The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ფანჩვიძე

ვლადიმერ ფანჩვიძე
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 1984  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა ხაშურის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1930 წელს.

1932 წელს ჩაირიცხა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტში ასპირანტად; 1935 წელს გადაყვანილ იქნა ლენინგრადში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტში, სადაც 1936 წელს დაამთავრა ასპირანტურა კავკასიურ ენათა განხრით; 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1949 წელს - სადოქტორო დისერტაცია. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას: კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხო ენათა ინსტიტუტში, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს (1938-1975წწ.) იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოცენტი, პროფესორი, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, ქართველურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელი, დირექტორი, თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორის მოადგილე, რექტორი. 1975 წლიდან მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, იყო რამდენიმე სამეცნიერო საბჭოს წევრი. წლების განმავლობაში რედაქტორობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანოს "იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებას". იკვლევდა იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს, იყო ლეზგიური ჯგუფის ენების თვალსაჩინო სპეციალისტი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი დამსახურება უდიური ენის შესწავლაში, კერძოდ, უდიური ენის ფონეტიკური სისტემის აღწერა-დადგენაში, სახელისა და ზმნის ფორმაცვალებისა და გრამატიკული კატეგორიების კვლევაში, უდიურისა და ქართულ-ქართველურ ენათა მორფოლოგიური მონაცემების შეჯერებაში. მეცნიერის კვლევის შედეგები აისახა მონოგრაფიაში "უდურის გრამატიკული ანალიზი" (1974). ავტორია საყურადღებო ნაშრომებისა ქართულ დიალექტოლოგიაში. იკვლევდა იმერულ კილოს, ჩატარებული აქვს საინტერესო ანალიზი ზემოიმერულსა და ქვემოიმერულოს შორის არსებული გარდამავალი ზოლის, ე.წ. შუაიმერულის (ოკრიბა-ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის რეგიონების) ენობრივ თავისებურებათა შესახებ. მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.475; არ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: