The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ნიჟარაძე

შოთა ნიჟარაძე
სხვა სახელი:შუქრი ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1989  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაიო, ქედის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი აღმოსავლური და კავკასიური ენების განხრით 1941 წელს.

1946 წლიდან გარდაცვალებამდე სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას (1967-1985); არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიალექტოლოგიისა და ენის ისტორიის საკოორდინაციო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალიზებული საბჭოების წევრად. იგი ძირითადად იკვლევდა აჭარულ კილოს სხვადასხვა კუთხით. ავტორია 50-მდე ნაშრომისა, მათ შორის 4 მონოგრაფია. აჭარული დიალექტისთვის დამახასიათებელი ფონეტიკურ-გრამატიკული და ლექსიკური მოვლენები დაწვრილებით არის აღწერილი და გაანალიზებული მონოგრაფიებში "ზემო აჭარულის თავისებურებანი" (ბათუმი, 1957); "ქართული ენის ზემოაჭარული დიალექტი" (ბათუმი, 1961). აჭარული მეტყველების შესწავლის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარულში, ნაცვლად ორი (ზემო და ქვემო აჭარული) კილოკავისა, უნდა გამოიყოს სამი კილოკაური ერთეული: ზემოაჭარული (ხულოსა და შუახევის რაიონები), ქვემოაჭარული (ქედისა და ნაწილობრივ ხელვაჩაურის რაიონები) და ქობულეთური (ქედისა და ნაწილობრივ ხელვაჩაურის რაიონები). ამ კლასიფიკაციით, კილოკაური დიფერენციაცია შეესაბამება მხარის ისტორიულ-გეოგრაფიულ და ეთნიკურ დაყოფას. მისი აზრით, სპეციფიკური დიალექტური თავისებურებანი ყველაზე კოლორიტულად შემონახულია ქვემო აჭარულში, კერძოდ, ქედის რაიონის მეტყველებაში, რომელიც შედარებით დაცულია სხვა კილოთა გავლენისაგან. აღსანიშნავია მისი დამსახურება აჭარული კილოს ლექსიკის შესწავლაში, რაც აისახა მონოგრაფიაში "ქართული ენის აჭარული დიალექტი. ლექსიკა" (ბათუმი, 1971). ავტორი გამოყოფს აჭარული ლექსიკისათვის დამახასიათებელ ძირითად პლასტებს: არქაიზმებს, ზანიზმებს, უშუალო და შუალობითი გზით შემოსულ თურქულ-არაბულ-სპარსულ ნასესხობებს. განსაკუთრებით ფასეულია მონოგრაფიის მეორე ნაწილი - ლექსიკონი, რომელიც 8000 სიტყვა-სტატიას შეიცავს; გამოირჩევა მასალის საიმედოობით, ფრაზეოლოგიზმებისა და იდიომატური გამოთქმების სიუხვით და დღემდე აჭარული კილოს  შეუცვლელ ლექსიკონად რჩება. დიალექტოლოგი, ლექსიკოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.346

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: