შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამა ილია (არქიმანდრიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1977-1983 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტზე; 1991-1996 წლებში კი თბილისის სასულიერო აკადემიაში. მსახურობდა წმინდა მოციქულთა თავთა – პეტრეს და პავლეს სახელობის ტაძარში მგალობლად. უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 1996 წლის 2 აგვისტოს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იკურთხა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 13 ნოემბერს, სიონის საკათედრო ტაძარში – მღვდლად. 1996-1999 წლებში მსახურობდა თბილისის წმინდა პეტრეს და პავლეს, არმაზის წმინდა ნინოს, თბილისის წმინდა ანდრის პირველწოდებულის სახელობის ტაძრებში. 1999 წლის 2 ავისტოს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. 2000 წლიდან იყო ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ხოლო 2003 წლის სექტემბრიდან – სვეტიცხოვლის; სვეტიცხოველში მსახურებისას უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ილიას (წმინდა ილია მართალი) სახელით აღიკვეცა ბერად; 2004 წლის 3 იანვარს აღკვეცის საიდუმლო სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შეასრულა მიტროპოლიტმა გერასიმემ. 2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის კურთხევის დღეს, დაადგინეს ლავრის წინამძღვრის მოადგილედ. მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის გახსნის დღიდან – 1996 წლის 14 ოქტომბრიდან, არის სასწავლებლის დირექტორი და სულიერი მოძღვარი. 2005-2016 წლებში იყო საპატრიარქოს რადიო "ივერიის" გენერალური დირექტორი. ღვთის შეწევნითა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სამების ტაძრისთვის წმინდა ადგილებიდან (საბერძნეთი, იერუსალიმი…) ჩამოაბრძანა მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზის ხატები; ქართული ეკლესიისთვის იერუსალიმში შეიძინა სახლი. 2011 წელს, სამების ტაძრის საჭიროებისათვის, საპატრიარქოსთვის გადაცემულ არქიმანდრიტ ილია ნასიძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი), არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილ ძველი ტაძრის ნაშთებზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "მსწრაფლშემსმენელის" სახელზე აიგო ბაზილიკური ტიპის ტაძარი, რომლის წინამძღვარადაც დადგენილ იქნა მამა ილია, სასწავლებლის თანამონაწილეობით აღადგინეს მცხეთის ანტიოქიისა და გეთსამანიის ტაძრები; გეთსამანიის ტაძრისთვის ჩამოაბრძანეს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი. მრევლის ერთიანი ძალისხმევით შეიქმნა აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი; ასევე, შეიქმნა ხატი წმინდა სიდონიას დედისა, პირველმარტვილისა და მცხეთას ვნებულისა; გადაიღეს დოკუმენტურ მასალაზე აგებული ფილმები: "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა – საქართველო" და "მცხეთა – ახალი იერუსალიმი"; მამა ილიას ძალისხმევით დაიწერა და გამოიცა სხვადასხვა სახის საეკლესიო ლიტერატურა, მისი სვეტიცხოველში მსახურებისას მოხდა ფრესკების გაწმენდა - კონსერვაცია; "ჯვარი პატიოსანის" რესტავრაცია - ლუსკუმა შეიმკო მოოქროვილი ჭედური პერანგით. მიღებული აქვს ორი ჯვრის და გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლება.
წყარო: მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა: atormet-mociquli.ge; საზოგადოებრივ რელიგიური ინტერნეტჟურნალი - ამბიონი: ambioni.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |