The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა ორბელიანი (იმერეთის დედოფალი)

ანა ორბელიანი
Other name:ანა-მათე
Date of birth:17 July, 1765
Date of death:4 June, 1832  (at 66 years)
Burial location:დონის მონასტერი, მოსკოვი
Category:Nobleman, Historical Person, Royalty

Biography

დაიბადა ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის დისშვილის მამუკა (მათე) ორბელიანისა და მისი მეუღლის, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენლის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ ანა და მისი ძმები თბილისში, ერეკლეს კარზე იზრდებოდნენ; დაახლოებით 1781 წელს ანა იმერთა ბატონიშვილ დავითს მიათხოვეს; წყვილს ერთადერთი ვაჟიშვილი - კონსტანტინე და სამი ქალიშვილი - მზეხათუნა, ანასტასია და თამარი ჰყავდა; დავითი სოლომონ I-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის იმხანად თბილისში ცხოვრობდა. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ დავითი იმერეთში დაბრუნდა და ტახტისთვის ბრძოლაში ჩაება; ხანმოკლე მეფობის შემდეგ ის დაამარცხა ერეკლე II-ის შვილიშვილმა დავითმა, რომელიც იმერეთის ტახტზე სოლომონ II-ის სახელით ავიდა. დავითი დევნილობაში გარდაიცვალა ახალციხის საფაშოში, ხოლო ანა და კონსტანტინე სოლომონ II-ის მძევლები აღმოჩნდნენ. მიუხედავად მეფის მხრიდან შევიწროებისა, ანამ მოახერხა და გარდაცვლილი მეუღლის ნეშტი ახალციხიდან ჯრუჭის მონასტერში გადმოასვენა; შემდეგ ანამ მფარველობა სოლომონ II-ის პაპას, ერეკლე II-ს სთხოვა; 1798 წელს ერეკლემ ანას მამული უბოძა იმერეთ-ქართლის სასაზღვრო ზონაში, ხეფინისხევში; ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ (1798), სოლომონ II ცდილობდა ანა ქუთაისში გადასვლაზე დაეთანხმებინა, ხოლო თავადი გოგია აბაშიძე დაქვრივებულ დედოფალს მამულებს ეცილებოდა. 1802 წლის მარტში მეფემ შეიარაღებული რაზმი გაგზავნა ხეფინისხევში. დედოფლის მსახურებმა მომხდურთ წინააღმდეგობა გაუწიეს და ანას მახლობელ ტყეში გაქცევის საშუალება მისცეს. სურამთან ის რუსთა ჯარის ნაწილმა საკუთარი დაცვის ქვეშ აიყვანა; ანა პეტერბურგს გაემგზავრა და იმპერატორ ალექსანდრე I-ს დახმარება სთხოვა; 1804 წელს რუსეთის მთავრობამ აიძულა სოლომონ II გაეთავისუფლებინა კონსტანტინე ბატონიშვილი მუხურის ციხეში პატიმრობიდან და იმერთა ტახტის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, ხოლო იმერეთის სამეფო რუსეთის "მფარველობაში" შეეყვანა; იმავე წელს იმპერატორის გადაწყვეტილებით ანას მიეცა უფლება სიცოცხლის ბოლომდე დედოფლის ტიტული ეტარებინა; მას ასევე მიენიჭა წმინდა ეკატერინეს ორდენის დიდი ჯვარი; ანა და კონსტანტინე თბილისში დასახლდნენ;
რუსეთის ხელისუფლებამ ანა აიძულა 1809 წელს გადასახლებულიყო სანქტ-პეტერბურგში, სადაც სახელმწიფოსგან დანიშნული მცირე პენსიით ცხოვრობდა რძალთან და შვილიშვილთან ერთად; მას ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ქართველ მწიგნობრებთან; პეტერბურგიდან უშედეგოდ ცდილობდა იმერეთში მისი და კონსტანტინე ბატონიშვილის მამულები დაებრუნებინა ან სათანადო ფულადი კომპენსაცია მიეღო; დედოფალს ასევე უარი ეთქვა სამშობლოში დაბრუნების თხოვნაზე; 1811 წელს პეტერბურგში, ნაქირავებ სახლში მაცხოვრის შობის სახელობის სალოცავი მოაწყო; სანქტ-პეტერბურგში ცხოვრებისას ნაყოფიერ ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა; იგი დიდ ინტერესს იჩენდა ძველი ქართული მწერლობისადმი, გატაცებული იყო ბესარიონ გაბაშვილის პოეზიით, ხელნაწერების გამრავლებით. ანა ყურადღებას არ აკლებდა თანმხლებ ქართველებს: "უცხოდ გვზრდიდა უცხოთა უცხოებასა შინა", იგონებდა ოსე გაბაონი; ანა დედოფალი არჩევდა და ათარგმნინებდა "სულისა და გონებისათვის სარგო წიგნებს"; ასეთად მიუჩნევია "კიტაიის სიბრძნე", რომელიც ქადაგებს: "უნდა ეცადო აღჭურვად გონებისა შენისა სიმხნითა და მოთმინებითა, რომელთაცა შემძლებელ იქმნა ტვირთად შესაფერითა მდგომარებითა ხუედრსა უბედურსა ცხოვრებისა შენისასა. ვითარცა აქლემი იტვრთავს სასჯელსა სიცხესა შიმშილსა და წყურვილსა და განვლის სილიანსა უდაბურსა დაუსუსტებლად, ეგრეთვე მამაკაცებრი სიმტკიცე განამაგრებს კაცსა ყოველსა შინა განსაცდელსა". დასახელებული წიგნი დედოფლის ბრძანებით გადაუწერია გიორგი ჯათიშვილს 1816 წელს, მასვე გადაუწერია არისტოტელის "კატიღორია"  18I4 წელს, "აღიწერა წიგნი ესე კატიღორია და სრულ იქმნა ბრძანებითა მათის უმაღლესობის იმერეთის დედოფლის ანნასითა, სამეუფოსა ქალაქსა სანქტ-პეტერბუღს ხელითა გიორგი ჯათთიშვილისათა", წერია ხელნაწერზე დართულ ანდერძში. ანა დედოფლის ბრძანებით იოანე მუსხელიშვილმა 1815 წელს გადაწერა ანტონის "გრამატიკა", გიორგი ტერტერაშვილმა 1822 წელს იერონიმე აღათანგელოზის "წინასწართქმული", ევსტათი აბაშიძემ 1816 წელს "ღვთისმშობლის მიძინება" და სხვ. განსაკუთრებით ბევრი ხელნაწერი დაუმზადა ანას ქალაქ ბელგოროდში ბესიკის ძმამ ოსე გაბაშვილმა, "მაგალითნი კეთილმსახურებისანი", ამ ხელნაწერის ერთ-ერთი ნაწილის გადამწერი არის ოსე გაბაონი, აგრეთვე "ჟამნი", ვახუშტი ბაგრატიონის "ისტორია-გეოგრაფია", "სახარება", "სამოციქულო" და სხვ.; ანას დავალებით ასლან ათაბეგოვმა შეადგინა კომპილაციური შრომა: "ისტორია ორბელიანთა შთამოსირებისა", ხოლო მაია ჩიქოვანმა დაამზადა ვახუშტის რუკების პირები (ასლები). საყურადღებოა, რომ იმ დროის განათლებულ საზოგადოებას ანას საქმიანობა მიაჩნდათ არა უბრალოდ  დედოფლის სურვილად, არამედ მისი "სიბრძნის მოყვარების" შედეგად; მწიგნობრობისაგან შორს არ ყოფილა მისი ვაჟიშვილის კონსტანტინეს მეუღლე ანასტასია აბაშიძეც. ცნობილია როგორც მისი დაკვეთით დამზადებული ხელნაწერი ისე მისი კუთვნილი ნუსხებიც. გარდაიცვალა მოსკოვში 1832 წელს, 62 წლის ასაკში; ის სამეფო პატივით დონის მონასტერში დაკრძალეს. მწიგნობარი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.172-174


Share: