Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრიას იოჰან შეგრენი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ნიულანდის გუბ., ფინეთი. ფილოლოგი და ეთნოგრაფი. წარმოშობით შვედი, 1844 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ფინური და კავკასიური ფილოლოგიის და ეთნოგრაფიის დარგში. დაამთავრა აბოს (ახლ. ტურკუს) უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა ძველ და ახალ კლასიკურ ენებს. რასმუს რასკის რჩევით მან ხელი მოჰკიდა ჩუდური (ფინური მოდგმის) ენების შესწავლას, 1818 წელს გადასახლდა პეტერბურგში. შეგრენმა 1835-1838წწ. კავკასიაში იმოგზაურა, ორჯერ იყო თბილისში. ჩუდური ენების შესწავლამ მეცნიერი მიიყვანა იმ დასკვნამდე რომ ამ ენებს სიახლოვე აქვთ თურქული ჯგუფის ენებთან, რომლებთან შეხების სამხრეთის საზღვარი კავკასიაზე გადიოდა. ალბათ, ამან განაპირობა მეცნიერის დაინტერესება ქართულით. კერძოდ როდის დაიწყო მან ქართულის შესწავლა, უცნობია, მაგრამ პეტერბურგიდან კავკასიაში გამომგზავრების წინ ელემენტარულ კურსს დაუფლებული უნდა ყოფილიყო. მოგზაურობის დროინდელი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსაზღვრედ ჩრდილოეთ ოსებს, რომლებიც მას მეგზურობდნენ და რომელთა ენაც იმ დროს ჯერ კიდევ არ იცოდა, იგი ქართულად აგებინებდა. თბილისში იგი პირველად 1835 წლის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო. აქ დიდხანს არ დარჩენილა, გიმნაზიის მასწავლებლის ზ. ყორღანოვის დახმარებით ქართულში მეცადინეობდა. მეორედ მან ფეხით გადმოლახა მამისონის გადმოსასვლელი და რაჭის გზით ქუთაისს ჩავიდა, რათა გელათის ქართულ ხელნაწერებს გასცნობოდა. ქუთაისიდან გორზე გამოვლით (გზადაგზა კვლავ ქართულ ხელნაწერებს ეძიებდა) ისევ ჩამოვიდა თბილისში და ამჯერად მთელი თვე დაყო. სწორედ ამ დროს გაიცნო მან პ. იოსელიანი, რომელსაც ურჩია, დაეწყო საქართველოს ისტორიული, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკისა და სხვ. შესწავლა. მათი ურთიერთობა და მიმოწერა შეგრენის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. მან ბროსესგან დამოუკიდებლად დაადგინა, რომ ი. კლაპროთის ცნობები ქართული ენის შესახებ ნაკლებ სანდო იყო, ფრანგულ-ქართული და ქართულ-ფრანგული ლექსიკონები კი - შეცდომებით სავსე. კავკასიიდან დაბრუნების შემდეგ, 1838 წელს იგი აქვეყნებს "ლიტერატურულ ცნობებს" პეტერბურგის გერმანულენოვან გაზეთში (N97). წერილი ძირითდად მ. ბროსეს ქართულ გრამატიკებს ეხებოდა, მაგრამ შესავალ ნაწილში მოცემული იყო მთელი ქართული საგრამატიკო ლიტერატურის მიმოხილვა: ავტორი იცნობს ანტონის, დავით და იოანე ბაგრატიონების, გაიოზის, იოანე ქართველიშვილის (მასთან ეს გრამატიკა იესე ჩუბინაშვილს მიეწერება) და ს. დოდაშვილის გრამატიკებს, რომელთაც მოკლედ, მაგრამ საქმის ცოდნით აანალიზებს. ამდენად, მისი ეს წერილი ქართული გრამატიკული აზრის შესწავლია იტორიის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.542
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |