ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ნიკო ხუდადოვი
ოფიციალური სახელი: | ნიკოლოზ ხუდადოვი |
დაბადების თარიღი: | 22 აგვისტო, 1850 |
გარდაცვ. თარიღი: | 17 იანვარი, 1907 (56 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | ვერის ძველი სასაფლაო, თბილისი |
კატეგორია: | ექიმი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. გორი.
დაამთავრა თბილისის I გიმნაზია 1870 წელს; პეტერბურგის საგზაო მიმოსვლის ინსტიტუტში სწავლობდა, მალევე პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში გადავიდა, რომელიც 1876 წელს დაასრულა. დაიბადა ინტელიგენტის ოჯახში; 1876-1878წწ. სერბეთ-ოსმალეთის ომის დროს ექიმად მსახურობდა სერბეთში გაგზავნილ რუსულ სანიტარულ რაზმში, ალექსანდროპოლის 161-ე ქვეით პოლკში; სტაჟირებისთვის მივლენილი იყო გერმანიასა და შვეიცარიაში; სტუდენტობის პერიოდში ახლოს იყო ქართულ ხალხოსნურ-რევოლუციურ წრესთან, კავშირი ჰქონდა ივანე ჯაბადართან, რის გამოც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა; საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული სამედიცინო და საზოგადოებრივ საქმიანობაში; სხვადასხვა საკითხზე აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში (მათ შორისაა პოლემიკა ილია ჭავჭავაძესთან ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობისა და საგლეხო რეფორმის ნაკლოვანებების შესახებ); 1880-იანი წლების ბოლოს ექიმად მუშაობდა ხევსურეთში და ამ კუთხის შესახებ ეთნოგრაფიული ნაშრომი გამოაქვეყნა რუსულ ენაზე (1890); 1890 წელს ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო გარიცხეს თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოებიდან; 1890-იან წლებში აირჩიეს თბილისის საქალაქო საკრებულოს ხმოსან წევრად; 1900-იან წლებში იყო ქალაქის რკინიგზის სახელოსნოთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი; აქტიურად მონაწილეობდა 1904-1905 წლების რევოლუციურ მოძრაობაში; ქალაქის ღარიბი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ ატარებდა კონსულტაციებს, საჯარო ლექციებს, ხელს უწყობდა უფასო სასადილოებისა და სამკითხველოების, მუშებისთვის საკვირაო სკოლების დაარსებას; იგი იყო თბილისის მუშათა თეატრის შექმნის ერთ-ერთი ინციციატორი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში გაიხსნა ავჭალაში, ხუდადოვმა სიცოცხლის განმავლობაში არაერთხელ გაიღო საკუთარი თანხა ქველმოქმედებაში; ერთ-ერთი უდიდესი საქმე, რაც ხუდადოვმა გააკეთა, ეს არის 1893 წელს თბილისის განაპირას, ნაძალადევის ტერიტორიაზე, კუკიის მახლობლად, სახაზინო მიწაზე გააშენა ტყე-პარკი, რომელიც მის სახელს ატარებს (დღევანდელი ტუბდისპანსერის მიმდებარე ტერიტორიაზე); ტყის მასივის გაშენება ხუდადოვს სურდა, რომ ქალაქის მოსახლეობის ღარიბ ნაწილს ჰქონოდათ დასვენებისა და გართობის საშუალება; 1907 წლის 17 იანვარს ნიკოლოზ ხუდადოვს თბილისში ტერაქტი მოუწყვეს შავრაზმელებმა, მას სამჯერ ესროლეს რუსული ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებმა და მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა; ნიკოლოზ ხუდადოვის და - სოფიო ცოლად ჰყავდა მწერალ ნიკო ლომოურს; თბილისის ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.
წყარო: საინფორმაციო პორტალი: intermedia.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1881-)
ბიბლიოგრაფია
- Заметки о Хевсуретии : Соч. (ავტორი). - Тифлис, тип. Канц. главноначальствующего гражд. ч. на Кавказе, 1887. - 37с.
|