The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იუსუფ ბოლქვაძე

იუსუფ ბოლქვაძე
Date of birth:1891
Date of death:15 September, 1937  (at 46 years)
Category:Public official, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ხულო, ზემო აჭარა, ახლანდელი ხულოს მუნიციპალიტეტი.

დაწყებითი განათლება ხულოში მიიღო – დაამთავრა ხულოს ორკლასიანი სასწავლებელი.

აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი გადავიდა ბათუმში და მუშაობა დაიწყო ვეტერინარულ დაწესებულებაში; აღნიშნული დარგისადმი საგრძნობი ინტერესი გამოავლინა და ცოდნის გასაღრმავებლად მიავლინეს რუსეთში (ჩრდილოეთ კავკასიაში), სადაც დაამთავრა ვეტერინარული სასწავლებელი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დანიშნეს ექსპერიმენტულ-სანაშენე მეურნეობის დირექტორად. გარდა ქართული ენისა, თავისუფლად ფლობდა რუსულ და თურქულ ენებს; იყო აჭარის ა.რ. იუსტიციის სახალხო კომისარი (1923), აჭარის ა.რ. ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი (1923-1924, 1929-1930, 1931), აჭარის ა.რ. მიწათმოქმედების სახალხო კომისარი (1926-1927), საკავშირო ცაკ-ის ეროვნული საბჭოს წევრი აჭარიდან (1927); თანამშრომლობდა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან მემედ აბაშიძესთან, აჭარის ცაკ-ის თავმჯდომარესთან ზექერია ლორთქიფანიძესთან, მაღალი ჩინის სხვა სახელმწიფო მოხელეებთან; ამ ფაქტორმაც რამდენადმე განსაზღვრა მისი რეპრესირება; ბრალად დასდეს კონტრრევოლუციური, ანტისაბჭოთა საქმიანობა, თითქოს იყო კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, კაპიტალიზმის აღდგენას და აჭარის ჩამოცილებას საბჭოთა კავშირიდან; იუსუფ ბოლქვაძის ფალსიფიცირებული ბრალეულობის შესახებ მასალები გაიგზავნა საბჭოთა კავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და მათი თანხმობით საქმე გადაეცა სპეციალურ სამხედრო კოლეგიას, რომელშიც შედიოდნენ მატულევიჩი, ზარიანოვი და კოსტიუშკო; 1937 წლის 13 ივლისს დააპატიმრეს; ამ დროს იგი ხულოს სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ მუშაობდა; აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ბიუროს 1936 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით გაიგზავნა და 8 თვეს იმუშავა; მანამდე აჭარის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის საბჭოთა მეურნეობების ტრესტის მმართველის მოადგილე იყო; სამხედრო კოლეგიამ იუსუფ ბოლქვაძის საქმე განიხილა 1937 წლის 15 სექტემბერს და იმავე დღეს მიიღო დადგენილება მისი დახვრეტის შესახებ. ბრალდება გააფორმეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 58-2 (შეიარაღებული აჯანყება) და 58-11 (ყოველგვარი ორგანიზაციული ქმედება მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისათვის). იუსუფ შაიას ძე ბოლქვაძე დახვრიტეს სამხედრო კოლეგიის დადგენილების გამოტანისთანავე; მის რეაბილიტაციამდე ოჯახმა უმძიმესი მორალურ-პოლიტიკური დამცირება გადაიტანა. საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1957 წლის 1 ივლისის განჩინების საფუძველზე, იუსუფ შაის ძე ბოლქვაძე რეაბილიტირებულია, საქმე წარმოებით შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო; რეაბილიტაციის შემდეგ ოჯახმა მიიღო ახალი საცხოვრებელი ბინა ბათუმში, მის წევრებს მოეხსნათ "მავნებლის", "ხალხის მტრის", "კონტრრევოლუციონერის" იარლიყები; სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.geru.openlist.wiki

Member of Organizations

  • ზემო აჭარიდან სამუსლიმანო საქართველოს გამათავისუფლებელი კომიტეტი, წევრი (1918-)

Share: