The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო დადიანი

ნიკო დადიანი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ დადიანი
სხვა სახელი:დიდი ნიკო
დაბადების თარიღი:1780
გარდაცვ. თარიღი:1834  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მარტვილი
კატეგორია:დიპლომატი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

საქართველოში ცნობილია როგორც პრორუსული ორიენტაციის საზოგადო მოღვაწე. XIX საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს (განსაკუთრებით სამეგრელო-აფხაზეთის) პოლიტიკურ ცხოვრებაში: 1804 წლიდან იყო სამეგრელოს უმაღლესი საგამგეო საბჭოს წევრი; 1805 წლიდან მეთაურობდა სამეგრელოს რუსეთთან შეერთების საკითხზე რუსეთს წარგზავნილ დელეგაციას. იბრძოდა აფხაზეთში რუსული ორიენტაციის მქონე მტრის საფარ-ბეგის დასამკვიდრებლად; 1810-1823წწ. იყო ლეჩხუმის სარდალ-მოურავი; მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1806-1812 და რუსეთ-თურქეთის 1828-1829წწ. ომებში; რუსეთის მთავრობას ეხმარებოდა იმერეთის 1810 და 1819-1820წწ. აჯანყებების ჩაქრობაში. ებოძა გენერალ-მაიორის წოდება. ავტორია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოსი "ქართველთ ცხოვრება" (1823-1824). მასვე ეკუთვნის სამეგრელოს სამთავროს მართვა-გამგეობის განწესება - "დასტურლამა", 1823-1834წწ., რუსეთში ცხოვრების ამსახველი დღიური "მიმოვლა ნიკოლაი დადიანოვისა" (ჩვენამდე არ მოუღწევია) და რამდენიმე ლექსი. "ქართველთ ცხოვრება" სამი ნაწილისაგან შედგება: პირველი ორი არის ქართლის ცხოვრების რედაქციების შემოკლებული რედაქცია, მესამე - 1749-1823წწ. - დასავლეთ საქართველოს ამბები. 1818 წელს დაუწერია გრამატიკა და, როგორც ხელნაწერზე მინაწერები მოწმობს, მიუძღვნია ანტონ II-ისათვის, რომელსაც იგი ბიძად ერგებოდა და რომელმაც მისი ხელმძღვანელობით დაიწყო გრამატიკის შესწავლა 1818 წლიდან. ჩვენამდე მოღწეული ცალი დადიანის ავტოგრაფი არ არის. იგი 1821 წელს მინაწერებიანად გადაუწერია ვინმე გრიგორი ბერს. წიგნის პირველ გვერდზე რუსული მინაწერია, რომელიც გადამწერს არ ეკუთვნის. იგი გვამცნობს, რომ წიგნი 1832 წელს გრიგოლ დადიანის საკუთრება ყოფილა. გრამატიკა კონსპექტური ხასიათისაა. დასაწყისში მოცემულია გრამატიკის ტრადიციული განმარტება: "ღრამმატიკა არის შემძლებლობა მართლუბნობად და წესიერწერად. უმთავრესნი ნაწილნი ღრამმატიკისანი არიან ოთხნი, ესე იგი: წიგნი, მარცვალი, ლექსი და სიტყვა..." შემდეგ მსჯელობაა მეტყველების ნაწილებზე, სახელის მდევარზე, რიცხვზე. მეტყველების ნაწილებიდან წარმოდგენილია არსებითი სახელი, ნაცვალსახელი, მიმღეობა, ზმნისზედა, კავშირი, შორისდებული. ცალკე ნაწილად არის გამოყოფილი სინტაქსი. მის გრამატიკას აშკარად ეტყობა გაიოზ რექტორისა და ი. ქართველიშვილის გრამატიკათა გავლენის კვალი. ავტორი ქართული ენის ხელნაწერი გრამატიკისა, რომელიც დაცულია კ. კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A-1019).

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.129

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი

გააზიარე: