Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა ორბელიანი (იმერეთის დედოფალი)![]()
Biographyდაიბადა ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის დისშვილის მამუკა (მათე) ორბელიანისა და მისი მეუღლის, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენლის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ ანა და მისი ძმები თბილისში, ერეკლეს კარზე იზრდებოდნენ; დაახლოებით 1781 წელს ანა იმერთა ბატონიშვილ დავითს მიათხოვეს; წყვილს ერთადერთი ვაჟიშვილი - კონსტანტინე და სამი ქალიშვილი - მზეხათუნა, ანასტასია და თამარი ჰყავდა; დავითი სოლომონ I-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის იმხანად თბილისში ცხოვრობდა. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ დავითი იმერეთში დაბრუნდა და ტახტისთვის ბრძოლაში ჩაება; ხანმოკლე მეფობის შემდეგ ის დაამარცხა ერეკლე II-ის შვილიშვილმა დავითმა, რომელიც იმერეთის ტახტზე სოლომონ II-ის სახელით ავიდა. დავითი დევნილობაში გარდაიცვალა ახალციხის საფაშოში, ხოლო ანა და კონსტანტინე სოლომონ II-ის მძევლები აღმოჩნდნენ. მიუხედავად მეფის მხრიდან შევიწროებისა, ანამ მოახერხა და გარდაცვლილი მეუღლის ნეშტი ახალციხიდან ჯრუჭის მონასტერში გადმოასვენა; შემდეგ ანამ მფარველობა სოლომონ II-ის პაპას, ერეკლე II-ს სთხოვა; 1798 წელს ერეკლემ ანას მამული უბოძა იმერეთ-ქართლის სასაზღვრო ზონაში, ხეფინისხევში; ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ (1798), სოლომონ II ცდილობდა ანა ქუთაისში გადასვლაზე დაეთანხმებინა, ხოლო თავადი გოგია აბაშიძე დაქვრივებულ დედოფალს მამულებს ეცილებოდა. 1802 წლის მარტში მეფემ შეიარაღებული რაზმი გაგზავნა ხეფინისხევში. დედოფლის მსახურებმა მომხდურთ წინააღმდეგობა გაუწიეს და ანას მახლობელ ტყეში გაქცევის საშუალება მისცეს. სურამთან ის რუსთა ჯარის ნაწილმა საკუთარი დაცვის ქვეშ აიყვანა; ანა პეტერბურგს გაემგზავრა და იმპერატორ ალექსანდრე I-ს დახმარება სთხოვა; 1804 წელს რუსეთის მთავრობამ აიძულა სოლომონ II გაეთავისუფლებინა კონსტანტინე ბატონიშვილი მუხურის ციხეში პატიმრობიდან და იმერთა ტახტის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, ხოლო იმერეთის სამეფო რუსეთის "მფარველობაში" შეეყვანა; იმავე წელს იმპერატორის გადაწყვეტილებით ანას მიეცა უფლება სიცოცხლის ბოლომდე დედოფლის ტიტული ეტარებინა; მას ასევე მიენიჭა წმინდა ეკატერინეს ორდენის დიდი ჯვარი; ანა და კონსტანტინე თბილისში დასახლდნენ; წყარო nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |