შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ თავდგირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1896 წელს, ამავე წელს არჩეულ იქნა ოზურგეთის მოურავად. ნიკოლოზ თავდგირიძის შუამდგომლობით დააარსა პროგიმნაზია, საჯარო სამკითხველო, სკოლები, სამკურნალო-ამბულატორია, გაიყვანეს რკინიგზა შეკვეთილიდან ნატანებ-ოზურგეთამდე და სხვ. (მთავრობას არ მოეწონა მისი ასეთი საზოგადოებრივი აქტიურობა და მეორედ არჩევის დროს აღარ დაამტკიცეს ოზურგეთის მოურავად, რის გამოც ოზურგეთის ხმოსანთა შემადგენლობამ ერთხმად დატოვა ხმოსნობა). 1901 წელს ნიკოლოზ თავდგირიძემ არჩილ ჯორჯაძესთან და ვლადიმერ (ვახუშტი) ლორთქიფანიძესთან ერთად, ჰექტოგრაფზე დაბეჭდეს საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაულის საწინააღმდეგო მოწოდებები, სადაც ხალხს ურჩევდნენ არ მიეღოთ მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში. 1904 წელს იგი სიტყვით გამოვიდა კრებაზე ქუთაისში, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში დაწყებულ აგრარული მოძრაობას, ამ კრებაზე დაადგინეს საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა, რაც იმ დროს მთავრობის წინააღმდეგ აშკარა გამოსვლის პირველი ნაბიჯი იყო. 1905 წელს ნიკოლოზ თავდგირიძემ მოსკოვში გამართულ ერთობათა და ქალაქის წარმომადგენლების კრებაზე, ვრცელი დასაბუთებული მოხსენება წარადგინა საქართველოსთვის ავტონომიის შემოღების შესახებ (ეს მოხსენება ცალკე გამოიცა 1906 წელს). 1905 წლამდე მთავრობა მას არცერთ თანამდებობაზე არ ამტკიცებდა, თუმცა ქუთაისის გუბერნიის მარშლად მაინც იქნა არჩეული. 1905 წელს მოპოვებულ უფლებათა საშუალებით, დაამტკიცეს სოხუმის მოურავად (სოხუმში დააარსა ქართული სკოლა, საურთიერთო ნდობის საზოგადოებისათვის ააშენა საუცხოო სამსართულიანი შენობა, ქალაქისათვის მოაწყო ელექტროგანათების სისტემა). მთავრობამ მას ბრალად დასდო 1905 წელს საქართველოს ავტონომიის მომხრე, თედო სახოკიას სამსახურში მიღება, სასამართლომ ნიკო თავდგირიძე გაამართლა და იგი მეორედ იქნა არჩეული სოხუმის მოურავად. 1895 წელს ჟურნალ "კვალში" გამოაქვეყნა პუბლიცისტური წერილები "შთაბეჭდილებანი პარიზიდან", იმავე წელს "ივერიაში" გამოაქვეყნა წერილები ანარქისტ სებასტიანე ფორის თხზულების "მსოფლიო მწუხარების მიზეზების" შესახებ, ხოლო 1901 წელს გუსტავ ლებიონზე. "ცნობის ფურცლის" განახლების შემდეგ იყო მუდმივი თანამშრომელი, თითქმის ყველა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, წერდა რუსულ გაზეთებშიც. პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1918) "თემში" გამოაქვეყნა წერილი საქართველოს ავტონომიის შესახებ. 1906 წელს კიტა აბაშიძესთან და დავით მიქელაძესთან ერთად დააპატიმრეს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონისა და კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს გამოსარჩლებისათვის; გადასახლება მიუსაჯეს გაზეთ "საქართველოში" აფხაზეთის კომისრების გაკრიტიკებისათვის, მაგრამ საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის გამო, მთავრობამ ეს დადგენილება გააუქმა და ნიკოლოზ თავდგირიძე არჩეულ იქნა აფხაზეთის მომრიგებელ-მსაჯულთა კრების თავმჯდომარედ. ბოლო პერიოდში მუშაობდა საბანკო-საფინანსო სფეროში, სხვადასხვა დარგის ვაჭრებისა და მრეწველების გაერთიანებით დააარსა დიდი კომერციული ბანკი "მერკურბანკი". წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.252 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |