The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პროკოფი აბულაძე

პროკოფი აბულაძე
სხვა სახელი:რეო ამონი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1931  (33 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ნიცის სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:პოეტი, სამხედრო პირი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1918 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტში, მაგრამ 1919 წლის სექტემბერში, როგორც კი გამოცხადდა პირველი ქართული სამხედრო (იუნკრების) სკოლის დაფუძნების შესახებ, უნივერსიტეტი დატოვა და ახალდაარსებულ სასწავლებელში ჩაეწერა. 1920-1921 წლებში პროკოფი აბულაძემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ წარმოებულ იუნკერთა სკოლის ყველა საბრძოლო ოპერაციაში. იბრძოდა 1920 წლის რუსეთ-საქართველოს პირველ ომში, სხვა იუნკრებთან ერთად მონაწილეობდა 1921 წლის თებერვლის კოჯორი-ტაბახმელას ბრძოლებში. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის გაზაფხულზე, თბილისის სამხედრო სკოლის იუნკრებმა დატოვეს სამშობლო. ქართველი ემიგრანტები თავდაპირველად ოსმალეთში გაჩერდნენ, კერძოდ, კონსტანტინოპოლში. აქედან იუნკერთა ნაწილი, მათ შორის პროკოფი აბულაძეც, საბერძნეთის სამხედრო სასწავლებელში გაამწესეს. საბერძნეთში ყოფნის პერიოდში ქართველმა იუნკრებმა, 1922 წელს ქალაქ ათენში გამოსცეს ჟურნალი "ატროკებული ტვინი", ლადო მახარაძის რედაქტორობით (გამოვიდა სულ სამი ნომერი). 1923 წლის დასაწყისში მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ, რომელიც იმხანად პოლონეთის ეროვნულ არმიას ("არმია კრაიოვა") ედგა სათავეში, ქართველ სამხედროებს შესთავაზა პოლონეთში დამკვიდრებულიყვნენ. ქართველი იუნკრებისთვის პოლონეთი მეორე სამშობლოდ იქცა. პროკოფი აბულაძეც მოეწყო იქაურ სამხედრო სასწავლებელში, მაგრამ 1924 წელს თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ვარშავის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1926 წელს მისი რედაქტორობით ვარშავაში გამოიცა ჟურნალი "მთვარიდა", რომელიც ხელით იყო ნაბეჭდი და ამიტომ სულ ერთი ცალი გამოვიდა. 1928 წელს პროკოფი აბულაძე საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც მისი მონაწილეობით დაარსდა "ქართველ იუნკერთა კავშირი". 1928 წლის ნოემბერში მან გამოსცა ამ კავშირის ბეჭდვითი ორგანო – "მტკვარი", მაგრამ ჟურნალმა პირველსავე ნომერზე შეწყვიტა არსებობა. 1929 წლის ივნისში "ქართველ იუნკერთა კავშირმა" პროკოფი აბულაძის რედაქტორობით უკვე მიიღო თავისი ახალი ორგანო – ჟურნალი "მხედარი". პროკოფი აბულაძე "მხედარის" პირველ ათ ნომერს რედაქტორობდა. ამათგან მხოლოდ პირველ ნომერშია დაბეჭდილი მისი ორი ლექსი: "გზაზე" და "სიმღერა" რეო ამონის ფსევდონიმით. ამას გარდა, პარიზში გამომავალ ჟურნალ "კავკასიონის" რამდენიმე ნომერშიც გამოქვეყნდა მისი ლექსები. 1931 წლის 22 სექტემბერს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა ქალაქ ნიცას საავადმყოფოში. 

წყარო: სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე / მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე.-თბ.,2018.-გვ.145 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: