The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ჯორჯაძე

დიმიტრი ჯორჯაძე
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:1985  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. მენტონის სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:ბიზნესმენი, მეწარმე, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დიმიტრი ჯორჯაძე იყო ტიტულარული მრჩევლის, ქველმოქმედისა და კავკასიის კავალერიის პოლკის ოფიცრის ალექსანდრე ჯორჯაძისა და დომენიკა ნაუმენკოს შვილი. სწავლობდა ვლადიკავკაზში იუნკერთა სასწავლებელში. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დიმიტრი ჯორჯაძე წამოვიდა სასწავლებლიდან და როგორც მოხალისე, ბათუმის დამცველთა რიგებს შეუერთდა, იყო ბათუმის ადმინისტრაციის წევრი. საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ, იმ იმედით რომ უკან მალევე დაბრუნდებოდა ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა თურქეთში, შემდეგ იტალიაში, სადაც იტალიელ მრბოლელ ზანირატს დაუმეგობრდა. ზანირატისგან ისწავლა ავტომობილის მართვა და ამ პერიოდშივე შეიძინა თავისი პირველი ავტომობილი იტალიური "Lancia". იტალიიდან დიმიტრი ჯორჯაძე საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და კერძო ტაქსოპარკი შეიძინა, სადაც მძღოლებად ქართველები დაასაქმა, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრები; პარალელურად ის ავტოსპორტით იყო დაკავებული და საბოლოოდ პროფესიონალ ავტომრბოლელად ჩამოყალიბდა. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო გზატკეცილის რბოლები, რომელიც ბელგიის საკურორტო ქალაქ სპას შემოგარენში ტარდებოდა, აღნიშნული ავტოდრომი ყველაზე სწრაფ ტრასად ითვლებოდა. 1931 წელს დიმიტრი ჯორჯაძემ სპა ფრანორშანზე 24 საათიან რბოლაში "მერსედეს ბენც SSK" გრან–პრი მოიგო. რბოლისას მას პარტნიორობას იტალიელი გოფრედო ზეენდერი უწევდა. რუსული პრესა დიმიტრი ჯორჯაძეს ხშირად მოიხსენიებდა რუს ემიგრანტად, ზოგიერთი წყარო კი რუმინელ გრაფად მიიჩნევდა. ავტოსპორტში მას ხშირად მოიხსენიბდნენ როგორც "კაცს ავაზის ტყავში". 1937 წელს დიმიტრი ჯორჯაძე დაქორწინდა ოდრი ემერზე. ოდრი უძრავი ქონების მულტიმილიონერ ჯონ ჯოსი ემერის ქალიშვილი და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II შვილიშვილის დიდი თავადის დიმიტრი პავლეს ძე რომანოვის ყოფილი მეუღლე იყო. ქართველმა თავადმა აღზარდა ოდრი ემერისა და დიმიტრი რომანოვის ვაჟი – პავლე. ოდრისთან განქორწინების შემდეგ, დიმიტრი ჯორჯაძემ 1954 წელს ცოლად მოიყვანა მოდელი და მსახიობი სილვია ეშლი. 1940 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კაროლინაში დიმიტრი ჯორჯაძემ ყველაზე ლამაზი და ისტორიული მნიშვნელობის პლანტაცია "Boone Hall" შეიძინა თავის ცხენსაშენთან ერთად. იგი ცნობილი იყო როგორც წმინდასისხლიანი ცხენების ბრწყინვალე სელექციონერი. მისი ცხენები რეგულარულად მონაწილეობდნენ დოღში. დიმიტრი ჯორჯაძე აქტიურად იყო დაკავებული სასტუმროების ბიზნესში სერჟ ობოლენსკისთან ერთად. იყო ცნობილი სასტუმროს "Ambassador"-ის ადმინისტრატორი. გადმოცემით, მხატვარმა ირაკლი თოიძემ "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრირებისას ტარიელის პორტრეტისათვის დიმიტრი ჯორჯაძე შეარჩია. დიმიტრი ჯორჯაძე გარდაიცვალა მონტე-კარლოში. მონაკოდან გადაასვენეს და საფრანგეთში, ქ. მენტონის სასაფლაოზე დაკრძალეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამერიკელმა მწერალმა ქალმა გეილ ელტონ მეიომ დიმიტრი ჯორჯაძის შესახებ წიგნი "კაცი ვეფხვის ტყავში - თავად დიმიტრი ჯორჯაძის ცხოვრება" გამოსცა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.187; sputnik-georgia.comold.tbiliselebi.ge


გააზიარე: