვილის სახლი იყო ერთგვარი სალონი, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ვასილ ბარნოვი, იოსებ იმედაშვილი, ნიკო სულხანიშვილი, გიორგი ქუჩიშვილი და სხვ. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში - თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებასთან, საბიბლიოთეკო განყოფილებასთან, იყო "ილიაობის" მომწყობი კომისიის წევრი. ვასილი არ ერიდებოდა მეფის რუსეთის მთავრობისთვის საშიში დაჯგუფების წევრებთან ანუ, როგორც კახელები უწოდებდნენ, "ტყეში გასულ ბიჭებთან" ურთიერთობას (ხარებასთან და გოგიასთან და მათ თანამებრძოლებთან). ვასილი მონაწილეობდა ხანმოკლე საქართველო-სომხეთის ომში 1918 წელს კახეთის რაზმის შემადგენლობაში, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. შემორჩენილია ამ ისტორიული მოვლენის ამსახველი რამდენიმე ფოტო. ვასილ როინაშვილს მოუწია ცხოვრება 1924-1937 წლების სისხლიანი რეპრესიების დროს, რომელსაც მისი მრავალი მეგობარი შეეწირა. 1946 წელს თბილისში დაარსდა კინო-ფოტო-ფონო საბუთების ცენტრალური სახელმწიფო არქივი. 1949 წლის მაისში თელავში მოეწყო ექსპედიცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფოტოსურათების შესაგროვებლად. ვასილ როინაშვილმა უსასყიდლოდ გადაიღო ისტორიული მნიშვნელობის მქონე სურათების ასლები და გაუგზავნა არქივს. ასევე საჩუქრად გადასცა თავისი პირადი მდიდარი ფოტო არქივი. 1940-იანი წლებიდან დაიწყო დროებით მივიწყებული ალექსანდრე როინაშვილის სახელის გამომზეურება. 1949 წელს მთავრობის მიერ თბილისში დაიგეგმა ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოს მოწყობა. ამ საღამოს ერთ-ერთი განყოფილების ორგანიზება დაევალა ვასილ როინაშვილს. ეს ითვალისწინებდა ალექსანდრე როინაშვილის ფოტოების (100-მდე), ნაშრომების და ჩანაწერების თავმოყრას და გამოფენას. ვასილ როინაშვილის თხოვნა იყო, რომ დუშეთში დაარსებულიყო მუზეუმი, სადაც ერთ-ერთი კუთხე ალექსანდრე როინაშვილს დაეთმობოდა (წარმოშობით დუშეთიდან იყო). ვასილს ჰქონდა შექმნილი შესანიშნავი ფოტოსურათების სერია კახეთის მთიანეთზე, კერძოდ თუშეთზე. მისი სურვილი იყო, გაეკეთებინა ეთნოგრაფიული ჩანახატები. დაეხატა ხევი, მისი ცხოვრებისეული სიუჟეტები: ქორწილი, ჯირითი, ყეენობა, ხალხური სპორტი და შეეგროვებინა ისტორიული მნიშვნელობის ფოტოები. ვასილ როინაშვილს გადაღებული აქვს თელავის უნიკალური ფოტოები, ცნობილი ადამიანები: აკაკი წერეთელი, ნიკო სულხანიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, იოსებ იმედაშვილი, ვასილ ბარნოვი და სხვები, ადამიანთა ტიპაჟები, ხელოსანთა გაერთიანებები (ამქრები), ქალაქის ხედები. მის ფოტოებში უწყვეტად არის ასახული თელავი და მისი მოსახლეობა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ამავე საუკუნის 50-იან წლებამდე. ნათლად და მხატვრულად არის ასახული ის ცვლილება, რომელიც განიცადა ქალაქმა და მისმა მოსახლეობამ ამ პერიოდის მანძილზე. ვასილ როინაშვილის ფოტოების მიხედვით შეიქმნა მხატვრული ფილმი "ხარება და გოგია" (რეჟ. გ. შენგელაია). ვასილ როინაშვილის ფოტოების გარკვეული ნაწილი დაცულია თელავის ისტორიის მუზეუმში, კერძო კოლექციონერებთან და ცალკეულ ოჯახებში. ქველმოქმედი. წყარო: karibche.ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |