The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალისულთან ბოლქვაძე

ალისულთან ბოლქვაძე
სხვა სახელი:
ალისულთან აღა ბოლქვაძე-არფემინოღლი
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1979  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. სტამბოლი, თურქეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კორტოხი, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ბათუმის გიმნაზია 1914 წელს.

1921 წელს მან დიდი დახმარება გაუწია წითელარმიელთა რაზმებს, რომელთაც დიდთოვლობისას გადმოლახეს გოდერძის უღელტეხილი. ამ თანადგომისთვის წითელი არმიის სარდლობამ დააჯილდოვა. 1924 წელს ალისულთან ბოლქვაძე ბოლშევიკური პარტიის რიგებში მიიღეს, თუმცა 1927 წელს იგი კომუნისტური პარტიის რიგებიდან გარიცხეს, რადგანაც ეჭვი ჰქონდათ, რომ ურთიერთობა ჰქონდა აჭარაში ჯერ კიდევ არსებულ მენშევიკურ ორგანიზაციებთან. იგი ანტისაბჭოთა ორგანიზაციების მუშაობაში 1927 წლიდან იყო ჩართული. მას პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. 1928 წლის 21 აპრილს სოფელ დიაკონიძეებში "აჭარის ხსნის კომიტეტის" შეკრებაზე გადაწყდა, რომ ამ კომიტეტის ხელმძღვანელები უნდა ყოფილიყვნენ ალისულთან ბოლქვაძე, ისკანდერ აბულაძე, რიზა ირემაძე, რეჯებ ბერიძე. მისი თაოსნობით, ხულოს რაიონის სოფლებში ეწყობოდა მიტინგები, ვრცელდებოდა პროკლამციები ანტისაბჭოთა მოწოდებებით. 1928 წლის შემოდგომისთვის ხულოს მოსახლეობაში დიდძალი იარაღი იყო თავმოყრილი. ამ დროს ალისულთან ბოლქვაძის, როგორც "აჭარის ხსნის კომიტეტის" ერთ–ერთი ხელმძღვანელის სახელი, პირველად გახდა ცნობილი ბოლშევიკური მთავრობისთვის და მის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება. 1929 წლის მარტის დასაწყისში აჯანყების პირველი კერა გაჩნდა სოფელ ჭვანაში და მან მალე ზემო აჭარის ყველა სოფელი მოიცვა. აჯანყების დაწყებიდან მესამე დღეს თბილისიდან აჭარაში ჩავიდნენ სერგო ორჯონიკიძე, ლავრენტი ბერია, მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, მარიამ ორახელაშვილი და ჯარის ნაწილების თანხლებით ხულოში გაემგზავრნენ. ხელისუფლების მხრიდან მუქარამ შედეგი ვერ გამოიღო, აჯანყება ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. 1929 წლის 10 მარტს მოხდა შეტაკება აჯანყებულებსა და მესაზღვრეებს შორის. 1929 წლის მარტში გამოსვლებს ადგილი ჰქონდა ქედას მაზრაშიც, აქტიურობდა მერისისწყლის ხეობის მოსახლეობა. 15 მარტს სოფელ დანისპარაულში ალისულთან ბოლქვაძემ მოიწვია სახალხო კრება, სადაც მოსახლეობას მოუწოდა, იარაღი არ დაეყარათ, რადგან ხელისუფლება არ ასრულებდა მათ მოთხოვნებს. 19 მარტს სხალთაში აჯანყებულებმა სამხედრო აღლუმი გამართეს. 19 მარტს დაბა ხულოში გაიმართა ლავრენტი ბერიასა და ალისულთან ბოლქვაძის მორიგი, უკანასკნელი და უშედეგო შეხვედრა, რის შემდეგაც ლავრენტი ბერიამ საომარი მოქმედებები დაიწყო. 24 მარტს ალისულთან ბოლქვაძე 20 ერთგულ თანამოაზრესა და აჯანყების 1500 მონაწილესთან ერთად თურქეთში გადავიდა, მაგრამ მათი უმრავლესობა უკან მალევე დაბრუნდა. ალისულთან ბოლქვაძე 30-იანი წლების დასაწყისში მალულად შემოდიოდა აჭარაში და ხვდებოდა ოჯახის წევრებს. 1932 წლიდან კი გაძლიერებული დევნის გამო აჭარაში აღარ დაბრუნებულა. მისი ოჯახის მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდა. სოფელ კორტოხში გადაწვეს მისი სახლი, ქ. ბათუმში და სოფელ ბობოყვათში მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია. 1951 წლიდან ალისულთანის ოჯახი ყაზახეთში გაასახლეს. 1929 წლის ზემო აჭარის გლეხთა აჯანყების მეთაური.

წყარო: ღირსებისა და თავისუფლებისათვის : ბოლქვაძეთა გვარის ისტორია : კულტურული მემკვიდრეობა / ნიაზ ბოლქვაძე.- თბ.,2016. – გვ. 154-201; საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.ge


გააზიარე: