The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე ქააძე (დეკანოზი)

იოანე ქააძე
დაბადების თარიღი:1883
გარდაცვ. თარიღი:1937  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი.

იოანე ქააძემ სად მიიღო საერო ან სასულიერო განათლება უცნობია, თუმცა მის პირად არქივში შემორჩენილი წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი ფრიად ნიჭიერი და განათლებული პიროვნება იყო და ერთ ხანს პანკისის ხეობაში სკოლის დირექტორად მუშაობდა. ცდილობდა სულიერი ცოდნა მოეხვეჭა და დახმარებისათვის მღვდელმონაზონ ალექსი შუშანიას მიმართა. მამა იოანე 1916 წლის საბუთებში მღვდლად იხსენიება. იგი თუშეთში, სოფელ ომალოში მსახურობდა. 1917 წელს მღვდელი იოანე ახმეტის ოლქის მთავარხუცესის მოადგილეა. შემდგომში, როგორც სანიმუშო კალიგრაფიის მქონე, სოფელ ქვემო ალვანის საბჭოს კანცელარიაში მდივნის მოვალეობასაც ასრულებდა, რის გამოც ალავერდის საეპარქიო საბჭოსგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო: "ამით გაუწყებთ დადგენილებას, იანვრის 22-დგან ამა 1918 წლისა, დამტკიცებულ საეპარქიო საბჭოს მიერ, რომ თქვენ უნდა დაუყოვნებლივ დასტოვოთ სოფლის კანცელარიაში მწერლობა, როგორც მღვდლისთვის შეუფერებელი თანამდებობა, და შეუდგეთ პირდაპირ თქვენის მოვალეობის აღსრულებას." იგი 1926 წლიდან ახმეტის ოლქის მთავარხუცესი იყო. დეკანოზ იოანე ქააძეს ახმეტისა და თუშეთის სამრევლოში ყველა პრობლემის მოგვარება ევალებოდა: ყოველ ოთხ თვეში ერთხელ ეპარქიის კანცელარიაში უნდა წარედგინა ანგარიში მოქმედი ეკლესიებისა და მღვდელმსახურების შესახებ;  ყველა საეკლესიო სიახლე და განკარგულება უნდა გაეცნო ახმეტის ოლქში შემავალი ყველა მოქმედი ტაძრის ღვთისმსახურთათვის და მათი ზუსტად აღსრულებისათვის ეზრუნა; ევალებოდა საეპარქიო კანცელარიაში ფინანსური ანგარიშების წარდგენა; 1926 წლის საკათალიკოსო საბჭოს განჩინებით მთავარხუცესებს უნდა აღერიცხათ და შეეკრიბათ დაწვრილებითი ცნობები ეკლესიას ჩამოშორებულ, ანაფორაგახდილ მღვდელთა შესახებ და მათზე სათანადო ზედამხედველობა დაეწესებინათ. 1926 წლის 14 ივნისს მღვდელი იოანე ქააძე დაჯილდოვდა კამილავკით. 1927 წლიდან მამა იოანე მსახურობდა თუშეთის პირიქითა ხეობაში – ფარსმის თემში. 1935 წლის ნოემბერში დეკანოზი იოანე მხოლოდ ზემო ალვანის სამების ეკლესიის მღვდლად იხსენიება. მის პირად არქივში მიმოწერა 1936 წელს წყდება. 1937 წელს დეკანოზი იოანე ქააძე  ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააპატიმრა და თუ კი რამ ებადა ჩამოართვა, მოთავსებული იყო თელავის ციხეში. 1937 წელს ალვანში მისმა ოჯახმა შეტყობინება მიიღო: "იოანე ქააძე მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა." მისი არქივის ნაწილი, კანცელარიის წერილები, ხელნაწერი წიგნები, რომელიც მას თავისი ხელით ჰქონდა გადაწერილი დაიკარგა. 1917 წლის 12 (25) მარტს დეკანოზმა იოანე ქააძემ ხელი მოაწერა  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტს.

წყარო: ალვანელები: tirine.wordpress.com; საინფორმაციო პორტალი: for.ge


გააზიარე: