The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ჯაფიაშვილი

ვიქტორ ჯაფიაშვილი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 2015  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აბასთუმანი
კატეგორია:ასტრონომი, მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დაბა, ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1949 წელს.

ვიქტორ ჯაფიაშვილი უგამოცდოდ ჩაირიცხა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში, ხიდებისა და გვირაბების მშენებელ ინჟინერთა სპეციალობაზე 1941 წელს; 1945 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, სადაც როგორც პროფესორ ევგენი ხარაძის სტუდენტმა და მოსწავლემ მომავალ პროფესიად ასტრონომია აირჩია.
მეორე მსოფლიო ომში (1939−1945) საბჭოთა კავშირზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმის შემდეგ, როგორც ხიდებისა და გვირაბების მომავალ ინჟინერს, მას ფრონტზე მოხვედრისგან ჯავშანი იცავდა, თუმცა ომის დაწყებიდან მალევე იგი ომში მოხალისედ წავიდა; 1942 წელს, კავკასიისათვის მიმდინარე ბრძოლებში მძიმედ დაიჭრა ქ. ტუაფსესთან და დემობილიზაციის შემდეგ ფრონტიდან შინ დაბრუნდა; 1945 წლამდე მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერის საშუალო სკოლაში; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადადის ყანობილის მთაზე, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში; 1950 წლიდან მან პირველმა დაიწყო მთვარის შესწავლა ელექტროპოლარიმეტრული მეთოდით; მან მთვარის ზედაპირის პოლარიმეტრული შესწავლისათვის, პირველმა მსოფლიოში, გამოიყენა ელექტროპოლარიმეტრი – იმ დროისათვის ყველაზე ზუსტი ხელსაწყო; შემდგომში კი ამავე ტიპის ხელსაწყოებით და მეთოდით დანერგა დაკვირვებები მზის სისტემის სხვა სხეულებზეც; საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო მიმართულებას – "ციური სხეულების შესწავლა ელექტროპოლარიმეტრული მეთოდით"; მისი ხელმძღვანელობით ათამდე ასტრონომი აღიზარდა; იგი სამეცნიერო მოხსენებებით მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაზე; 1957–1992წწ. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში, პარალელურად იგი ხელმძღვანელობს ობსერვატორიის მთვარისა და პლანეტების განყოფილებას;
 იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კითხულობდა ლექციებს ასტრონომიის განხრით; საქართველოში მზის სისტემის ობიექტების პოლარიმეტრული მეთოდით კვლევის მიმართულების დამფუძნებელი; ანატოლი კოროლთან ერთად, შექმნა და 1982 წელს გამოსცა "მთვარის პოლარიმეტრული ატლასი"; ამ სამეცნიერო ნაშრომისთვის მას 1984 წელს მიენიჭა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის უმაღლესი ჯილდო ასტრონომიაში "თ. ბრედიხინის სახელობის პრემია"; ასტროფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1988), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთვარის ზედაპირის აგებულების გამოკვლევა ელექტროპოლარიმეტრული გაზომვებით", დაიცვა 1955 წელს, რომელიც 1957 წელს გამოიცა მონოგრაფიის სახით; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "მთვარის პოლარიმეტრული ატლასის შექმნა და მისი გამოყენება მთვარის ზედაპირის ფიზიკური თვისებების შესასწავლად", დაიცვა 1988 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შტერნბერგის ასტრონომიულ ინსტიტუტში (სამეცნიერო მოხსენების სახით). 

წყარო: აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: observatory.iliauni.edu.geyoutube.comწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.213

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: