The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ზუბალაშვილი

დაბადების თარიღი:1832
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1898  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

საქართველოში ამ პერიოდში მკვიდრდებოდა სასამართლო სისტემის ახალი წესები, კერძოდ შემოღებული იქნა მომრიგებელ-მოსამართლეობა. ნიკოლოზი გორის მაზრის მომრიგებელ-მოსამართლედ დაინიშნა, მაგრამ მალევე, 1868 წელს გადაიყვანეს თბილისში, სადაც ჯერ ამიერკავკასიის გამმიჯვნელ კომისიათა თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, შემდეგ კი თბილისის მომრიგებელ-მოსამართლის მეოთხე განყოფილების მოსამართლედ დაინიშნა. ამ საქმეს იგი მთელი ცხოვრება პატიოსნად ემსახურა. ნიკოლოზი ღირსეულად აგრძელებდა ზუბალაშვილთა საგვარეულოს საუკეთესო ტრადიციებს, მან შესანიშნავად შეუფარდა რუსული კანონმდებლობა ქართველი ხალხის ზნე-ჩვეულებებსა და ხასიათს. იგი იყო სახელმწიფო მოხელე, რომელსაც არასდროს არ ავიწყდებოდა მშრომელი ხალხი და მათი ჭირ-ვარამი, მუდამ მათი ქომაგი და დამცველი იყო. თავისი პიროვნული თვისებებიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე ყველგან დიდ პატივს სცემდნენ და მოსახლეობა უსაზღვრო მადლიერებით მოიხსენიებდა. ნიკოლოზი ქალაქის ხელმძღვანელობისთვისაც ერთ-ერთ საუკეთესო მოხელედ ითვლებოდა, ყოველთვის ანგარიშს უწევდნენ მის აზრსა და საქმიან წინადადებებს. ნიკოლოზ ზუბალაშვილი გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი და ამავე დროს ქალაქის ხმოსანიც, სადაც ასევე გამოირჩეოდა საქმის ცოდნითა და ადამიანური კეთილშობილებით. გონივრული რჩევა-დარიგებით აღსავსე მისი სიტყვები კოლეგებს ბევრჯერ მოუსმენიათ და გაუთვალისწინებიათ კიდეც. ნიკოლოზი იყო პრინციპული პიროვნება, ზოგჯერ გამგეობის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკასაც არ ერიდებოდა, როცა საქმე ქალაქისა და ხალხის ინტერესებს ეხებოდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ძმები ზუბალაშვილების გვერდით თვითონაც შეძლებისდაგვარად გასცემდა ხოლმე მოწყალებას როგორც ღარიბთა დასახმარებლად, ისე საერთო სახალხო საქმისთვის.   ნიკოლოზ ზუბალაშვილის შრომა-საქმიანობასა და პიროვნულ თვისებებს თანამედროვენი ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდნენ, ამიტომაც საზოგადოებამ პატივისცემით აღნიშნა მოსამართლის თანამდებობაზე მისი მუშაობის 30 წლისთავი. (ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი).

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.175-176 (dspace.nplg.gov.ge)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამფუძნებელი წევრი (1879-)

გააზიარე: