The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ანდრონიკოვი

მიხეილ ანდრონიკოვი
დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1919  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გერმანია.

მამამისი, ქართველი თავადი მიხეილ ანდრონიკოვი, ოფიცრად  მსახურობდა რუსეთის არმიაში, მონაწილეობდა რუსეთ–თურქეთის ომში. იყო დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძის ადიუტანტი. დედა უნგერნ–შტერნბერგი ბარონესა იყო. ანდრონიკოვ უმცროსი გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა. რუსეთში იგი ახალგაზრდობის წლებში ჩამოვიდა და "რუსი ხალხის კავშირს" დაუახლოვდა, მეგობრობდა პეტროგრადის ქალაქის თავთან - ფონ დერ ლაუნიცთან, გამოსცემდა გაზეთს "გოლოს რუსსკოგო." 1897-1914 წლებში თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა ორგანოებთან. იყო ლამერ–იუნკერი, ტიტულარული მრჩეველი, 1914-1916 წლებში იყო წმიდა სინოდის ობერ–პროკურორთან საგანგებო დავალებათა ზესაშტატო მოხელე. ვიტეს პრემიერობის დროს რამდენჯერმე გაიგზავნა გერმანიაში საგანგებო დავალებებით. პირადი ნაცნობობა აკავშირებდა იმპერატორ ვილჰელმ II-სთან, ამიტომაც იყო, რომ I მსოფლიო ომის დროს, გერმანოფილობის ბრალდებით, იმყოფებოდა სამხედრო უწყების ზედამხედველობის ქვეშ. (ცნობილია ანდრონიკოვის სიტყვა, კაიზერთან დაზავებასთან დაკავშირებით: "ნუ დაივიწყებთ, ბატონებო 1905 წელს. ჩემი აზრით, უმჯობესია გერმანელებმა მოგვჭრან კუდი, ვიდრე ჩვენმა გლეხებმა თავი"). მოგვიანებით დაუახლოვდა გრიგორი რასპუტინს და  მისი უშუალო კონსულტანტი გახდა საკადრო დანიშვნებისა და სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთობის სფეროში. იგი თავის ოთახს საგანგებოდ უთმობდა რასპუტინს, ეპისკოპოს ვარნავასთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ხვოსტოვთან და საიდუმლო მრჩეველ ბელეცკისთან შესახვედრად. მეფის კარზე მიღებული რელიგიურობის მიმართ უნისონში ფეხის ასაწყობად და საკუთარი ღვთივსათნომყოფელობის ხაზგასასმელად, საკუთარ საძინებელში, ფარდის მიღმა სამლოცველო ჰქონდა მოწყობილი –  დიდი ჯვარცმით, ანალოღიით, მაგიით ნაკურთხი წყლისათვის. იმავე საძინებელში, შირმის მეორე მხარეზე, ორადგილიან საწოლზე  იღებდა პროტექციისათვის მოსულ მთხოვნელებს. "თანდათანობით ანდრონიკოვმა რასპუტინის ნდობა დაიმსახურა და შემდეგში მისი ერთ–ერთი ყველაზე ახლობელი და ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. "სულმდაბალი პიროვნებაა" – თქვა მიხეილ ანდრონიკოვის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ს.ი. ვიტემ. მწერალ კასვინოვის დახასიათებით: "თითქოს არც ჯაშუში იყო, არც გაიძვერა. სულ რაღაცას ჯახირობდა, ფლიდობდა, ინტრიგნობდა; ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა ადამიანებს". რასპუტინის ბინაზე კი ანდრონიკოვი აწყობდა ქეიფებს ოფიცრებისათვის –  ახვედრებდა ქალებს და მათი მეშვეობით სცინცლავდა უკანასკნელ მონაცემებს ჯარების მდგომარეობის შესახებ. იგი ოსტატურად იყენებდა თავადის ტიტულს და ნაცნობობას ამყარებდა ქალაქის ოფიცრობასთან, შესაფერის კომპანიონებს ეძებდა რესტორნებში – "ასტორიასა" და "ევროპაში". ადგენდა ცნობებს რუსეთში მოხვედრილ გერმანელ ტყვეებზე. 1916 წელს რასპუტინი და ანდრონიკოვი დაემდურნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს ალექსანდრა ფეოდოროვნამაც ალმაცერად დაუწყო ყურება. 1917 წელს, ეჭვმიტანილი იყო გერმანელთა სასარგებლოდ ჯაშუშობაში და სამხედრო მდგომარეობაში მყოფ ორივე დედაქალაქში აეკრძალა ცხოვრება. მეფეის ბრძანაებით ანდრონიკოვი რიაზანში გადაასახლეს. 1917 წლის 7 თებერვალს თვითნებურად დაბრუნდა მოსკოვში. დროებითი მთავრობის საგანგებო სამძებრო კომისიის წარდგინებით 1917 წლის 23 მარტიდან 1 ივლისამდე იმყოფებოდა საპატიმროში – პეტრე-პავლეს ციხის ტრუბეცკის ბასტიონში. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, ლენინისა და ძერჟინსკის რეკომენდაციით, ძველი დამსახურებებისათვის, დაინიშნა  კრონშტადტის საგანგებო კომიტეტის უფროსად (დიდი თანხის გადახდის საფასურად, საბჭოთა რუსეთის დატოვების მსურველთაგან ფინანსური შემოდინებების ასაკრეფად). გამოიჭირეს მსხვილ მექრთამეობაში. დიდი მთავრის, ალექსანდრესა და მისი მეუღლის – ქსენიასაგან ოქროთი 2 მილიონის აღების შესახებ გაიგო "ВЧК" –ს თავმჯდომარის მოადგილემ, გლებ ბოკიმ და გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაიხვრიტა ბოლშევიკების ხელისუფლების მიერ. რეალურად მიხეილ ანდრონიკოვი უფრო ფინანსურ აფერისტს ტიპაჟს შეესაბამებოდა. მისი, როგორც რასპუტინთან დაახლოებული პიროვნების სურათი დახატულია რუსი მწერალ–ისტორიკოსის, პიკულის რომან "არაწმინდა ძალაში". არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძის" კომპლექსური ფსიქო–ფიზიკური ხასიათის მქონე მთავარი გმირის ერთ–ერთ პროტოტიპადაც მოიაზრებოდეს.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.23


გააზიარე: