Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ციციშვილი-ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაიბადა სვიმონ ციციშვილის ოჯახში. სვიმონ ციციშვილი ახალგაზრდობიდანვე მონაწილეობდა ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1906 წელს იგი გახდა საქართველოს სოციალ–ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1918–1921 წლებში კი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან. პროფესიით სვიმონ ციციშვილი მენავთობე ინჟინერ–გეოლოგი იყო, 1920 წლის ბოლოს იგი წამყვანი ნავთობმომპოვებელი კომპანიის მიერ მიწვეულ იქნა საფრანგეთში, სადაც 1921 წლის დასაწყისში გაემგზავრა და მალე ნავთობმომპოვებელ საზოგადოებასთან კონტრაქტიც გააფორმა. მას დაევალა კავკასიაში ნავთობის დამუშავებისა და მოპოვების საკითხების კვლევა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სვიმონ ციციშვილი სამშობლოში აღარ დაბრუნდა. მისმა მეუღლემ მარიამ (მარი) ყანჩელმა სამ ბავშვთან ერთად მოახერხა საფრანგეთში ჩასვლა და ოჯახის გაერთიანება. ციციშვილემმა პარიზში დაიდეს ბინა. 1924 წლის ბოლოს პარიზში შეიქმნა ანტისაბჭოთა ორგანიზაცია "თეთრი გიორგი", რომელმაც არსებობის სამი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ემიგრაციის ეროვნულ–განმათავისუფლებელ ბრძოლაში. 1928 წელს ორგანიზაციის წევრად მიიწვიეს სვიმონ ციციშვილიც. ამის შემდეგ თითქმის 20 წლის მანძილზე, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო "თეთრი გიორგის" საქმიანობასთან, რომლის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს ხსნა საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან. ელენე ციციშვილმა პარიზის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. იგი ბავშვობიდანვე ანტისაბჭოთა გარემოში იზრდებოდა, როგორც "თეთრი გიორგის" წევრი პროპაგანდას უწევდა თავისუფალი საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ელენემ, სხვა ემიგრანტებთან ერთად პარიზში ჩამოაყალიბა ახალგაზრდული ნაციონალური დაჯგუფება, რომლის მმართველ კომიტეტის წევრიც იყო ელენე ციციშვილი. 1943 წელს მან ბერლინში გაიცნო ემიგრანტი ირაკლი ლორთქიფანიძე, რომელზეც დაქორწინდა. 1943 წლის აპრილში ელენე ციციშვილი გიორგი კერესელიძის მიწვევით ჩავიდა ბერლინში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროში, "ფერტრაუენშტელლეში" მუშაობა დაიწყო რეგისტრატორად. აღნიშნული ორგანიზაცია, რომელსაც გიორგი წერეთელი ხელმძღვანელობდა, ემიგრანტთა აღრიცხვითა და სამხედრო ტყვეების გადაბირებით იყო დაკავებული. ამ პოზიციაზე ელენემ დაახლოებით ხუთი თვე იმუშავა და არაერთ ემიგრანტს გაუმზადა დოკუმენტაცია გერმანელებთან ამა თუ იმ სამსახურში მოსაწყობად. ამას გარდა ელენე ციციშვილი საქმისმწარმოებლად მუშაობდა მიხეილ კედიასთან, რომელიც "სს"-ს განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ბერლინში ყოფნის დროს ელენე ციციშვილი აქტიურად თანამშრომლობდა "თეთრი გიორგის" წევრებთან, დადიოდა სამხედრო ტყვეთა იმ ბანაკებში, სადაც ქართველი ქალები და გოგონები იმყოფებოდნენ. 1945 წლიდან სვიმონ ციციშვილმა აქტიურად დაიწყო საუბარი საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე. მისი წინადადებით ქალიშვილმა და სიძემაც დაწერეს განცხადება და თხოვნა შეიტანეს საქართველოში დაბრუნების შესახებ. 1947 წელს ირაკლი ლორთქიფანიძე და ელენე ციციშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან (ნოდარი და დიმიტრი) და მამასთან, სვიმონ ციციშვილთან ერთად სამშობლოში ჩავიდნენ. ელენემ თბილისის უცხო ენათა ინსტიტიტში დაიწყო მუშაობა ფრანგული ენის მასწავლებლად. 1951 წლის 4 დეკემბერს საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა "სამშობლოს ღალატის" ბრალდებით დააპატიმრა სვიმონ ციციშვილი, მისი ქალიშვილი და სიძე. სვიმონ ციციშვილს მიესაჯა დახვრეტა, ირაკლი ლორთქიფანიძეს 25 წლით, ხოლი ელენე ციციშვილს 10 წლით გადასახლება. (ბოლო მომენტში სვიმონ ციციშვილს განაჩენი ციმბირში გადასახლებით შეუცვალეს, სადაც თითქმის ათი წელი გაატარა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, ქალიშვილთან ერთად). არჩილ ციციშვილის და, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ემიგრანტი ცოლ–ქმრის ისტორია = The Story of an Emigre Wife and Hysband / ნინო ყიფშიძე // საარქივო მოამბე/ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. - თბილისი, 2017. - N 17. - გვ.118-130
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |