The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ თურმანიძე

ოთარ თურმანიძე
Date of birth:15 November, 1934  (90 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაიბადების ადგილი: სოფელი სამოლეთი, ხულოს (ამჟამად შუახევის) რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს. 

1957–1960წწ. მუშაობდა შუახევის რაიონის წაბლანისა და უჩამბის საშუალო სკოლებში ისტორიისა და გერმანული ენის მასწავლებლად; 1960-1972წწ. შუახევის რაიონის ცინარეთის სკოლის დირექტორია; 1972 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი "კაპიტალიზმის განვითარება აჭარის სოფლის მეურნეობაში (1878–1920 წწ.)" და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; ამავე წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1991 წლიდან მიჰყავდა საქართველოს ისტორიის სალექციო კურსი, 1972 წლიდან პარალელურად მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმისა დ ფოთის ფაკულტეტებზე; 1974 წელს დანიშნეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად; 1975 წელს აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო 1977 წელს მიანიჭეს დოცენტის წოდება; იგი წლების განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს პოლიტიკურ დისციპლინებსა და საქართველოს ისტორიაში; 1988 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემზე: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ომის შემდგომ პერიოდში (1965–1965 წწ.)"; 1990 წელს აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფაკულტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პროფესორის თანამდებობაზე; 1991 წელს მიანიჭეს პროფესორის სამეცნიერო წოდება; 1990–2006წწ. ხელმძღვანელობდა ბათუმის პოლიტიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას; 1993–2009 წლებში პარალელურად იყო სამედიცინო–ეკოლოგიური ინსტიტუტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის გამგე; მისი ინიციატივით შეიქმნა ახალი სპეციალობები: სახელმწიფო მართვის თეორია და პრაქტიკა, საერთაშორისო და რეგიონული კონფლიქტები, მთარგმნელ–რეფერენტი; მან სამეცნიერო წრეებში შემოიტანა მოსკოვის, სანკტ–პეტერბურგის (ლენინგრადის), თბილისის, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ არქივებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დაცული ახალი, მანამდე უცნობი საარქივო წყაროები და დოკუმენტური მასალა; მის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა სოციალურ–ეკონომიკური ხასიათის მონოგრაფიები და სტატიები. მან ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური ისტორიის კვლევის მიმართულებას. საბჭოთა ხელისუფლების დროს გამოქვეყნებულ ნაშრომებში, კონიუნქტურის გავლენის მიუხედავად, სიღრმისეულადაა შესწავლილი აჭარის სოფლის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა 1878–1920 წლებში: სავაჭრო მიწათმოქმედების განვითარება, გლეხთა მდგომარეობა და სოციალური მოძრაობა; 2001 წელს ოთარ თურმანიძემ გამოსცა წიგნი "საადგილმამულო ურთიერთობანი სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში ოსმალთა ბატონობის ხანაში". ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებული ოსმალური დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე შესწავლილია მიწისმფლობელობა–მიწათსარგებლობის ოსმალური ფორმები, დადგენილია მიწის მესაკუთრეთა კატეგორიები, დახასიათებულია ოსმალური საგადასახადო სისტემა, ნაჩვენებია ეროვნულ–განმათავისუფლებელი და სოციალურ–ეკონომიკური მოძრაობა; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს 1878–1928 წლების საადგილმამულო ურთიერთობის, აგრარული მოძრაობისა და სოფლის მეურნეობის ისტორიის შესწავლაში; იკვლევს აჭარის პოლიტიკური და კულტურის ისტორიის საკითხებს. მან განავითარა ორიგინალური შეხედულება აჭარის ავტონომიის შექმნის მართლზომიერებისა და სამართლებრივი სტატუსის შესახებ; მის შრომებში დახასიათებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემა, გაშუქებულია მასობრივი რეპრესიები და სხვა აქტუალური საკითხები. მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების შესახებ 1997 წლიდან მუშაობს და 4 სამეცნიერო ნაშრომი და ათობით საგაზეთო სტატია აქვს დასტამბულ; გაზეთი "აჭარა" 2014 წლის აგვისტოდან პერიოდულად აქვეყნებს მის წერილებს 1937–1938 წლებში პოლიტიკურ რეპრესირებულთა შესახებ; არის სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების მესამე და მეოთხე ტომების ერთ–ერთი წამყვანი ავტორი; მისი რედაქტორობით 2012 წელს გამოვიდა სამხრეთ–დასავლეთ ისტორიის ნარკვევების მეოთხე ტომი. არის არაერთი ნაშრომის რეცენზენტი და რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიისა და სარედაქციო–საგამომცემლო საბჭოს წევრი. 

წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ნიკო ბერძენიშვილი ინსტიტუტი: bsu.ge

Bibliography


Share: