The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ზუბალაშვილი

ლევან ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1853
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1914  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სკორბიაშენსკის მონასტრის ეზო, მოსკოვი (რუსეთი)
კატეგორია:მეწარმე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

იზრდებოდა ქუთაისში, პაპის - თავად მიხეილ თუმანიშვილის ოჯახში. აქვე მიიღო პირველდაწყებითი განათლება, 1866-1870 წლებში სწავლობდა ოდესის ავგუსტ კნერის კერძო კლასიკურ გიმნაზიაში, უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა მოსკოვში. ახალგაზრდობიდანვე მოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, საცხოვრებლად კი მოსკოვი აირჩია. მსხვილი ნავთობმრეწველები ზუბალაშვილები ამ დროისთვის უკვე ცნობილები იყვნენ ამიერკავკასიასა და რუსეთში, კერძოდ მოსკოვში. მათ თავიანთი კომერციული საქმიანობით მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ რუსეთის სამრეწველო-სავაჭრო კომპანიებში, მათ წარმოებას თავისი კანტორა ჰქონდა მოსკოვშიც, რომელსაც  ლევანი ხელმძღვანელობდა, ამავე დროს იგი იყო მოსკოვში სადაზღვევო საზოგადოების -"Якорь"-ის დირექტორი. ამ საქმიანობამ იგი მალე დააკავშირა მოსკოვის ცნობილ მრეწველ-კომერსანტებს და საბოლოოდ აქცია მოსკოვის ერთ-ერთ წარჩინებულ მოქალაქედ, უმდიდრეს მრეწველად, სახელგანთქმულ კოლექციონერად და გამორჩეულ ქველმოქმედად. იგი იყო  მოსკოვის საპატიო მოქალაქე. ლევან ზუბალაშვილი დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდა მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ინტელიგენციასა და სტუდენტობას. მე-19 საუკუნის დასაწყისში ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის თაოსნობით გადაწყდა "მოსკოვის ქართველ საზოგადოების" დაარსება, რომელიც 1907 წელს ჩამოყალიბდა კიდეც. ლევან ზუბალაშვილი სიხარულით შეხვდა ამ წამოწყებას და თავდაპირველად 40 000 მანეთი შესწირა საზოგადოებას. ეს საზოგადოება თავისი არსებობის ათი წლის განმავლობაში სათავეში ედგა ბევრ ეროვნულ საქმეს. პირველ რიგში ზუბალაშვილის შეწირული თანხით დაიქირავეს ბინა, მოაწყვეს სტუდენტური კლუბი, ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი. ლევანი ამ საზოგდოების საპატიო წევრი იყო, მონაწილეობდა მის საქმიანობაში და სისტემატურად ურიცხავდა გარკვეულ თანხას. ლევან ზუბალაშვილი ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა საქართველოშიც. იგი ყოველთვის მონაწილეობდა ძმები ზუბალაშვილების სახელით გაღებულ შეწირულობებში.  ლევანი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების"  საპატიო წევრი და ყოველწლიურად რიცხავდა დიდ თანხას ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიისთვის. 1913 წლიდან ლევან ზაუბალაშვილი დამსახურებულად ატარებდა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებას. მეცენატი, ქველმოქმედი, კოლექციონერი. (ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.227

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საპატიო წევრი (1906-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1913 - თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: