The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იულიუს ასფალგი

იულიუს ასფალგი
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 2001  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აშაუ, ზემო ბავარია.

გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი. მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი, ქრისტიანული აღმოსავლეთის კათედრის გამგე, ქრისტიანული მწერლობის კორპუსის (Corpus Scriptorum Christianorum Orientalium) არაბული სექციის გამგე.

მის სახელთანაა დაკავშირებული გერმანიის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების აღწერა, კ. კეკელიძის "ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიის" I ტომის გერმანულ ენაზე თარგმნა-გადამუშავება. საქართველოსა და ქართული მწერლობის შესახებ მრავალი წერილის გამოქვეყნება გერმანულ ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებში. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ქართული სასულიერო მწერლობის ისტორია (მ. თარხნიშვილთან ერთად, 1957); ძველი ქართული ენის შესწავლა საქართველოში (1958); საეკლესიო წელიწადისა და ქართული ეკლესიის უახლესი ისტორიის შესახებ (1960); ქართული ხელნაწერების აღწერილობა, დამუშავებული გერმანიის აღმოსავლურ საზოგადოებასთან ერთად (1963); პრაღაში დაცული ფრაგმენტი იაკობის ჟამისწირვის ძველი ქართული ტექსტისა (ი. იედლიჩკასთან ერთად, 1961); ქართული შტუდიების შესახებ გერმანიაში (1965); ძველი ქართული ენის მოკლე გრამატიკა (რ. ზვოლენეკთან ერთად, 1976). ავტორია მრავალი სალექსიკონო სტატიისა საქართველოს, ქართული ენისა და ლიტერატურის, დამწერლობის, ეკლესიის, ქართველი მწერლების შესახებ შემდეგ გამოცემებში: "ქრისტიანული აღმოსავლეთის მცირე ლექსიკონი", "შუა საუკუნეების ლექსიკონი", "თეოლოგიური რიალენციკლოპედია", "მსოფლიო ლიტერატურის ლექსიკონი"; მასვე ეკუთვნის საინფორმაციო წერილები გერმანელ აღმოსავლეთმცოდნეთა კონგრესების შესახებ (1960, 1965, 1968), რეცენზიები კ. ჩხენკელის, ი. იედლიჩკას, ა. შანიძის, ე. მეტრეველის, ი. იმნაიშვილისა და სხვათა ნაშრომებზე ჟურნალებში "Bezantinische Zeitschrift" და "Oriens Christianus". შეადგინა მ. თარხნიშვილის ნაშრომების ბიბლიოგრაფია (1959). იგი აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალში "ბედი ქართლისა". ფრანგული სერიის გამოცემის დღიდან იყო ამ ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს უცვლელი წევრი, აქვეყნებდა სტატიებსა და რეცენზიებს; მიმოწერა ჰქონდა ბევრ ქართველ მეცნიერთან, აწვდიდა მათ გერმანულენოვან სამეცნიერო ლიტერატურას.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.59


გააზიარე: