The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აქვსენტი გოგვაძე

აქვსენტი გოგვაძე
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი:1991  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოჩხათი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1931 წელს. იმავე წელს სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში ქ. მოსკოვში, სადაც პარალელურად მუშაობდა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში - არქიტექტორად, შემდეგ რაციონალიზაციისა და გამოგონებათა ბიუროს გამგედ; ასევე მუშაობდა მოსკოვის "ბურთულა საკისრების" ქარხნის მშენებლობაზე; 1933 წელს გაიმარჯვა ქ. ტაშკენტის საქსოვი კომბინატის პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში და 1935 წლიდან თავად მონაწილეობდა თავისი პირველი პროექტის განხორციელებაში. ამ ფაქტმა და მისმა სადისერტაციო თემამ "საქსოვი ფაბრიკის არქიტექტურული ტიპოლოგია" განსაზღვრეს მისი პროფესიული გზა, როგორც სამრეწველო არქიტექტურის პრაქტიკოსი არქიტექტორის; სამამულო ომის წლებში გათავისუფლებულ იქნა უშუალოდ საფრონტო სამხედრო სამსახურისგან და დაევალა ქ. თბილისის №31 საავიაციო ქარხნის დაპროექტებასა და მშენებლობაში მონაწილეობა; ის ასევე მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკომუნპროექტში", რომელიც შემდგომ მისი მონაწილეობით რეორგანიზებულ იქნა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტად", სადაც გაგრძელდა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა; იყო სამასამდე რეალიზებული პროექტის ავტორი, მათ შორის მცხეთის ატომური რეაქტორის პროექტის; როგორც კლასიკურ მემკვიდრეობაზე აღზრდილ არქიტექტორთა თაობის ღირსეული წარმომადგენელი, ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში სამრეწველო არქიტექტურაზე დახელოვნებული, ნაყოფიერად მუშაობდა სამოქალაქო არქიტექტურაშიც; მისი პროექტით იქნა აშენებული ტექნიკური უნივერსიტეტის "ქიმიკოსების" კორპუსი და მიმდებარე საერთო საცხოვრებლის შენობა კოსტავას ქუჩაზე, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ყოფილი ინსტიტუტის შენობა პეკინის ქუჩაზე ქ. თბილისში; აღსანიშნავია მისი საცხოვრებელი სახლები - გორგასლის ქუჩაზე ქ. თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ტყიბულში, ტყვარჩელში, გორში და სხვა; მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა გასული საუკუნის 50-იანი წლების პერიოდში პროგრესულად ქცეული "ლენტური ფანჯრების" თემა თბილისის "იზოტოპების" ქარხნის პროექტირებისას; იყო ეროვნული სამეცნიერო კადრების პირველი თაობის ღირსეული წარმომადგენელი; ათეული წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იყო მრავალი საუწყებო ჯილდოს მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 95-96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, ერთ-ერთი დამაარსებელი, პირველი წევრთაგანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: