The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ჭილაძე

Date of birth:1776
Date of death:1828  (at 52 years)
Category:Public official, Translator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოზდოკი.

იმერეთიდან მოზდოკში გადასახლებული ჭილაძეების წარმომადგენელი. 1795-1800წწ. მუშაობდა მოზდოკის ზემო სასაზღვრო სასამართლოში. 1801 წელს რუსეთში გასახლებულ ქართველ ბატონიშვილებს გააყოლეს "პრისტავად" და თარჯიმნად. იმავე წელს პეტერბურგში მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა კოლეგიაში მთარგმნელად. 1806 წელს დაინიშნა საქართველოს უმაღლესი მთავრობის მრჩევლად სასამართლოსა და განჩინების ექსპედიციაში. 1809-1811წწ. იყო ექსპედიციის უფროსი. 1811 წელს გაათავისუფლეს სპარსეთში ალექსანდრე ბატონიშვილთან გაქცეული თავად ი. მაჩაბლის დანაშაულის ლმობიერად განხილვისა და მსუბუქი განაჩენის გამოტანი გამო. 1812-1814წწ. პეტერბურგში ცხოვრობდა. 1814 წლის დეკემბერში დაინიშნა სინოდის საქართველო-იმერეთის ახალგახსნილ კანტორაში პროკურორად და საქართველოში დაბრუნდა. ამ პოსტზე მუშაობდა გარდაცვალებამდე და იღვწოდა საქართველოს ავტოკეფალიადაკარგული ეკლესიის ცხოვრებაში რეფორმების გასატარებლად. 1822 წელს დანიშნეს ვახტანგ VI-ის კანონების რუსულად თარგმნის კომისიის წევრად. ქართული და რუსული ენების ჩინებული მცოდნე, სინოდის კანტორაში მუშაობის დაწყებამდე ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით მოღვაწეობას როგორც რუსულიდან ქართულ, ისე ქართულიდან რუსულ ენაზე. მისი თარგმანებიდან აღსანიშნავია: "პეტრე პირველის საზოგადო რეგლამენტი ანუ წესდება" (1803), "სჯულდებანი რუსეთის საიმპერიოსანი" (1804), ს. პუფენდორფის "რაი არნ თანამდებობანი კაცისა და მოქალაქისანი", დ. პრეისლერის  "მხაზველობითი ხელოვნების კანონი", ვახტანგ VI-ის კანონების რუსული თარგმანი, რომელსაც "გულმოდგინე და ხანგრძლივი შრომა დასჭირვებია" (დღეისათვის დაკარგულად ითვლება). 1812-1814წწ. იოანე ბატონიშვილის დავალებით მან თარგმნა უნიკალური ნაშრომი - რუსეთის აკადემიის ლექსიკონის 6-ტომეული, რითაც ქართულ მწერლობას შესძინა 2 გამორჩეული ლექსიკონი: რუსულ-ქართული (=40 000 სიტყვა) და საბუნებისმეტყველო განმარტებითი (2 500-მდე ტერმინი). ეს ლექსიკონები თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში მიეწერებოდა იოანე ბატონიშვილს და მხოლოდ 1984 წელს სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში მიკვლეულმა მასალებმა ცხადყო, რომ მისი შემოქმედია ვასილ ჭილაძე და არა იოანე ბატონიშვილი (რაც გაზიარებულია სამეცნიერო წრეებში). ლექსიკონები (განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო) გამოირჩევა განმარტებების სიზუსტითა და სინონიმების სიუხვით. ენა განმარტებებისა ძველი და ახალი ქართულის თავისებური ნაზავია, ახასიათებს სწორი გრამატიკული ფორმები, მარტივი სინტაქსი და მრავალფეროვანი ლექსიკა. იშვიათია უსწორო, დიალექტური და სასაუბრო მეტყველებისათვის დამახასიათებელი ფორმების გამოყენება. მისი სხვა თარგმანები ძირითადად "მაღალ ფრაზაზეა" გამართული, ახასიათებთ არქაიზებული ენა ხელოვნურად გართულებული სინტაქსით. მიუხედავად იმისა, რომ იგი კარგად ფლობდა ქართული ენის გრამატიკას, აქა-იქ თავს იჩენს ფსევდოარქაული და ხელოვნური სიტყვაწარმოების ფორმებიც, რაც ანტონის სკოლის გავლენას უნდა მიეწეროს. განსაკუთრებული ხელოვნურობითა და აღზევებული სტილით გამოირჩევა მისი მიძღვნები, რომელთა ადრესატიც იოანე ბატონიშვილია. მთარგმნელი, საეკლესიო მოღვაწე.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.586


Share: