Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იასონ კაპანაძე (პროტოპრესვიტერი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბოსლევი (ყოფილი შორაპნის მაზრა), ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი; თბილისის სასულიერო სემინარია 1894 წელს. მამა იასონ კაპანაძე პირველი ქართველი სასულიერო პირი იყო ალასკის შტატში. იგი 1903-1907 წლებში ამერიკის საეკლესიო საზოგადოებას თავმჯდომარეობდა. თავდაპირველად ალასკას შტატის რუსულ ეპარქიაში აღდგომის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, შემდეგ კი მღვდლად ეკურთხა. ალასკადან პენსილვანიის შტატში გადავიდა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. 1902 წლიდან მამა იასონი კლივლენდის წმ. თეოდოსის ეკლესიის წინამძღოლი იყო. მოძღვარმა საგანმანათლებლო საქმიანობა წამოიწყო და დახმარება სამისიონერო ფონდს სთხოვა. ტაძრისთვის 30 000 დოლარად მიწები შეიძინა, სამსართულიანი სახლი ააშენა, სადაც სკოლა და მოსწავლეებისთვის საცხოვრებელი ოთახები მოაწყო. მის მრევლში თავდაპირველად 15 გაჭირვებულ ოჯახი იყო, შემდეგ ტაძართან ახლოს ორი ქუჩა გაშენდა და 80 ოჯახი დასახლდა. იასონ კაპანაძის დამსახურებით სკოლა "ბურსა" მთელ ამერიკაში გახდა ცნობილი. მოსწავლეები იქ სხვადასხვა შტატიდან ჩადიოდნენ. მამა იასონმა კლივლენდში ექვსი წელი იმსახურა. ამ წლებში მას სკუფია და ოქროს ჯვარი გადაეცა. მოძღვარი ოჯახთან ერთად საქართველოში 1908 წელს დაბრუნდა. პირველი მსოფლიო ომის დროს კი ოთხი წელი ფრონტზე გაატარა, სადაც დეკანოზის წოდება მიენიჭა. ომიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამერიკაში წასვლის სურვილი ეპარქიაში ისევ გამოთქვა. 1922 წელს იასონ კაპანაძემ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) მიერ, გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი უცხოეთში წაიღო, რასაც მთელი საკათალიკოსო საბჭოს დაპატიმრება მოჰყვა. დეკანოზ კაპანაძეს (დაუსწრებლად) 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მთელი ქონების ჩამორთმევა. მამა იასონი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. იგი ოჰაიოში, ქალაქ კლივლენდის ტაძრის წინამძღვრად მსახურობდა. იქვე მიენიჭა პროტოპრესვიტერის წოდება. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი იგი კვლავ დარჩა ტაძრის საპატიო წინამძღვრად. იასონ კაპანაძე 1962 წელს მეუღლესთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. წყარო: საინფორმაციო პორტალი: intermedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |