შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თაქთაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ხვითი, გორის რაიონი. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ლექციებს ისმენდა ტიმირიაზევის სასოფლო–სამეურნეო აკადემიაში. მამის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ბორჯომის რაიონის სოფელ რველში გადავიდა საცხოვრებლად. სოფელი რველი თაქთაქიშვილების მამული იყო სამცხე–საათაბაგოში თურქების საბოლოო გაბატონებამდე, ქართველ თავადთა თურქეთის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხის წარუმატებლად დამთავრების შემდეგ, ამ ამბოხის მთავარი მხარდამჭერის, ქართლის მეფე სიმონის მიერ თაქთაქიშვილებისათვის სამემკვიდრეო მამულად ქვემო ხვითი იქნა გადაცემული. რუსების მიერ ახალციხის აღების შემდეგ რველში და, საერთოდ, ბორჯომის ხეობაში, ცხოვრება უსაფრთხო გახდა და თაქთაქიშვილებმაც დაიბრუნეს ისტორიული მამული. გიორგი თაქთაქიშვილმა ბორჯომის ხეობაში მეურნეობის განვითარება პერსპექტიულად მიიჩნია და მთლიანად აქ გადასახლდა. 1899 წელს გიორგი თაქთაქიშვილმა რველში ხეხილის ბაღის გაშენება დაიწყო. საკუთარ ეზოში გამოყო საცდელი ნაკვეთი ბოსტნისა და ხეხილისათვის. მოსკოვის, როსტოვისა და პარიზის მეთესლეობის სადგურებიდან იწერდა თესლებს. ამავე დროს იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან, კერძოდ ჟურნალ "მოსავალთან" და მისი საშუალებით მოსახლეობას ასწავლიდა ხეხილის მოვლა–გაშენების წესებს, მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ წამლობის სხვადასხვა მეთოდებს და აძლევდა რჩევა–დარიგებებს. გიორგი თაქთაქიშვილმა ბორჯომის რაიონში პირველმა ჩაუყარა საფუძველი კულტურულ მეურნეობას. იგი თავის ვაჟიშვილ მიხეილთან ერთად ატარებდა ზონალურ ცდებსა და დაკვირვებებს. მისმა მუშაობამ არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო და რეგიონის მკაცრი ჰავისთვის შესაფერისი ჯიშები გამოიყვანა. მან პირველმა შექმნა კულტურული სახის კურკოვანი ჯიშები: შავი თათრული ბალი, დროგანა, ფრანგული ქლიავი და რენკლოდი. მის მეურნეობაში აკლიმატიზებული ატმები საუკეთესო გორული ჯიშის ატმებს უტოლდებოდა. გიორგი თაქთაქიშვილი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჯერ გააკულაკეს, ხოლო შემდეგ კვლავ დაუბრუნეს მამული. იგი თბილისის საგარეუბნო მეურნეობათა მრჩეველ–აგრონომად დაინიშნა. მან თავისი მდიდარი გამოცდილების საფუძველზე სამაგალითოდ მოაწყო სოღანლუღის, საგურამოსა და არტელ "მუზიანის" მეურნეობები. გიორგის მუშაობით დაინტერესებულმა გლეხობამ ხეხილის დარგვას ენერგიულად მოჰკიდა ხელი. გაზეთი "მუშა" წერდა: " გიორგი თაქთაქიშვილს ბორჯომის თემის გლეხობაში დიდი ნდობა და პატივისცემა აქვს დამსახურებული. ეს აიხსნება იმით, რომ იგი ჭირში და ლხინში გლეხებთანაა, მათთან ერთად მუშაობს სოფლის საკეთილდღეოდ." ბორჯომის რაიონში თაქთაქიშვილის წყალობით მეხილეობის განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ხეხილის სანერგეების მოწყობის საკითხი. საქართველოს სსრ მეხილეობა–მებოსტნეობის სამმართველომ სანამყენე მასალის მისაღებად სანერგეები თაქთაქიშვილის მეურნეობას მიამაგრა. გიორგი თაქთაქიშვილი თავის მეურნეობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ხეხილის ბაღების განოყიერებას აქცევდა, ატარებდა აგროღონისძიებებს. თაქთაქიშვილის მიერ ჩატარებული ხანგრძლივი სელექციის შედეგად მიღებული იყო ხახვის, კომბოსტოსა და პამიდორის ახალი ჯიშები. მის მიერ გამოყვანილ პამიდვრის ჯიშს "მუზარადს" ჭოპორტული პამიდვრის სახელით იცნობენ ჩვენთან. აღსანიშნავია ნესვისა და საზამთროს საუკეთესო ჯიშები, რომლებიც ადრე არასდროს არ ხარობდა ბორჯომის ხეობაში. ცნობილია მის მიერ გამოყვანილი გოგრა "თაქთაქიშვილი", რომელსაც ავტორის მოხდენილი ხუმრობით დედა ესპანელი ჰყავს, მამა ფრანგი და შვილი ქართველი. თაქთაქიშვილი დიდ ყურადღებას აქცევდა პროდუქციის ხარისხსა და გემოს, შაქრიანობასა და სიმჟავეს. ამ მიზნით იგი თბილისის სანიტარულ–ჰიგიენური ინსტიტუტის ლაბორატორიაში სისტემატურად აგზავნიდა ხილს ზუსტი ანალიზისთვის. გიორგი თაქთაქიშვილის მეურნეობის პროდუქცია წარდგენილი იყო სასოფლო–სამეურნეო გამოფენებზე გორში, ბორჯომსა და თბილისში. ამ გამოფენებზე თაქთაქიშვილის მიერ წარდგენილი ხილი და ბოსტნეული მაღალ შეფასებას იმსახურებდა. მამა–შვილ გიორგი და მიხეილ თაქთაქიშვილებს საქართველოს გარეთაც იცნობდნენ. საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე აღტაცებულნი იყვნენ თაქთაქიშვილის მიერ გამოყვანილი ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშებით. იგი უამრავ წერილს ღებულობდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან და პასუხად სოფელ რველიდან აგზავნიდა თესლებითა და სანამყენე მასალით ამანათებს. დიდია გიორგი თაქთაქიშვილის ღვაწლი საქართველოში მეხილეობისა და მებოსტნეობის განვითარების საქმეში. იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამუდმებით ეხმარებოდა კოლმეურნეობებსა და სასოფლო–სამეურნეო მეურნეობებს რჩევა–დარიგებებით, საკუთარი გამოყვანილი ნერგებითა და ბოსტნეულის თესლებით. გარდა პროფესიული საქმიანობისა გიორგი თაქთაქიშვილი მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. 1906 წლიდან იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1910–1917 წლებში საზოგადოების ბორჯომის რაიონული განყოფილების წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მის საქმიანობაში. აგრონომი, სელექციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.271 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |